ვულოცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას
დღეს, 4 ნოემბერს, „აჭარის ტელევიზია“ 38 წლის იუბილეს აღნიშნავს.
პირველი გადაცემა მაყურებელმა 1987 წლის 4 ნოემბერს იხილა – იმ დროიდან მოყოლებული, არხი მუდმივად განვითარების, პროგრესისა და დამოუკიდებელი მაუწყებლობის გზაზეა.
თავდაპირველად არხმა მაუწყებლობა კვირაში ორჯერ საინფორმაციო- მუსიკალური გადაცემებით დაიწყო, თუმცა უკვე 1999 წლიდან თანამგზავრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, რაც რეგიონული მედიისთვის მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო.
2013 წლიდან „აჭარის ტელევიზია“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით ფუნქციონირებს და მეთორმეტე წელია, ამ სტატუსით უზრუნველყოფს მიუკერძოებელ, ობიექტურ და მრავალფეროვან საინფორმაციო სივრცეს ქვეყნისა და რეგიონის მაყურებლისთვის.
38 წელი – ეს არის გზა, რომელიც სიყვარულით, შრომითა და ერთგულებით გაიარა არაერთმა თაობამ, ჟურნალისტმა, ოპერატორმა, პროდიუსერმა და ტექნიკურმა სპეციალისტმა.
ჩვენს კოლეგებს, მთელ გუნდს, გაზეთი „აჭარა“ გულწრფელად ულოცავს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით გზაზე.
კიდევ მრავალი შემოქმედებითი წელი, კოლეგებო, იმ სიყვარულიან და პასუხისმგებლობიან გზაზე, რომელიც თითოეულ თქვენს კადრში იგრძნობა.