
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. შეხვედრა დღეს არის ჩანიშნული და როგორც ცნობილია, ზელენსკი უკვე ჩავიდა აშშ-ში.
ზელენსკიმ „ტელეგრამ“ არხზე განცხადება გაავრცელა და დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება და რომ მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს.
„ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი – დონბასის ნაწილი – დაეთმო. პუტინმა კი ეს უბრალოდ, ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს „უსაფრთხოების გარანტიები“ მისცეს, მაგრამ ამან არ იმუშავა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო.“
ცნობისთვის, ვაშინგტონში ასევე ჩავლენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.