19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
„ვისურვებდი, აჭარას მაღალი სტანდარტის ბიოპროდუქცია ეწარმოებინოს და გასულიყოს ევროპის, აშშ-ის ძვირად ღირებულ ბაზრებზე“
By

„ვისურვებდი, აჭარას მაღალი სტანდარტის ბიოპროდუქცია ეწარმოებინოს და გასულიყოს ევროპის, აშშ-ის ძვირად ღირებულ ბაზრებზე“

ცეცილი ირემაძე 27 48 93 –

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა დიდი როლი ენიჭება სოფლის მეურნეობას. დავდექით იმ გამოწვევის წინაშე, რომ ქვეყანამ თავად აწარმოოს პროდუქცია, რომლითაც საკუთარ მოსახლეობას დააპურებს.

რას გეგმავს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ამ სფეროში და როგორი იყო 2020 წელი სამინისტროსთვის, ამაზე იგი „აჭარასთან“ ინტერვიუში.

– ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია აჭარაში?

– დღეის მდგომარეობით, მიღებული, გადამუშავებული და დაბინავებულია 7 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება სტანდარტულს, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ექსპორტზე გავიდა 32 ათასი ტონა მანდარინი. ჯამურად, უკვე დაბინავებული გვაქვს 40 ათას ტონამდე ციტრუსოვანი პროდუქცია. პროცესი გრძელდება და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტის ჩაბარება-რეალიზაციას შევძლებთ კოორდინირებული მუშაობით.

– რამე სახის პრობლემა ხომ არ წამოიჭრა ჩაბარება-რეალიზაციის კუთხით?

– ჩვენ შევხვდით როგორც ექსპორტიორებს, ისე გადამამუშავებელი ქარხნის ხელმძღვანელობას. ყველამ აღნიშნა, რომ ჩაბარება-რეალიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპორტიორთა განცხადებით, ციტრუსის უცხოეთში გაგზავნა თებერვალშიც კი ხორციელდება. ცხადია, ეს დამოკიდებულია გარე ბაზრებზე. ორიოდ დღის წინ 400 ტონა ჩვენი ციტრუსი გავიდა უკრაინაში, სადაც მასზე დიდი მოთხოვნაა.

– ჩაკეტილი საზღვრების გამო ბევრს არ სჯეროდა, რომ უცხოეთში ციტრუსის გატანას შეძლებდით.

– დიახ, ეს სათუოდ მიაჩნდათ, მაგრამ ჩვენ შევასრულეთ დანაპირები და სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ წელს, შარშან ამ დროსთან შედარებით, სამი ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული. ყველაფერი ეს შევძელით კერძო სექტორთან კოორდინირებული მუშაობით. ყველა რესურსი გამოვიყენეთ როგორც პირად, ისე სამთავრობო დონეზე, რათა ხელი არ შეშლოდათ ჩვენს ფერმერებს არსებული პროდუქციის რეალიზაციაში. თან ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ შარშანდელი ყინვების გამო, შედარებით ნაკლებია ციტრუსის მოსავალი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც არის, ნამდვილად მაღალი ხარისხისაა, რაც, ისევ და ისევ, სამინისტროს მიერ ამოქმედებული ექსტენციის პროგრამის უშუალო დამსახურებაა.

– თუ გაქვთ სათანადო დაფინანსება? როგორც ვიცით, სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა გადატანილი აქცენტი.

– ბიუჯეტი თითქმის იგივე დაგვრჩა, პროგრამებიც დაფინანსდება. გაგრძელდება ხვნა-თესვის პროგრამაც, რომელიც ფორსმაჟორულ ვითარებაში შემუშავდა, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. მაშინ კორონავირუსი ახალდაწყებული იყო და მთავრობა შეეცადა, ფერმერებისთვის არსებული მძიმე ვითარება შეემსუბუქებინა.

– რამდენით დაფინანსდა პროგრამა და რამდენი ამონაგები მოგვცა?

– დაახლოებით 360 ათასი ლარით დაფინანსდა და შემოდგომაზე რომ დავთვალეთ, ამონაგებმა, 4,5 მილიონ ლარს მიაღწია. დამუშავდა მიწები, რომელსაც იმ ვითარებაში მოსახლეობა ვერ დაამუშავებდა. ამის შედეგად ფერმერებმა შეძლეს დამატებითი დოვლათის მოწევა და პროდუქციის შიდა ბაზარზე რეალიზაცია. ეს ნამდვილად ეფექტური პროგრამა აღმოჩნდა და ისევ დაფინანსდება, რადგან კოვიდვითარება, სამწუხაროდ, ისევ გრძელდება. ახლა უკვე გავითვალისწინებთ იმ ხარვეზებს, რაც წინა წლის პროგრამას აღმოაჩნდა, კიდევ უფრო დავხვეწთ და დეტალურად დავგეგმავთ.

