ვუსმენთ თუ არა ჩვენს შვილებს, სანამ ისინი ძალადობით დაიწყებენ საუბარს?
By

ვუსმენთ თუ არა ჩვენს შვილებს, სანამ ისინი ძალადობით დაიწყებენ საუბარს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია დაკავებულ არასრულწლოვნებზე, კიდევ ერთხელ გვაიძულებს, დავფიქრდეთ არა მხოლოდ კონკრეტულ დანაშაულზე, არამედ იმ სიღრმისეულ მიზეზებზე, რომლებიც ასეთ რეალობას ქმნის.

ეს არ არის ერთი შემთხვევა. ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ, როგორ ერთიანდებიან მოზარდები აგრესიულ, რადიკალურ ჯგუფებში, როგორ ირჩევენ ძალადობას თვითგამოხატვის ფორმად და როგორ იქცევა სისასტიკე ერთგვარ „იდენტობად“.

ფსიქოლოგების შეფასებით, მსგავსი ქცევა თითქმის არასოდეს არის სპონტანური. მას წინ უძღვის კომპლექსური სოციალური და ემოციური პროცესები, როგორებიცაა: ოჯახური დისფუნქცია, ყურადღების დეფიციტი, ბულინგი, სოციალური იზოლაცია, დაუკმაყოფილებელი ემოციური საჭიროებები. ხშირად, მოზარდი, რომელიც ძალადობს, თავადაც არის ძალადობის მსხვერპლი ოჯახში, სკოლაში ან თანატოლთა წრეში.

პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება მაშინ, როცა ამ ყველაფერს ერთვის სოციალური ქსელების გავლენა. ძალადობა იქ ხშირად „ვირუსულ კონტენტად“ იქცევა, ვიდეოებად, რომლებიც მიზანმიმართულად ვრცელდება, ყურადღებას იქცევს და ახალ წევრებსაც კი იზიდავს მსგავსი ჯგუფებისთვის.

ამ ფონზე ჩნდება მთავარი კითხვები: რატომ ირჩევს მოზარდი ასეთ გზას? რა როლი ენიჭება ოჯახს, სკოლას, სოციალურ გარემოს?

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – რას ვერ ვამჩნევთ დროულად?

მოზარდების დაკავების ამბავს სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოეხმაურნენ მათი თანატოლები. კომენტარებში, რომლებიც, ერთი შეხედვით, უბრალო რეაქციებს ჰგავს, სინამდვილეში კარგად იკითხება მათი განწყობები და პრობლემების აღქმა:

„ხშირად ეს ბავშვები, უბრალოდ, ცდილობენ, რომ ვიღაცის ნაწილი იყვნენ. როცა ვერ პოულობ შენს ადგილს, ასეთ ჯგუფში გაწევრიანება მარტივია“;

„სოციალურ ქსელში იმდენი ვიდეოა ძალადობაზე, რომ ზოგისთვის ეს უკვე ჩვეულებრივი გახდა. ზოგს უნდა, თვითონაც გახდეს „პოპულარული“;

„მარტოობის ბრალია, ძალიან ხშირად. როცა არ გაქვს არანაირი აქტივობა და არავინ გისმენს, ცუდ წრეში ხვდები“;

„ზოგს ჰგონია, რომ ასე უფრო ძლიერი ჩანს, რეალურად კი ეს სისუსტის ნიშანია“…

აღნიშნული კომენტარები ცხადყოფს, რომ პრობლემა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებს არ ეხება, ის ბევრად ფართოა და უკავშირდება ახალგაზრდების ფსიქოემოციურ მდგომარეობას, თვითშეფასებას და სოციალურ გარემოს.

ამ თემაზე საუბრისას მშობლების პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, რამდენად რთულია თანამედროვე პირობებში ბავშვისთვის საკმარისი ყურადღების დათმობა.

ნინო ქავთარაძე, ორი შვილის დედა:

– დილიდან საღამომდე ვმუშაობთ. სახლში რომ ვბრუნდები, იმდენად დაღლილი ვარ, ზოგჯერ, უბრალოდ, ვერ ვახერხებ შვილთან იმ სიღრმისეულ საუბარს, რაც მას სჭირდება… და მერე ვფიქრობ — ხომ არ გამომრჩა რამე მნიშვნელოვანი.

