
ზაფხულში საქმემ და საზრუნავმა იმატა
მოახლოებული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“, აჭარა-შავშეთის, მესხეთის, აჭარა-გურიის ქედებზე უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების რაოდენობის ზრდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ავალდებულებს, წესრიგზე ჰქონდეთ ალპურ საძოვრებსა და ცალკეული მიმართულებებით მოქმედი საავტომობილო გზები.
ივლისის მეორე ნახევარში მოსულმა ნალექებმა, სეტყვამ საგრძნობლად დააზიანა სოფლებსა და მთებზე მისასვლელი გზები. შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთი-ნიგაზეულის, ხაბელაშვილები-თაგინურის, გოგაძეები-ვახტანგიძეების და ჩირუხის მიმართულებით გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს.
– ზაფხულში საქმე და საზრუნავი არ გველევა,- გვითხრა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების უფროსმა რომან დუმბაძემ. – ვცდილობთ, ტურისტებს კომფორტულ პირობებში ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება.
ცოტნე ცაბაძე