– მიწების დამუშავება ნამდვილად საჭიროა. სამომავლოდაც გააგრძელებთ? ვგულისხმობ, კოვიდის დამარცხების შემდეგ.

– პირადად მე, მიმაჩნია, რომ ეს პროგრამა თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს, არ იქნება გამართლებული საბიუჯეტო სასხსრების აქეთკენ მიმართვა და მიწების სრულიად უფასო დამუშავება. უბრალოდ, ახლა, ურთულეს პერიოდში, მთავრობამ გადაწყვიტა ამ კუთხითაც დახმარებოდა ფერმერებს, რათა რეგიონში შემოსულიყო დამატებითი პროდუქცია. თანაც, ჩვენ გვჭირდება ათწლეულობით დაუმუშავებელი ნიადაგების დახვნა-დაფარცხვა და მასზე მარცვლეულის – სიმინდის თუ სხვა კულტურების მოყვანა.

– კიდევ რომელ პროგრამას გამოარჩევდით?

– სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამაც წარმატებული აღმოჩნდა, რომელსაც ა(ა)იპი აგროსერვისცენტრი ახორციელებს. პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად, რომლის დროსაც ჭირდა დოკუმენტაციების დამუშავება, გაანალიზება და შეთანხმება სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან, მაინც შევძელით გასული წლის ბოლოს, 18 პროექტის დამტკიცება, დაფინანსება და ამუშავება. რამდენიმე პროექტის რეალიზაციას თავად დავესწარით, ვიყავით ადგილზე და გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. ტელევიზიითაც კი გადაიცა რეპორტაჟები ჩვენს მიერ დაფინანსებულ სამაცივრე მეურნეობებზე, ღვინის მარანზე, ჩირის საშრობ საწარმოსა და სხვ.

– მაინც რატომ გამოარჩიეთ ეს პროგრამა?

– ეს არის კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის ძალიან საინტერესო და ეფექტური მოდელი. იქმნება სამუშაო ადგილები, პარალელურად კი ბაზარზე ჩნდება ახალი პროდუქცია, რომელიც არსებულს კონკურენციას უწევს და საბოლოოდ, ფასებს დაბლა წევს. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო სრულიად ახალ პროგრამაზე – „საოჯახო მეურნეობების განვითარება“, რომელსაც სამინისტრო განახორციელებს, აქვე განვიხილავთ შემოსულ პროექტებს, კომისიური წესით შევარჩევთ, დავაფინანსებთ და მონიტორინგსაც გავუწევთ. ეს ხელს შეგვიწყობს რეგიონში ინტენსიური ბაღების გაშენებასა და თანამედროვე სტანდარტების საოჯახო მეურნეობების აწყობაში.

– მელიორაციის პროგრამაზე რას გვეტყვით?

– ეს პროგრამაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლებისა და ფერმერებისთვის. უკვე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა 2020 წელს ამ მიმართულებით და ამდენივე, ცოტა მეტიც კი, დაიხარჯება წელს. დაახლოებით 78 კმ წყლის სარწყავი სისტემები გამოიცვლება და გარემონტდება, რასაც გამოიყენებენ როგორც სარწყავად, ისე საოჯახო პირობებში. თითქმის 30 წლის განმავლობაში საერთოდ არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ახლა დავიწყეთ და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

– შეზღუდვების ფონზე როგორ ხორციელდება ექსტენციის პროგრამა?

– ამ პროგრამაში დირექტივები შევიტანეთ და გადავედით ფერმერების დისტანციურ სწავლებაზე. ექსტენციონისტებს ევალებათ ვიდეოგაკვეთილის მომზადება, თითოეულს – 15-20. სამინისტრო უზრუნველყოფს მათ ჩაწერას, მონტაჟს და ინტერნეტში ატვირთვა-გავრცელებას. ექსტენციონისტის გაკვეთილი უნდა გამოდგეს როგორც საველე პირობებში ჩასატარებლად, ისე ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად. ეს მეთოდი დაფარვის მეტ ზონას მოიცავს და მეტ ფერმერს დააკვალიანებს, ასევე, ვიდეოგაკვეთილი არ არის შეზღუდული დროში – როდესაც დასჭირდებათ, მაშინ ნახავენ, თან ქვეყანას დარჩება სპეციალისტების მიერ შემუშავებული თეორიული ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში განსახორციელებლადაა მზად. აქ არის ასახული ის მიმართულებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ფერმერებს საკუთარი მეურნეობების სწორად ჩამოყალიბება-მოწყობაში და ბაზარზე ნამეტი პროდუქტის გატანაში.

