
ვოლოდიმირ ზელენსკი Patriot-ის სისტემების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, Patriot-ის სარაკეტო სისტემების მწარმოებელი კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
„შევხვდი თავდაცვის კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს, რომელიც Patriot-ის სისტემებს აწარმოებს. მე მათ ვუამბე ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ ჩვენს მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებული თავდასხმების შესახებ“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმაზე.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს Raytheon-ის წარმოების სიმძლავრეები, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თანამშრომლობის პოტენციური გზები და უკრაინულ-ამერიკული ერთობლივი წარმოების პერსპექტივები.
„უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის დაცვის გასაძლიერებლად გადაწყვეტილებები არსებობს და ჩვენ ყველა დონეზე ვმუშაობთ მათი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი Raytheon-ს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნისთვის“, – წერს ზელენსკი.