გიორგი მელაძე, 15 წლის მოზარდის მამა:

– ყველაზე რთული ის არის, რომ ვერ აკონტროლებ ბოლომდე, რას უყურებს ბავშვი ინტერნეტში. შეიძლება გეგონოს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, რეალურად, სხვისი გავლენის ქვეშ იყოს.

თამარ ლომიძე, სამი შვილის დედა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

– ბავშვს სჭირდება სივრცე, სადაც ენერგიას სწორად დახარჯავს – სპორტი, წრეები, აქტივობები. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი იმდენად ძვირია, ბევრ ოჯახს არ მიუწვდება ხელი.

ლევან ბერიძე:

– ხშირად გვგონია, რომ ასეთი რაღაცები სხვების შვილებს ეხება, მაგრამ სინამდვილეში, შეიძლება საკუთარ შვილსაც ვერ შევამჩნიოთ დროულად.

მშობლების ამ კომენტარებში იკვეთება საერთო პრობლემის მიზეზები: დროის დეფიციტი, ეკონომიკური სირთულეები, ემოციური დისტანცია და, გარკვეულწილად, სისტემური მხარდაჭერის ნაკლებობა.

სპეციალისტების აზრით, მოზარდის ძალადობრივი ქცევა იშვიათად არის ერთ მიზეზზე დამოკიდებული და განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ კონფლიქტურ და კრიზისულ გარემოში ძალადობის დონე, როგორც წესი, იზრდება. დაბალი ეკონომიკური კეთილდღეობა და სიღარიბე პირდაპირ კავშირშია აგრესიული ქცევების ზრდასთან.

ამ ყველაფერს ემატება სოციალური მედიის გავლენა, სადაც ძალადობა ხშირად არათუ დაგმობილია, არამედ, გარკვეულწილად, „პოპულარიზებულია“. როდესაც მოზარდი ხედავს, რომ აგრესია ყურადღებას და აღიარებას იწვევს, ეს მისთვის შეიძლება მოტივაციადაც კი იქცეს.

სპეციალისტების შეფასებით, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა:

ოჯახში ხარისხიანი კომუნიკაციის გაძლიერება, სკოლებში ბულინგის პრევენციის რეალური მექანიზმები, ბავშვების ქცევითი ცვლილებების დროული იდენტიფიცირება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა, სოციალური მუშაკების სისტემის გაძლიერება,

მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი და ჯანსაღი აქტივობების შექმნა.

ასევე, მნიშვნელოვანია მკაფიო გზავნილი საზოგადოებისგან, რომ ძალადობა არ უნდა იყოს წახალისებული. მოძალადე უნდა აგებდეს პასუხს და არა – ყურადღებასა და „პოპულარობას“ იღებდეს.

რა ხდება მაშინ, როცა ოჯახს არ აქვს დრო, სკოლას – რესურსი, ხოლო სახელმწიფოს – საკმარისი სერვისები? რამდენად დიდ როლს თამაშობს სოციალური ქსელები, სადაც ძალადობა ხშირად წახალისებულია და ახალგაზრდებისთვის, გარკვეულად, მიმზიდველიც კი ხდება? რა უნდა შევნიშნოთ დროულად, სანამ პრობლემა დანაშაულამდე მივა? – ამ კითხვებზე პასუხებისთვის კლინიკურ ფსიქოლოგ მანანა დევაძეს მივმართეთ.

თქვენი შეფასებით, რა ძირითადი ფაქტორები უბიძგებს მოზარდებს ძალადობრივ და რადიკალურ დაჯგუფებებში გაერთიანებისკენ?
რამდენად იკვეთება ამ პროცესში ოჯახური გარემო, სკოლის როლი და სოციალური სივრცე?

– მოზარდებს ძალადობრივ და რადიკალურ დაჯგუფებებში გაერთიანებისკენ მრავალ ფაქტორთა ერთობლიობა უბიძგებს, რაშიც უპირველეს ყოვლისა, იკვეთება ოჯახური გარემო (აღზრდის სტილი, ურთიერთობები), ის სოციალური გარემო (სად იზრდება მოზარდი და გამოცდილებას იძენს) და ფსიქოლოგიური ფაქტორები (სოციალურ-ემოციური მდგომარეობა, თვითშეფასება), რომლებიც ძალადობრივ ასპექტებს ამძაფრებს. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლის როლი, სასკოლო ურთიერთობები, გამოწვევები და სოციალური სივრცე, რომელშიც უწევს მოზარდს საკუთარი თავის შეცნობა, თვითრეალიზაცია, თავის დამკვიდრება და განვითარება.

