„ვისურვებდი, იმ ადამიანებთან მოხვდეს წიგნი, რომლებიც გულით ხედავენ და არა მხოლოდ თვალებით“
ახალგაზრდა მწერალი მარიამ ხელაშვილი ის ადამიანია, რომლისთვისაც სიტყვა არა მხოლოდ გამოხატვის, არამედ სიცოცხლის ფორმაა. მის ტექსტებში იკითხება შინაგანი ბრძოლა და სინათლის ძიება, ხოლო თითოეული სტრიქონი გულიდან მოდის. სწორედ ამ განცდებზე, პირველ ნაბიჯებსა და შემოქმედებით გზაზე გვესაუბრება მარიამი, რომელიც 21 წლის ასაკში უკვე თავისი რომანით – „დანიშნულება“, მკითხველის ყურადღების ცენტრში მოექცა.
– როგორ წარუდგენთ საკუთარ თავს მკითხველს?
– ვფიქრობ, მკითხველმა თავად უნდა წარმომაჩინოს. მინდა სწორედ ისეთ მკითხველებს ჩაუვარდეთ წიგნი ხელში, ღრმად რომ ჩასწვდებიან ჩემს განცდებსა და ხედვებს, რომლებიც წიგნში უმეტესწილად წარმოვაჩინე.
– თქვენი პირველი ნაწერი?
– წერა ექვსი წლის ასაკიდან დავიწყე, პირველად ლექსებს ვწერდი. 13 წლიდან დავიწყე მოთხრობების წერა, ამიტომ რომანი „დანიშნულება“ ჩემს პირველ ნაწერად ვერ ჩაითვლება, თუმცა ნამდვილად არის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი პროზაულ ჟანრში. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს წერა. ბებო ფილოლოგი მყავს, ისიც წერს და მან შემაყვარა, გარკვეულწილად. შემდეგ თავად ვცდილობდი, მომეძებნა თითოეული სიტყვისთვის რითმა. როცა მივხვდი, რომ შემეძლო, დღე არ გადიოდა ფურცლისა და კალმის გარეშე.
– როდის გააცნობიერეთ, რომ მწერალი უნდა გამხდარიყავით?
– 14 წლის ვიყავი, როცა ამ თემაზე სერიოზულად დავფიქრდი. ყოველთვის წარმოვიდგენდი, როგორ ვესაუბრებოდი ადამიანებს საკუთარ შემოქმედებაზე. ეს განცდები ძალიან ღრმა და ცოცხალი გახლდათ, იმდენად, რომ დარწმუნებული ვიყავი, აუცილებლად დადგებოდა ეს დღე.

– თქვენი რომანი ,,დანიშნულება“ რას უყვება მკითხველს და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წაკითხვა?
– რომანში არის ასეთი პასაჟი – ერთ-ერთი პერსონაჟი „მთვარის სონატას“ უკრავს და დასრულების შემდეგ ამბობს, რომ არა ამ კომპოზიციას, არამედ „ტკივილს, სევდას, დარდს, იმედგაცრუებას, ეჭვს, სინანულს“ – ყველაფერს ერთად უკრავდა. მე მხოლოდ ჭეშმარიტ მეგობრობასა და სიყვარულს, ადამიანურ შეგრძნებებსა და სითბოს დავუმატებდი ჩამონათვალს. აი, ამ ყველაფერზე უყვება წიგნი მკითხველს. როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი? რა ღირებულებები უნდა გააჩნდეს მას? – ამ კითხვებს ჩემი წიგნის პერსონაჟები თავიანთი შინაგანი ბუნებით პასუხობენ. ვფიქრობ, გარდატეხის ასაკში მეტად ღირებული იქნება მოზარდისთვის ამ წიგნის წაკითხვა, ასევე, მშობლისთვისაც. ბავშვები ყველაფერს გრძნობენ და ამათგან რასაც გვიყვებიან, ძალიან მწირია. შემდეგ ეს ჩახშული ემოციები დამახინჯებული ფორმით აგრძელებს მათში ცხოვრებას. ამიტომ ვფიქრობ, კარგ ადამიანად ფორმირებაში დიდი როლი აქვთ მშობლებს. ზოგმა შეიძლება არასაჭიროდ ჩათვალოს ჩემი რომანის წაკითხვა, ზოგმა – პირიქით. არჩევანში ყველა თავისუფალია. მე მხოლოდ ვისურვებდი, იმ ადამიანებთან მოხვდეს წიგნი, რომლებიც გულით ხედავენ და არა მხოლოდ თვალებით, რამეთუ „დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ.
მთავარი თვალისთვის უხილავია“.

– ერთგან წერთ: ,,წერის გარეშე არ არსებობს ჩემთვის სრულყოფილი ცხოვრება“… რა გაწუხებთ და რა გახარებთ ამ სამყაროში?
– მახარებს სულ მცირედი დეტალიც კი. ერთ კარგ და საინტერესო თემაზე საუბარს შეუძლია დადებით განწყობაზე დამაყენოს. ყველაფერი მახარებს, რაც ლამაზ ემოციას უკავშირდება. აი, წუხილით კი, ყველაზე მეტად ჭეშმარიტი ურთიერთობების გაციება და სულიერად გაღარიბებული ადამიანების ხილვა მაწუხებს. ხელოვანი ადამიანები მეტად ღრმად აღვიქვამთ ყველაფერს, დეტალებში ვხედავთ ხელოვნებას, ის კი ძალიან რთულია, ვინმეს ამ მდგომარეობის შესახებ ესაუბრო.
– როდის და როგორ მოდის თქვენთან ის განცდა, რომელიც შემდეგ ლექსად იქცევა?
– მუზა სრულიად უცნაურად, დაუგეგმავად მოდის. სიზმარშიც კი დამიწერია ლექსი, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს. მიყვარს ადამიანებსა და პროცესებზე დაკვირვება, შემდეგ ფიქრი და ანალიზი, ალბათ ესაა ის, რაც ლექსს მაწერინებს. ყველაზე მეტად ლექსის წერის დროს ვგრძნობ საკუთარ თავში ღვთიურ ხელს. შეიძლება ემოციები მოგეჭარბოს და მაინც ვერ დაწერო ლექსი, ამიტომ არის ეს პროცესი მისტერიული, ამოუხსნელი და ღრმა.
– ყველაზე ბედნიერი სად და როდის ხართ?
– ბედნიერი არის კი ვინმე?! თუკი მაინც ამ გრძნობის (და არა ემოციის, ვინაიდან ბედნიერება სტაბილური განცდაა) მნიშვნელობას ჩავუკვირდებით, ალბათ, ის ყველაზე მეტად, საკუთარი თავიდან უნდა მოდიოდეს. შინაგანი ჰარმონია – ჩემთვის ბედნიერება, აქედან იწყება. არ აქვს მნიშვნელობა ადგილსა და დროს. ბედნიერებას ემოციის მსგავსი, სპონტანურობა არ ახასიათებს. შესაბამისად, არც სასრული აქვს. მხოლოდ თვალს მიეფარება და ამიტომ ვეღარ ვამჩნევთ, რომ თურმე, ბედნიერნი ვყოფილვართ…. ისე კი, ყველგან მიხარია, სადაც ჩემი ყოფნა ახარებთ.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– თავისუფალი დრო თითქმის აღარ მაქვს. როცა გამოვნახავ, ვკითხულობ, მეგობრებს ვესაუბრები საინტერესო თემებზე, ან ვსეირნობ.
– თავისუფლების თქვენეული აღქმა…
– დოსტოევსკიმ უკვე თქვა ჩემამდე იდეალურად და ვფიქრობ, დამატებას აღარ საჭიროებს. ,,თავისუფლება თავის არშეკავებაში კი არაა, არამედ საკუთარი თავის ფლობაშია“.
– როგორ აფასებთ თანამედროვე კონკურსებსა და ფესტივალებს?
– საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რა იწერება, არამედ იმას, თუ ვინ წერს (სამწუხაროდ). მივესალმები ნებისმიერ კონკურსსა თუ ფესტივალს, რომელიც ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას ემსახურება.
– ციფრული სამყარო და თქვენ…
– თევზი ჰაერზე.
– საყვარელი მწერალი, პოეტი…
– ქართველი პოეტებიდან ოთარ ჭილაძე, საშა გველესიანი, ტარიელ ხარხელაური, უფრო ადრე – გალაკტიონი, გრანელი. მწერლებიდან: გამსახურდია, დუმბაძე. საზღვრებს გარეთ დოსტოევსკი მოვიდა ჩემთან ყველაზე ახლოს. პოეზიაში – შექსპირის სონეტები მიყვარს, ასევე, რუმი.
– სამაგიდო წიგნი…
– სერვანტესის „დონ კიხოტი“.
– ნაწარმოები, რომლის ავტორობასაც ისურვებდით?
– არ ვისურვებდი. ვფიქრობ, ყოველი ნაწერი მან დაწერა, ვისაც უნდა დაეწერა.
– დაბოლოს, კითხვა, რომელიც თან გსდევთ, ახლა უპასუხეთ…
– რა არის ჩემი დანიშნულება?… გამოგიტყდებით და არ მგონია 23 წლის ასაკი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შესაფერისი დრო იყოს. ვტოვებ კვლავ გამოცანად.
ლაშა ხომერიკი