ვიკა ფილფანი: ხან აღიარებენ სასამრთლოს არსებობას, ხან არა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს როცა აწყობთ, მაშინ შეუძლიათ სასამართლოში სარჩელის შეტანა, როცა აწყობთ – არა. მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ აკრძალვის საფრთხე ყველაზე ნაკლებად ემუქრება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ეგ პარტია ფეხზე დამდგარიყო და ადამიანებისთვის ყოველდღიურად ზიანი მოეტანა“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა. მისი თქმით, სარჩელის შეტანაზე „სერიოზული შეფასება, უბრალოდ, არ გამოდის“.
„სასაცილოა, ამაზე რა შეიძლება თქვა? როცა აწყობთ, მაშინ შეუძლიათ სასამართლოში სარჩელის შეტანა, როცა აწყობთ არ შეუძლიათ. ხან აღიარებენ მის არსებობას, ხან არა. ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. „ნაცმოძრაობის“ ეს დამოკიდებულება არასერიოზულია, ამიტომ ამის სერიოზული შეფასება უბრალოდ არ გამოდის“, – განაცხადა ფილფანმა.
მისივე თქმით, საკუთარ თავზე არიან სრულად მორგებული, თავიდან ბოლომდე. ჰგონიათ, რომ სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს და ასე არ არის. სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობას“ რა ვიცი, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს. პრინციპში, მათ მიერ შექმნილი სასამართლოა და მათ მიერ შექმნილი „კლანი“ მართავს დღესაც ამ სასამართლოს, რომელიც წარმატებით ჰყავს გადაბირებული და გადაბარებული „ქართულ ოცნებას“. ვნახოთ, რა იქნება, რა შედეგს გამოიღებს. მე მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისედაც არავინ აკრძალავს. პირიქით, შეიძლება გააძლიერონ, როგორც აძლიერებდნენ ბოლო 12 წლის განმავლობაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ასაზრდოებს და ამ ორ ძალას ერთმანეთის გარეშე გადარჩენა უბრალოდ, არ შეუძლია. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გადარჩება, თუ არა რომელიმე პარტია ამ ქვეყანაში“.
ცნობისთვის: „ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების” მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს.
მანამდე, პარლამენტის 88 წევრმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პოლიტიკური პარტიის („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენისა და აკრძალვის საკითხზე მიმართა.