ვოლოდიმირ ზელენსკი: 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90% შეთანხმებულია
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე სამშვიდობო გეგმის „ყველა ასპექტი“ განიხილეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს „საოცარ ადგილას შესანიშნავი შეხვედრისთვის“.
ზელენსკის თქმით, გუნდებმა განიხილეს „სამშვიდობო ჩარჩოს ყველა ასპექტი“ და დასძენს, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „90% შეთანხმებულია“. მისივე განცხადებით, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით შეთანხმებულია.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები მდგრადი მშვიდობის მიღწევის მთავარი ეტაპია და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა ასპექტზე“, – დასძინა მან.
ზელენსკიმ ტერიტორიულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას დონბასთან დაკავშირებით რუსეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. კერძოდ, ზელენსკის აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონის შესახებ ჰკითხეს.
„პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიას…რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მკაფიოა. ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ეს ძალიან რთული კითხვაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.