
ვლადიმერ პუტინი – უკრაინულ მხარესთან საკვანძო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინულ მხარესთან ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება.
„უკრაინულ მხარესთან საკვანძო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, მაშინაც კი, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს“, – აღნიშნა პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, მზადაა უკრაინულ მხარესთან კონტაქტებისთვის, თუმცა ამაში აზრს ვერ ხედავს.
„მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ მზად ვარ ამ კონტაქტებისთვის (უკრაინულ მხარესთან), მაგრამ ამაში დიდ აზრს ვერ ვხედავ. უკრაინულ მხარეს სურს ეს შეხვედრა. მე ვუთხარი: „მზად ვარ, გთხოვთ, მობრძანდით“. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამუშაო და უსაფრთხოების პირობებს 100%-იანი გარანტიით, მაგრამ თუ ისინი გვეტყვიან: „გვინდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ მოდით სადმე სხვაგან ამ შეხვედრაზე“ – ეს ჩვენთვის გადაჭარბებული მოთხოვნებია“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ეხება.
„რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ეს სხვა საკითხია. პრეზიდენტი იანუკოვიჩი, რომელიც უკრაინის მთავრობის მეთაური იყო, უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო და ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ გვეხება და ეხება რუსეთის გრძელვადიანი ინტერესების უზრუნველყოფას უსაფრთხოების სფეროში“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, ნატოსთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილება რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად არ შეიძლება იქნას განხილული.
„რუსეთის უსაფრთხოების გაუთვალისწინებლად, ასეთი საკითხები არ წყდება. რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო სამხედრო კონტინგენტებს, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც მშვიდობას, გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს, მაშინ მათი უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნაში უბრალოდ ვერ ვხედავ აზრს. სულ ესაა. რადგან თუ ეს შეთანხმებები მიღწეული იქნება, არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი მათ სრულად შეასრულებს“, – აღნიშნა პუტინმა.