„ვინც ხალხისგან დისტანცირდება, ის საკუთარ თავს დააზარალებს! “
By

„ვინც ხალხისგან დისტანცირდება, ის საკუთარ თავს დააზარალებს! “

ქვეყანაში კვლავ გრძელდება მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, რასაც თან სდევს საერთაშორისო შეშფოთება, მოწოდებები და ვალდებულებები, რომელთა არშესრულების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ. თავის მხრივ, მმართველი პარტია აცხადებს, რომ დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ელიტა საქართველოს არ პატიობს მეორე ფრონტის არგახსნას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება და ოპოზიციის მიზანი შიდა დესტაბილიზაციაა, რასაც ცხადია, ადრესატები არ ეთანხმებიან… და მაინც, როგორია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პოლიტიკოსის თვალით? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი კახა მიქელაძე.

თავდაპირველად ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ვისაუბროთ, რა გზავნილები იკითხებ ამ მიმართებით?

– ცხადია, რეზოლუცია მნიშვნელოვანია, რადგან ის მოუწოდებს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და მასთან სათანამშრომლო ფორმატში შესვლის მსურველ ძალებს, გადაიფიქრონ პოლიტიკური სუიციდი. სასწორზე, გარდა უმთავრესი ღირებულებებისა, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგრადობის საკითხი დევს, რადგან თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდა, ეს კიდევ უფრო გააღატაკებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს.

სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია არაკომპეტენტურობის ნიმუშია და არ აპირებენ მის შესრულებას…

– დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ევროპელთა კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება ანეკდოტური წარმოშობის მავნებლურ განცხადებათა რიგს განეკუთვნება.

შიდა პოლიტიკაზეც ვისაუბროთ, ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე რას იტყვით?

– ყოველი მსგავსი გადაადგილება უშინაარსოა. მაგიდაზე ცარიელი ბოთლი დევს, რა მნიშვნელობა აქვს, „ბორჯომისაა“, „ლიკანის“ თუ „ნაბეღლავის“? შესაბამისად, ტყუილად ირჯებიან ისინი, ვინც ლოგიკურ საწყისს ეძებენ ანალოგიურ ცვლილებებში! არის მარიონეტული რეჟიმი, რომლის ჩამოშორებაა მიზანი!

აზრთა სხვადასხვაობაა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, რას ფიქრობთ?

– სანამ მოთხოვნები არ შესრულდება და არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი ადმინისტრაციითა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, სანამ იქნებიან პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, მანამ რა არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი?

სულ უფრო მძაფრდება კრიტიკა ოპოზიციურ სპექტრში, ვგულისხმობ თქვენს პარტიასა და ,,ლელოს“, რაც ექსპერტთა აზრით, ოპოზიციას აზარალებს…

– ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით: ა) ქვეყნის შიგნით ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გარდა, რაიმე სხვა არჩევნებში მონაწილეობის;
ბ) ქვეყნის გარეთ, ცივილურმა სამყარომ გაითვალისწინა ქართველი ხალხის პოზიცია და არ აღიარა ე. წ. ხელისუფლების ლეგიტიმურობა;
გ) ქვეყანა იმართება ჩვეულებრივი ტერორისტული მეთოდებით, გარდა სერიული სისტემური ძალადობისა, მძევლებად არიან აყვანილნი ჩვენი თანამებრძოლები, რომელთა გათავისუფლებაც პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებლად მიგვაჩნია! რაც შეეხება ოპოზიციის დაზარალებას, ასე ტრივიალურად არ დავსვამდი საკითხს, დღევანდელი მოცემულობით არის, ერთი მხრივ, ქართველი ხალხი და, მეორე მხრივ, რუსული რეჟიმი, ასე რომ, ვინც ხალხისგან დისტანცირდება, ის საკუთარ თავს დააზარალებს!

რამდენად რეალურია სამომავლოდ ლელო და გახარიას პარტია მესამე ძალად მოგვევლინოს?

– არა მგონია მართებული, ამაზე ვისაუბრო, მხოლოდ ერთს დავსძენ: ბევრჯერ სცადეს, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ძალების კონსოლიდაცია არ შემდგარიყო, თუმცა ვერ გამოუვიდა ვერავის. უბრალოდ, დროს ვკარგავთ, რომ საქართველო რუსეთის გავლენიდან გამოვიყვანოთ.

თქვენი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ აქვთ გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მასშტაბით ბოიკოტის და შემდეგ მძლავრი საპროტესტო აქციის ორგანიზება…

– ბოიკოტი, უპირველეს ყოვლისა, ფასეულობებისადმი ერთგულების აქტია. მას ყოველთვის აქვს გრძელვადიანი შედეგი, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება მოკლევადიან ჭრილში, ეს ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ქართველებს წარმატებული ბოიკოტის გამოცდილება გვაქვს, რასაც 1990 წლის 25 მარტის არჩევნების ჩაშლა და იმავე წლის 28 ოქტომბერს, პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება მოჰყვა. ასე რომ, ბოიკოტს სჭირდება საერთო ეროვნული კამპანია და ხალხის ერთად დგომა!

– არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე გკითხავთ, თუ აშშ-ის სენატმა მეგობარი აქტი მიიღო, ეს რისი მანიშნებელი იქნება?

– აშკარაა, რომ დასავლეთის სანქციები ეფექტურად მოქმედებს. „მეგობარი აქტი“ გააძლიერებს რეჟიმზე ზეწოლას და დააჩქარებს მის დამარცხებას. ეს ყველაფერი საერთო გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომელიც რუსეთის განდევნით დასრულდება!

– რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი რამდენად განსაზღვრვს საქართველოს მომავალს სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით?

– უკრაინის გამარჯვება რეალური ხდება, ირანი – ვნახეთ, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობათა დათბობა დასავლეთის მედიატორობით – სახეზეა, თურქეთის დამოკიდებულებაც ყველასთვის ცნობილია და აბა, სად არის რუსეთის ადგილი? არსად და მისი გაძევებით რეგიონში სტაბილური მშვიდობის ხანა დაისადგურებს.

დაბოლოს, უახლოეს მომავალში პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით ქვეყანაში?

– მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს. აგონიაში მყოფი ოლიგარქი თავისთვის ჩვეული ბანდიტური მეთოდებითა და უჩვეულო სისწრაფით ახდენს ხალხის ძარცვით ნაშოვნი ფულის ამოღებას პირადი მომავლის ორგანიზების მიზნით. თუმცა ძალიან მალე, ის და მისი გუნდის წევრები ერთად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე! გამარჯვებამდე ცოტა დარჩა, ძალიან ცოტა!

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ივლისი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *