ზელენსკის არჩევანი და ლავროვის პასუხი – სამშვიდობო გეგმა ახალი დაპირისპირების ეპიცენტრში
უკრაინაში 24 თებერვალი შესაძლოა პოლიტიკური გარდატეხის დღედ იქცეს. Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დღეს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გეგმის გამოცხადებას აპირებს.
გამოცემის ცნობით, კიევში განიხილება რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების საკითხის რეფერენდუმზე გატანა და მისი ეროვნული არჩევნების პარალელურად ჩატარება. მსგავსი მიდგომის შესახებ გასულ კვირას Reuters-მაც დაწერა. სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის განხილული ჩარჩო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელ ამომრჩეველს წარედგინება და ხმის მიცემა არჩევნებთან ერთად გაიმართება.
ამ პროცესს მკვეთრი რეაქცია მოჰყვა მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირების შესახებ დოკუმენტის ახალი ვერსიები კიევისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ამერიკული სამშვიდობო ინიციატივის „გაუპატიურების“ მცდელობაა.
ლავროვის თქმით, „ყველა შემდგომი ვერსია ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მფარველების მხრიდან ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბალტიისპირეთიდან ამერიკული ინიციატივის „გაუპატიურების“ მცდელობის შედეგია“.
მისივე განცხადებით, ამერიკული გეგმა მოიცავდა უკრაინაში რუსების, როგორც ეროვნული უმცირესობის უფლებების აღდგენის საკითხს, თუმცა „პრესაში გაჟონილ უახლეს ვერსიებში ამაზე არაფერია ნათქვამი“.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ალასკის სამიტის შემდეგ განიხილებოდა, მოსკოვისთვის არ გადაუციათ.
„ანკორიჯში ჩვენ გამოვნახეთ ამერიკულ წინადადებებზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც მშვიდობისკენ გზას ხსნიდა. დოკუმენტი მოიცავდა ყველა ფუნდამენტურ საკითხს და შეთავაზებას საკითხების ადგილზე არსებული რეალობის შესაბამისად გადაჭრასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ რუსეთის პოზიცია „რუსების დაცვას“ უკავშირდება.
როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, უკრაინის შესაძლო რეფერენდუმი და არჩევნები, ერთობლივად ჩატარების შემთხვევაში, არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ სიტუაციას შეცვლის, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატზეც მოახდენს გავლენას, იმ ფონზე, როცა შეთანხმების ტექსტის ირგვლივ უკვე მკვეთრი საინფორმაციო და დიპლომატიური ბრძოლა მიმდინარეობს.