რამდენად ხშირია შემთხვევა, როცა მოძალადე მოზარდი თავადაც არის ძალადობის მსხვერპლი?

– ძალადობისკენ მიდრეკილი მოზარდები, ძირითადად, თავადაც არიან ძალადობის მსხვერპლნი. შესაძლოა  გადატანილი ძალადობისგან განსხვავებული იყოს მათ მიერ გამოვლენილი ძალადობა, სწორედ იმიტომ, რომ ძალადობის ფორმამ განიცადა მუტაცია, თუმცა პირველსაწყისი ყოველთვის ძალადობაა, რომელიც თავად მოძალადემ განიცადა, მანამდე, სანამ თვითონაც ამ გზას აირჩევდა. ძალადობა, რომელიც მოზარდმა იწვნია, შესაძლოა იყოს იძულება, უგულებელყოფა, დაცინვა, ფიზიკური, მორალური და ემოციური ძალადობა ოჯახსა თუ სხვა სოციალურ გარემოში. როდესაც ბავშვი მუდმივად კნინდება, მას არ აქვს რაიმეს თქმის უფლება, საკუთარი აზრისა და ემოციების გამოხატვა შეზღუდულია, იღებს პიროვნულ უგულბელყოფას, შესაძლოა იყოს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, უყალიბდება უსუსურობის განცდა, არასრულფასოვნების კომპლექსი, უქვეითდება თვითშეფასება. ერთ სივრცეში მიღებული ტრავმული გამოცდილება და ძალადობა, ხშირ შემთხვევაში, გენერალიზდება, მაშინაც კი, როდესაც რეალური საფუძველი არ აქვს. მას უჩნდება განცდა, რომ ნებისმიერ გარემოში შესაძლოა იყოს ძალადობის მსხვერპლი, მეორეხარისხოვანი ადამიანი მანამ, სანამ ის მისდევს ამ პროცესს. ზუსტად ამ დროს რადიკალური და ძალადობრივი დაჯგუფებები აქტიურდებიან. მათ კარგად იციან, რა სჭირდება მოზარდს, პირველივე ნიშნების შემჩნევისას, რისკფაქტორში შემავალ მოზარდს მისთვის საზრდო აღიარებასა და მოტივაციას სთავაზობენ. მოზარდს მოსწონს ეს აღიარება, გრძნობს, რომ მათთვის კარგია, რომ მნიშვნელოვანია. ეს ყოველივე თავს მათი ჯგუფის ნაწილად აგრძნობინებს მოზარდს, რომელიც სხვა სოციალურ გარემოში უგულებელყოფილია. გარდამავალ მომენტში ის ირჩევს ძალადობას იმისათვის, რომ იგრძნოს სრულფასოვნება, შეძლოს საკუთარი თავისა და ძალების დემონსტრირება, ყველას აჩვენოს, რომ ძლიერია, შეუძლია არა მარტო თავის დაცვა, არამედ სხვაზე ზემოქმედებაც კი, ამით კი იღებს აღიარებასა და მხარდაჭერას ამ ჯგუფისგან.

რა ქცევითი ან ემოციური ნიშნები შეიძლება იყოს ადრეული სიგნალი, რომ მოზარდი რისკის ჯგუფშია, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება მშობლებმა და პედაგოგებმა?

– რისკის ჯგუფში შემავალი მოზარდის ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს აგრესიული გამოვლინებები, რომლებიც განმეორებადია, მაგალითად, მოზარდს უჭირს წესების დაცვა და გათვალისწინება, თანაგანცდა, განვითრებული არ აქვს ემპათიის გრძნობა, მარტივად ფეთქებადია, იმპულსური და აფექტური, უჭირს ემოციების კონტროლი, ხშირად ჩხუბობს, ავლენს სიტყვიერ და ფიზიკურ აგრესიას, შეუძლია სხვისი დამცირება და დაცინვა, რაც გარკვეულ სიამოვნებას ანიჭებს, მოზარდი თავს უგულებელყოფილად გრძნობს, ფიქრობს, რომ არავის ესმის მისი, რომ ყველა მის წინააღმდეგაა, ვერ ეგუება წაგებას, მკვეთრად რეაგირებს უარზე. როდესაც ოჯახი და სკოლის წარმომადგენლები, დამრიგებელი, მასწავლებელი ხედავენ მოზარდის ამგვარ ქმედებებსა და ემოციებს, უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ, რადგან ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება და სწორედ მცირე გამოვლინებები უძღვის წინ ყველა დიდ დანაშაულს.

რა როლს თამაშობს სოციალური მედია და ონლაინ სივრცე მოზარდების რადიკალიზაციის პროცესში, რამდენად ადვილია ასეთ ჯგუფებშიგადაბირებადა როგორ შეიძლება ამ რისკის შემცირება?

– შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნე კომპიუტერული ტექნოლოგიების აღზევების ხანაა, სოციალური მედია და ონლაინ სივრცე კი ყველაზე დიდი გამოწვევა – სოციალიზაციის პროცესში. მაშინ, როდესაც მოზარდს აქვს წინაპირობა, იყოს აგრესიისკენ მიდრეკილი, ის ინტერესდება მისთვის განუხორციელებელი იმ შინაარსის ფოტო-ვიდეო და ტექსტური ინფორმაციით, რომელიც მოიცავს აგრესიას, ბრაზს, ძალადობას. სოციალური მედია მომხმარებელზე ადაპტირებული პლატფორმაა, რომელიც მისი ინტერესის გათვალისწინებით ფილტრავს და განსაზღვრავს ინფორმაციის აქტუალობასა და ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, მოზარდი სოციალურ პლატფორმაზე ხშირად აწყდება ერთი და იმავე თემატიკის შინაარსს, რაც მასში არსებულ აგრესიას ზრდის და აპათიას განსაზღვრავს. ის საპასუხო რეაქციად და ნორმად თვლის იმას, რასაც ადრე ძალადობად აღიქვამდა. მართალია, ონლაინ სივრცე არ იწვევს აგრესიას, მაგრამ ფაქტია, მას შეუძლია არსებული აგრესიის გამძაფრება. თუ მანამდე მოზარდი განიცდიდა აგრესიას, ის ან იკავებდა ამ აგრესიას, ან ისეთი ფორმით გამოხატავდა, როგორიც შეეძლო, სიტუაციის შესაბამისად. ონლაინ პლატფორმაზე კი ის მეტად დაცულია, შესაძლოა, გამძაფრებით გამოხატოს აგრესია, იმის იმედით, რომ პასუხს ვერავინ გასცემს, რადგან მას აქვს ანონიმურობის პრივილეგიაც და ვირტუალური მოცემულობაც. ამ დროს შესაძლოა მისმა სიძულვილის ენამ გამოიწვიოს სხვათა დაინტრესება, მიიღოს პოზიტიური უკუკავშირი, წახალისება მათგან, ვინც ამ აგრესიას ამართლებს, საბოლოოდ კი შესაძლოა სწორედ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ერთი აზრის, ერთი ხედვისა და ,,ერთი ბედის“ ქვეშ. ისინი ქმნიან წრეს, ამ წრეში კი ყველაზე ,,მაგარი“ ის იქნება, ვინც ამა თუ იმ ფორმით ყველაზე დიდ აგრესიას გამოავლენს. დაჯგუფებაში გავლენა საკმაოდ დიდია, რადგან ამ გავლენის ქვეშ, ძრითადად, მოწყვლადი მოზარდები ექცევიან, გადაბირების ალბათობას კი ყველა ზემოთქმული სირთულე ზრდის. სწორედ ამ დინამიკურობით ვითარდება ძალადობრივი ასპექტები და სიტყვიერი ძალადობიდან ეტაპობრივად გადაიზრდება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე ეფექტური პრევენციული მექანიზმები ოჯახში, სკოლაში და სახელმწიფო დონეზე, რათა მსგავსი შემთხვევები შემცირდეს, სად არის დღეს ყველაზე სუსტი რგოლი ამ სისტემაში?