– როგორ ჩაიარა თხილის სეზონმა?

– ექსპორტის ციფრებს და აგრონომების შეფასებებს თუ დავეყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, თხილის სეზონმა წარმატებით ჩაიარა. ფაროსანასთან მასშტაბურმა ბრძოლამ თავისი შედეგი აშკარად გამოიღო. არა მხოლოდ თხილი, არამედ ციტრუსიც ხარისხიანია. ამას ფერმერებიც აღნიშნავენ, რადგან აქვთ ხელშესახები შედეგები. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ წლის ბოლოს ფერმერებს დაურიგდათ 500 ერთეული შესაწამლი აპარატი. თუ ამას დავუმატებთ მანამდე გაცემულსაც, ჯამში, დარიგდა 4500 დიდი დიაპაზონის დანადგარი, რამაც თავის მხრივ, ძალიან შეუწყო ხელი მავნებლებთან ბრძოლას.

– ნერგებიც გაეცით?

– როგორ არა, ასობით ჩხავერის, ცოლიკაურის, ჩანდლერის კაკლის, მოცვის თუ სხვა ნერგი გადავეცით ფერმერთა მეურნეობებს. დიდი საქმე გაკეთდა 2020 წელს, იმის მიუხედავად, რომ კოვიდვითარების გამო ცოტა არეულობა იყო. ახლაც გვინდა წარმატებულად განვახორციელოთ ახალი პროგრამები, მხარში დავუდგეთ ფერმერებს, განვავითაროთ კერძო მეურნეობები.

– მეხორცეობა-მესაქონლეობის განვითარებაზე რას გვეტყოდით?

– ეს პროგრამაც მოქმედებს. სამინისტრო ახდენს სასაკლაოების სუბსიდირებას, რითაც უზრუნველყოფს საქონლის სურსათის უვნებლობის სააგენტოს სტანდარტების გათვალისწინებით დაკვლას. რაც შეეხება საქონლის და ფრინველის ფერმებს, თანადაფინანსებით ვეხმარებით კერძო ობიექტებს. ახალ პროექტებსაც ვაფინანსებთ, რომლის წარმოდგენაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც აფინანსებს მსხვილ პროექტებს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ თბილისსაც. იქ უფრო მეტია დაფინანსებაც და გასაქანიც. მთავარია იდეა, ხორცშესხმაში კი ჩვენ დავეხმარებით. სოფლის მეურნეობის საბჭოთა მოდელი კარგა ხანია აღარ არსებობს და არც არაფერში გამოგვადგება. დადგა ინდივიდუალიზმის და კონკრეტული იდეის განვითარების დრო. მიხარია, რომ ამ მიმართულებითაც წარმატებულები ვართ.

– როგორც ახალი მინისტრი, რომელ ახალ პროგრამას სთავაზობთ მოსახლეობას?

– ახალია „სოფლად საოჯახო მეურნეობების განვითარება“, რადგან ცალკე, პროგრამის სახით არ გვქონია. ადრე ტენდერებით ვყიდულობდით სხვადასხვა სახის დანადგარს, აპარატს და ვურიგებდით მოსახლეობას, ახლა კი ავამოქმედებთ სოჯახო მეურნეობების განსავითარებელ პროგრამას, რომლის მიხედვითაც შევძლებთ როგორც მონიტორინგს, ისე ციფრების დათვლას, თუ კონკრეტულად რამდენი საოჯახო მეურნეობა ჩამოყალიბდა, რა სახის და რამდენი პროდუქციის გატანა შეძლეს ამის შედეგად ადგილობრივ ბაზარზე. ხელშესახები ფაქტები გვექნება პროგრამის სამომავლო დაგეგმარებისთვის. გვეცოდინება, რა გველის ერთ წელიწადში და როგორ ამოქმედდება სოფელი უკვე 4-5 წლის შემდეგ. კერძო მეურნეობები ხომ სრულად განსაზღვრავს მოსახლეობის ერთიან კეთილდღეობას. იმედი მაქვს, რეგიონის ფერმერები თანდათან ჩაერთვებიან და საბოლოო ჯამში, მივიღებთ დახვეწილ პროგრამას. ეს შემიძლია დავასახელო სიახლედ.

ამ პოსტზე რომ დავინიშნე, ბიუჯეტი უკვე ფორმირებული იყო. როგორც მინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას, წარმატებულად განვახორციელო სამინისტროს ყველა პროგრამა.

– რას ისურვებდით საახალწლოდ?

– ვისურვებდი, აჭარას მაღალი სტანდარტის ბიოპროდუქცია ეწარმოებინოს და გასულიყოს ევროპის, აშშ-ის ძვირად ღირებულ ბაზრებზე.

  • No Comments
  • იანვარი 6, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *