ზაურ გობაძე: საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ოპოზიციას გონიერებას ვუსურვებ
By

ზაურ გობაძე: საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ოპოზიციას გონიერებას ვუსურვებ

ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედ საკრებულოში ზაურ გობაძე დიდაჭარის, საციხურისა და აგარის საარჩევნო ოლქიდან მაჟორიტარ დეპუტატად არის არჩეული. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსრიგებიდან არჩეულმა, ხალხის ძალაში გადაინაცვლა. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ასარჩევი ქართული ოცნების პროპორციული სიის კანდიდატთა პირველ ათეულშია. ზაურ გობაძეს მშობლიურ სოფელ ირემაძეებში გამართული შეხვედრის შემდეგ ვესაუბრეთ.

– პირველ რიგში, მადლობას ვუხდი პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ პოლიტსაბჭოს – ამომრჩეველთა ნდობის გამოცხადების შემთხვევაში მექნება პატივი, საკრებულოში გავაგრძელო საქმიანობა, ამჯერად უკვე პარტიული სიის შემადგენლობით. წინა ორი მოწვევისგან განსხვავებული პასუხისმგებლობა დამეკისრება – დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ჩემს სამაჟორიტარო ოლქშია საციხურისა და აგარის ადმინისტრაციული ერთეულები. საკმაოდ გაფართოვდა არეალი და შესაბამისად, ჩემი საქმიანობაც გამრავალფეროვნდა. ზერელედ, გულგრილად არაფერი მიკეთებია, უკვე მესამედ ვარ მაჟორიტარი, გამოცდილება და ურთიერთობები მეხმარება, ზემდგომი ორგანოების მხარდაჭერით, მრავალი პრობლემა მოვაგვარო და ამომრჩეველიც კმაყოფილი მყავდეს.

– მოქმედ საკრებულოში მხოლოდ თქვენ გადახვედით „ხალხის ძალის“ რიგებში. ამ გადაწყვეტილებას რით ახსნით?

– მოკლედ გეტყვით – სადაც ქვეყნის ინტერესები მკარნახობს, იქ ვარ.

– ხულოში „ქართული ოცნება“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს. როგორია თქვენი ჩართულობა?

სიმართლე გითხრათ, პროპორციული სიით კენჭს პირველად ვიყრი. ამ ამპლუაში არასდროს ჩამიტარებია საარჩევნო კამპანია. ამიტომ ძველებურად, ,,ჩემეულად“, დავდივარ ყველა ოჯახში. აქვე აღვნიშნავ, რომ მაჟორიტარობა ჩემს მეგობარს, საკრებულოს მოქმედ წევრს, დიდაჭარელ ქალბატონ ირმა შავაძეს ,,გადავაბარე“. მაქვს ვალდებულება, ერთად გავისარჯოთ წარმატებისთვის და მჯერა გამარჯვებისაც.

– ამომრჩევლებს, მეტწილად, რა წინადადებები და სურვილები აქვთ?

– პირველ რიგში, ამომრჩეველი მშვიდობიანი პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ამასთან, მთის სოფელსა და ბუნების ჭირვეულობასთან შეჭიდებულ ადამიანებს სოციალური პრობლემები ისევ აქვთ. ეს არის: საავტომობილო გზები, ფერდ სამაგრი და საყრდენი კედლები, მთის გზები, მთაში ელექტროხაზების გამართულობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, არსებულის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა…

– წინასაარჩევნო შეხვედრები ერთგვარი სარკეა. როგორია ამომრჩევლის განწყობა და თქვენი პროგნოზით რა შედეგს ელოდებით?

– 2014 წლიდან დღემდე, თითქმის 12 წელია, საკრებულოს წევრი ვარ, კარგად ვიცნობ ამომრჩეველს, ვიცი მათთან ურთიერთობა და რაც მთავარია, ჩვენი გაკეთებული საქმეები მაძლევს საშუალებას, რომ ვთქვა: კარგი განწყობაა. 4 ოქტომბერს მაღალი პროცენტით გავიმარჯვებთ.

– როგორ გესახებათ მმართველ პარტიასთან „ხალხის ძალის“ ურთიერთობა?

– ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც საქართველო 13 წელია ადგას. დროის ამ მონაკვეთში ხულოში სიმშვიდეა და იმედია, ასე გაგრძელდება. მჯერა, ,,ქართული ოცნების“ დიდი უმრავლესობით გამარჯვების. რაც შეეხება ,,ქართული ოცნების“ და ,,ხალხის ძალის“ ურთიერთობას, დღემდე ერთიანი იდეებით მოვდივართ და მომავალშიც ასე იქნება.

– ირემაძეებსა და სხვა სოფლებში გამართულ შეხვედრებზე ამომრჩეველი აქტიურად გამოხატავს მერობის კანდიდატ ვახტანგ ბერიძისადმი მხარდაჭერას. თქვენი შეფასებით, რა რის ამის საფუძველი?

– ეს მხარდაჭერა არა მარტო ირემაძეებში, არამედ ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა შეხვედრაზე მკაფიოდ იკვეთება. ეს ხულოელებისადმი ბატონი ვახტანგის თანადგომამ, გულწრფელმა და უშუალო დამოკიდებულებამ განაპირობა. იგი უსმენს ყველას, შეუძლია ბოლომდე ჩაწვდეს პრობლემის არსს, გამონახოს მისი მოგვარების საუკეთესო გზა. მან სიღრმისეულად იცის ხულოს რომელ სოფელში, მთაში, უბანში რა პრობლემაა და როგორ უნდა მოაგვაროს. პასუხისმგებლობის უდიდესი ვალდებულება აქვს და რაც მთავარია, უყვარს და პატივს სცემს ყველა ხულოელს.

– ხულოს ქვეყნისა და ეროვნული იდეებისადმი თავდადებული ადამიანები მრავლად ჰყავს. მათ რიგებშია 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, ირემაძეებელი მერაბ ჭელიძე. რას აკეთებდით და გააკეთებთ მერაბისა და სხვების სახელების უკვდავსაყოფად?

– მერაბ ჭელიძე ჩვენი მოუშუშებელი ტკივილი და ამასთან, დიდი სიამაყეა. მერაბის საფლავი ირემაძეებლებს საპატიო ადგილად გვექცა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ხშირად მივდივართ გმირის საფლავთან, ვცდილობთ, უკეთესი გავხადოთ მისი სამუდამო განსასვენებელი. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ბიზნესმენ გოჩა ირემაძეს, რომელმაც სოფელში მერაბის მემორიალი გააკეთა.

– დაბოლოს, ხულოში ოპოზიცია უფრო აქტიურია, ვიდრე აჭარის მთიანეთის სხვა მუნიციპალიტეტებში. როგორ ფიქრობთ, წინა წლების მსგავსად, ახლაც ექნებათ მხარდაჭერა?

– საღად მოაზროვნე ოპოზიცია ყოველთვის სჭირდება ხელისუფლებას, მაგრამ ასეთს დღეს ვეღარ ვხედავ. ისინი ოპოზიციონერები კი არა, ჩვენი ქვეყნის მტრები არიან, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან. ხულოს მუნიციპალიტეტში და არა მარტო ჩვენთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ოპოზიციას გონიერებას ვუსურვებ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *