ვიკა ფილფანის მწვავე განცხადება – პარლამენტში
By

ვიკა ფილფანის მწვავე განცხადება – პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვიკა ფილფანმა მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა.
დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაღაროელების მდგომარეობაზე და შუქრუთის მაღაროში გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს მიუსამძიმრა. მისი თქმით, მაღაროელები რთულ პირობებში მუშაობენ და ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, რაც სოციალური დაძაბულობის ზრდას იწვევს.
ფილფანმა ასევე ისაუბრა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არაერთხელ გაიმართა აქციები, სადაც მშობლები შვილებისთვის საჭირო წამლების მიღებას ითხოვდნენ. მისი თქმით, ეს მიუთითებს სერიოზულ პრობლემებზე ჯანდაცვის სფეროში.
მისივე განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, კომუნალურ სერვისებზე და ენერგორესურსებზე, რაც მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

„ვერ იპოვით ქვეყანას, სადაც დედებს ორჯერ მოუწიათ აქციების მოწყობა საკუთარი შვილებისთვის წამლის მოსაპოვებლად. გილოცავთ, ჩვენს ქვეყანაში ეს უკვე ორჯერ მოხდა, ორჯერ გამოვიდნენ სასოწარკვეთილი დედები ქუჩაში, პირველად აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები, სულ ახლახან კი დიუშენის სინდრომის სამკურნალო წამლის მოსათხოვად. განა რა შეიძლება იყოს ბავშვზე და მათ ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ არა თქვენთვის, ამ ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილობს, რადგან ბოლო 10 წელიწადში ამ ქვეყანაში არაფერი გაიაფებულა, პირიქით, გაძვირდა. გაძვირდა საკვები, წამალი, ექიმთან ვიზიტი, თქვენ გუშინ დენი გააძვირეთ 30% ით, გაძვირდა გაზიც და წყალიც; აქვე შეგახსენებთ, რომ გაზი, წყალი და დენი ამ ქვეყნის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ მიეწოდება. გაძვირდა საწვავი, გაძვირდა პირველადი მოხმარების ნივთები. ვერ დაასახელებთ ვერაფერს, რაც ამ ქვეყანაში გაიაფდა, გარდა ნარკოტიკისა, თუმცა თავს იწონებთ ეკონომიკური ზრდით, რომელიც რატომღაც, მხოლოდ თქვენივე მაღალჩინოსნების ჯიბეებზე აისახება. ხომ დაასრულა პროდუქტების ფასებზე კომისიამ მუშაობა. რა შედეგი დადეთ? ის, რომ დღეს უფრო ძვირია ყველაფერი, ვიდრე 3 თვის წინ. ახლა წამლების ჯერია, ამ ქვეყანაში ავად გახდომა ყველაზე დიდ სასჯელად იქცა, ახალგაზრდისთვისაც და პენსიონერისთვისაც. დღეიდან ღარიბების ყოფა კიდევ უფრო დამძიმდება რადგან ელ-ენერგიის საფასურიც 30 % ით გაუძვირეთ, თუმცა 60 -მდე ჰესი ააშენეთ ქვეყანაში საკუთარი ბიზნესმენებისთვის.“- განაცხადა დეპუტატმა.

ფილფანმა  ხელისუფლება ასევე გააკრიტიკა ეკოლოგიური და სოციალური პოლიტიკის, ეკომიგრანტების მდგომარეობისა და ახალგაზრდების მიმართ მიდგომების გამო. მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიუთითებს, რომ არსებული ხელისუფლება ვერ პასუხობს საზოგადოების ძირითად საჭიროებებს.
„ქართული ოცნება“ ვერ გახდება ეროვნული ხელისუფლება, რადგან ეროვნულ ხელისუფლებას პირველ რიგში საკუთარი მოქალაქის კეთილდღეობა აინტერესებს“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *