„ვეფხისტყაოსანი“ ხელიდან-ხელში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯიხანჯურში საშუალო სკოლა 1987 წლიდან მოქმედებს. დაარსების დღიდან, სკოლას სპეციალობით მათემატიკოსი მიხეილ ხალვაში ხელმძღვანელობს. მისი ინიციატივითა და აჭარის მთავრობის თანადგომით, სკოლის შენობა თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისად შეკეთდა. ამჟამად სკოლაში 300-მდე მოსწავლეა, რომელთა აღზრდას 38 პედაგოგი ემსახურება. მათგან მხოლოდ სამია სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის გარეშე. პოეტმა, აბუსერისძე ტბელის მუნიციპალური პრემიის ლაურეატმა გულიკო გაბაიძემ, მის მიერ ორგანიზებული პროექტის – „ვეფხისტყაოსანი ხელიდან-ხელში“ მორიგი აქციის ჩატარება აქ ისურვა.
მიხეილი პედაგოგის საპატიო საქმეს, აქტიური ხელმძღვანელის პოზიციას ლექსების წერასაც უხამებს. იგი პოეტური კრებულების: „გზა“ და „რაც მიფიქრია“ ავტორია.

სკოლის პედაგოგები: გიული ვერულიძე, მანანა მუშარბაძე, ნაზი ტაკიძე, ნანა კონცელიძე 25 მოსწავლესთან ერთად ჩართული იყვნენ „ვეფხისტყაოსნის“ კითხვაში. თითოეული მოსწავლე შოთა რუსთაველის უკვდავი პოემიდან 3-5 სტროფს კითხულობდა. მათ აქციის ორგანიზატორმა, ა(ა)იპ „მწიგნობარის“ დირექტორმა მანანა წულუკიძემ, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძემ და ბიზნესმენმა, „საპატიო ბათუმელმა“ , „საპატიო შუახეველმა“ ტარიელ ქარცივაძემ საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს, რომლებიც ტარიელ ქარცივაძემ შეუძინათ.
ღონისძიების მეორე ნაწილი სკოლის დირექტორის, პოეტური კრებულების – „გზა“ და „რაც მიფიქრია“ ავტორის მიხეილ ხალვაშის შემოქმედებას დაეთმო. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრის ნამოღვაწარზე სკოლის პედაგოგებმა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ჯემალ სურმანიძემ, ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილმა ისაუბრეს. ჯემალ სურმანიძემ, სამინისტროს სახელით, მიხეილს მადლობის ბარათი გადასცა მრავალწლიანი მუშაობისა და შემოქმედებითი საქმიანობის აღსანიშნავად.

მოსწავლეებმა წაიკითხეს მიხეილის ლექსები. 70 წელს გადაცილებულმა დირექტორმა და პოეტმა ორივე ღონისძების ორგანიზატორებს, საპატიო სტუმრებს, მოსწავლეებს, დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა, წაიკითხა ლექსები, დამსწრეთ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ოთარ ცინარიძე