– იმისათვის, რომ ძალადობის ფაქტები შემცირდეს, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება: აუცილებელია მშობელსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა. მშობელი უნდა იყოს ყურადღებიანი თავისი შვილის მიმართ, მასთან უნდა ჰქონდეს ემოციური კავშირი, უნდა მოისმინოს მისი, თუნდაც მიუღებელი, აზრი, უნდა შეძლოს გაგება, შეფასება კრიტიკის გარეშე. უნდა გამოხატოს მოზარდის მიმართ ემპათია და აგრძნობინოს, რომ მის აზრს პატივს სცემს. მშობლისგან და მასწავლებლისგან აქცენტი უნდა გაკეთდეს ემპათიის უნარის განვითარებაზე, რაშიც დაეხმარებათ არა მარტო საკუთარ გამოცდილებებსა და ემოციებზე საუბარი, მსჯელობა, არამედ სხვა სიტუაციების განხილვაც, ფილმის განხილვა, როლური თამაშები, სხვა ადამიანის ადგილზე თავის წარმოდგენა და ქმედებისა და ემოციების განსაზღვრა, აქვე – რაციონალური ალტერნატიული ქცევის იდენტიფიცირება. მშობელმა მსჯელობითა და მიზეზშედეგობრივი კავშირის განსაზღვრით მოზარდს უნდა ჩამოუყალიბოს კრიტიკული აზროვნება. მნიშვნელოვანია, მოზარდის სასურველი ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, მშობლისგან და მასწავლებლისგან პოზიტიური, თანმიმდევრული და სისტემატური უკუკავშირი, რათა სასურველი ქცევა განმტკიცდეს. მნიშვნელოვანია სტრუქტურირებული გარემო, დღის დატვირთვა ჯანსაღ ჯგუფებთან ურთიერთობითა და შესაბამისი აქტივობებით, სადაც მოზარდი დროს პროდუქტიულად გაატარებს. აუცილებელია, საჭიროებისამებრ, ფსიქოლოგთან საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო შეხვედრების დაგეგმვა. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგ შედეგზე გავდივართ ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობით. აღვნიშნავ, რომ საჯარო სკოლებში არსებობს მანდატურის სამსახური, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობ, მოზარდთა გადამისამართების მიზნით. მათი მოვალეობა სოციალურ-ემოციური, ქცევითი და ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულეების მქონე მოსწავლეების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგთან გადამისამართებაა. საჯარო სკოლის მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, შვილისთვის უფასო ფსიქოლოგიური დახმარება მოითხოვონ, თანამშრომლობის საფუძველზე კი იწყება თერაპიული პროცესი, რაც ეტაპობრივ პროგრესსა და შედეგს გვაძლევს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსგან ხელმისაწვდომი იყოს მოზარდებისთვის კონკრეტული საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და გასართობი წრეები, სადაც ისინი ჯანსაღი კომუნიკაციითა და აქტივობებით დაკავდებიან. ასევე, ასაკობრივი ზღვარი უნდა განისაზღვროს სოციალურ პლატფორმებზე და გაიფილტროს კონკრეტული შინაარსის ფოტო-ვიდეო და ტექსტური ინფორმაციები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვის აღზრდისა და განვითარების საკითხებზე, მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს მშობლებს უფასო სერვისების შექმნით, რათა, ფინანსური სიდუხჭირიდან გამომდინარე, სამსახურსა და შემოსავლებზე ორიენტირებული მშობლების ყურადღება, რომელიც ოჯახის ეკონომიკურ სტაბილურობას ემსახურება, გადავიდეს შვილზე.

ფსიქოლოგთან საუბრიდან კარგად ჩანს, რომ ძალადობა მოზარდებში არ არის მხოლოდ სამართლებრივი პრობლემა, არამედ სოციალური და ფსიქოლოგიური სიგნალია, რომელიც ყურადღებას ითხოვს. მოზარდი მოძალადე, ხშირად, უყურადღებობის, მარტოობის, დაუკმაყოფილებელი ემოციური საჭიროებების და არასწორი გარემოს შედეგად ხდება. ამიტომ, მხოლოდ დასჯა ვერ იქნება საკმარისი საპასუხო რეაქცია.

აუცილებელია პრევენცია – ზრუნვა, მხარდაჭერა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვი იგრძნობს, რომ უსმენენ, ამჩნევენ და აფასებენ.

მოვუსმინოთ ჩვენს შვილებს მანამდე, სანამ ისინი ძალადობით დაიწყებენ საუბარს!

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *