ზელენსკი: უკრაინა ტერიტორიებზე უარს ვერ იტყვის – ეს ეწინააღმდეგება კანონსაც და რეალობასაც
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინა საკუთარ ტერიტორიებზე უარს ვერ იტყვის, რადგან ეს ქვეყნის კანონმდებლობას, საზოგადოების პოზიციასა და რეალურ მდგომარეობას ეწინააღმდეგება.
Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხი მოლაპარაკებების ყველაზე რთული ნაწილია და სწორედ ამ პუნქტზე განსხვავდება უკრაინისა და რუსეთის პოზიციები.
„ჩვენ ვერ დავტოვებთ ჩვენს ტერიტორიებს. იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს და ჩვენი არმია დგას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დაახლოებით 90%-ით შეთანხმებულია, თუმცა გადაუჭრელი რჩება მთავარი საკითხი – ტერიტორიები.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აცნობიერებს მხარეების პოზიციებს და ცდილობს კომპრომისის მოძიებას, თუმცა ტერიტორიულ საკითხზე რეფერენდუმი გამოსავლად არ მიაჩნია.
„ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ტერიტორიების დათმობაზე რეფერენდუმი უკრაინისთვის დადებით შედეგს არ მოიტანს“, – განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თეთრი სახლის ლიდერ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შეიძლება ნატოს კოლექტიური თავდაცვის მოდელს დაემსგავსოს, თუმცა უკრაინის ალიანსში სრულფასოვან გაწევრიანებას არ გულისხმობს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებები უკრაინის „წარმატებაზე“ შესაძლოა, ამერიკული სანქციების თავიდან არიდების მცდელობა იყოს.