
ზვიად ბოლქვაძემ ბათუმს ბრწყინვალე საღამო აჩუქა
ანუ როგორ მოეფერა აჭარის მკვიდრი მშობლიურ კუთხეს
ბათუმის ხელოვნების ცენტრში კომპოზიტორისა და მომღერლის ზვიად ბოლქვაძის საავტორო მუსიკის საღამო „ჰოიდა ნანა!“ – აჭარული ბალადა“ გაიმართა (რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე, ქორეოგრაფი – გიორგი ფარსენაძე), რომელიც პროექტის „ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქის“ ფარგლებში“ ჩატარდა. მაყურებელმა ზვიად ბოლქვაძის არაერთ ცნობილ სიმღერასთან ერთად ახალი კომპოზიციებიც მოისმინა. საღამო 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ეს არის ის მწირი ინფორმაციული მხარე, რასაც ჩვეულებრივ, დასაწყისში ვწერთ ხოლმე. მაგრამ… ამ ინფორმაციის იქით უდიდესი ემოციები, ბრწყინვალე წუთებია და მას ვერასოდეს დაივიწყებს მსმენელი, ვინც იმ დღეს კონცერტს დაესწრო. ეს არ იყო ჩვეულებრივი საღამო – ზვიად ბოლქვაძემ, ამ დიდმა ქართველმა, დიდმა აჭარელმა, თავისი კუთხის ისტორიაში სიმღერით, სიტყვით, ცეკვით ულამაზესად გვამოგზაურა, ეს ისტორია მარგალიტებივით ამოადუღა და კიდევ უფრო შეგვაყვარა.
… საღამო „რანინელმა“ ანასტასია ვასაძემ დაიწყო. – ზვიად ბოლქვაძესთან ერთად შესრულებულმა სიმღერამ „ხორუმი“ დარბაზი თავიდანვე თითქოს რაღაც ამოუცნობისთვის შეამზადა … მას მოჰყვა ასევე „რანინელის“ ანდრია ფუტკარაძის ისევ დიდ ხელოვანთან ერთად შესრულებული სიმღერა საქართველოზე… მხურვალე ტაში და ოვაცია საღამოს ბოლომდე აღარ ჩამცხრალა…
სცენაზე მთელი ორი საათის განმავლობაში სასწაული ხდებოდა. ამაში „დამნაშავე“ ბევრი რამ იყო – სცენა, სადაც დროდადრო უზარმაზარი აჭარული „ოდა“ ბრწყინვალედ შესრულებული აჭარული ცეკვებით „გვმასპინძლობდა“, თითოეული ცეკვა იმ სიმღერის შინაარსს გადმოსცემდა, რომელსაც სცენაზე მომღერლები – სოფო ხალვაში და ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ბერიძე და ნეკა სებისკვერაძე, ედუარდ გორგილაძე ზვიად ბოლქვაძესთან ერთად ასრულებდნენ. ეს ყველაფერი უნდა გენახათ, უნდა მოგესმინათ. სიტყვებით ამას ვერ გადმოსცემ… არ ვიცი, ამდენი აჭარული მელოდია, აჭარაზე შექმნილი ამდენი შედევრი და ზვიად ბოლქვაძის, ამ შესანიშნავი ხელოვანის მიერ ბრწყინვალედ შემოთავაზებული ყველა სიმღერა ასე ერთად თავმოყრილი კიდევ სად შეიძლება მოისმინო? რა თქმა უნდა, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, რადგან ეს იყო სრულიად განსხვავებული, სხვა სახის საღამო. ხელოვანი მის მშობლიურ აჭარას გულით და გამორჩეულად მოეფერა. თითოეული სიმღერა, ცალკე აღებული, კონცერტი-შედევრი იყო. რომელი ერთი გავიხსენო: „ეველ-ეველ“, „მემლექეთი“, „ჰოიდა ნანა“, „სიბერის ლექსი“, „ბუხარი“, „დაზამთრდა“, „გაჰყევი“, „მე რომ გოგო…“, „ბებოს ნანა“, “ფრი“…. არ ვიცი, საიდან ამოდის საქართველოს, აჭარის, ადამიანების სიყვარულით შეზავებული ასეთი უნიკალური, თბილი, ყველასგან გამორჩეული ხმა, რომელიც სულითხორცამდე გიპყრობს… არაჩვეულებრივ მელოდიებთან ერთად, გვხიბლავდნენ მოცეკვავეები, რომლებიც ზურაბ გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშის, გალაკტიონის, ტარიელ ხარხელაურის … ლექსებზე შექმნილი თითოეული სიმღერის ტექსტს გადმოსცემდნენ ულამაზესი ქორეოგრაფიული მოძრაობებით.
– აღფრთოვანებული ვარ, დარწმუნებულიც ვიყავი, რომ რაღაც შესანიშნავი გველოდა. ბედნიერებაა, რომ ბათუმში გვყავს ასეთი შესანიშნავი ხელოვანი, დიდებული ქართველი, რომელსაც უყვარს მისი კუთხე, მთლიანად საქართველო… ზვიად ბოლქვაძით უნდა ვიამაყოთ. საოცარი საღამო იყო, დიდებული კონცერტი, – აღნიშნა მაესტრო თემურ შალვაშვილმა.
– ზვიადი არის განუმეორებელი. ის სიკეთის, სიყვარულის, დადებითი ენერგიის, მუსიკის ფოიერვერკია, იმ პატრიოტიზმის, რომელიც ასე იშვიათია დღეს და ასეთი მნიშვნელოვანი. იგი უზადოდ აკეთებს თავის საქმეს, რასაც შესანიშნავი მუსიკის შექმნა, ამ ცენტრის მოვლა-პატრონობა, ახალი სიცოცხლის ჩუქება ჰქვია. ზვიადი ასევე სათუთად უვლის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა, მის მიერაა შექმნილი. რასაც ხელს მოჰკიდებს, პირველ რიგში, იმ საქმის სიყვარულით იჟღინთება და მერე მუსიკით, – აღნიშნა მომღერალმა ლიზი ბაგრატიონმა.
– ეს იყო აჭარული, ქართული გენის ზეიმი. ყველა ბგერაში, ყველა სიტყვაში, ნოტში იგრძნობოდა სისხლის ყივილი, რამაც მსმენელზე სასწაული გავლენა მოახდინა. ზვიადი არის ადამიანი, რომელმაც სრულიად საქართველოს პოეზიით, მუსიკით დაანახა, რა არის აჭარული გენი, სისხლი, ხორცი და ეს ყველაფერი ზუსტად გადმოსცა. ეს ჩვენი მონაპოვარია, სიდიადეა, ყველაზე დიდი განძია და მადლობა მას, რომ ეს ყველაფერი მუსიკით, სიტყვით უმაღლეს დონეზე მოიტანა ჩვენამდე. აჩიკო ბერიძესთან ნამღერი, სასწაული იყო, ედუარდ გორგილაძესთან – ამაღელვებელი. აჭარას, საქართველოს მისი სახით დიდი მუსიკოსი, უმაღლესი დონის ხელოვანი, გენიოსი ჰყავს. ჩვენთვის ეს ასმაგად სასიხარულოა, რადგან ჩვენი კუთხის შვილია, ბათუმელია, – აღნიშნა მომღერალმა ოთარ ნაკაშიძემ.
– ზვიადის კონცერტზე ყველა სიხარულით მოდის, მე – განსაკუთრებით, რადგან მისი ნაწარმოებების შესრულებას რომ ვუსმენ, მეც თანამონაწილე ვხდები, ძალიან მოდის გულთან, ადამიანურია, ბუნებრივია. წარმატებებს ვუსურვებ. ეს მისი ზენიტში ასვლის დასაწყისია, – თქვა ყოფილმა პედაგოგმა, საოპერო დასის ქორმაისტერმა რუსუდან ბერიძემ.
– ზვიადი იშვიათი კომპოზიტორი, შემსრულებელი, გამორჩეულად თბილი გულის ადამიანია, სცენაზე საოცრებებს სჩადის. ეს მაყურებელმაც იხილა. ჩვენ 30-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და სულ მიკვირს, ამდენი ენერგია საიდან მოდის, თუ არა ღმერთისგან. დღეს ნამდვილი აჭარული დუღილი იყო. ამდენი ინფორმაცია, სხვადასხვა მელოდია, სხვადასხვა მუსიკალური ფერი… საიდან? ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან მისი სახით ნამდვილად მარგალიტი გვყავს, – გვითხრა ოპერის მომღერალმა ედუარდ გორგილაძემ.
– ეს იყო საღამო, რომელმაც ჩვენს გულებში გაიარა. ბათუმელებით გადაჭედილ დარბაზში მიმოფენილ მუსიკის ჰანგებზე გული და სხეული „აჭარულს“ ახვევდა. მაყურებელი ვერ ეტეოდა ერთ ადგილზე. ასეთი ერთსულოვნება დიდი ხანია არ მინახავს. აფერუმ, თქვენს ნიჭიერებას ბატონო ზვიად, ასე რომ ვერ ეტევა კანში… დღეს სცენაზე ქართული გენი ბობოქრობდა. ამას დიდი ქართული საქმე ჰქვია. ეკრანზე, აჭარული ოდის ფონზე, ჩვენი კუთხის დიდი ქართული ისტორია თავის სათქმელს ამბობდა. თუ არ გეწვის არ გესმის, არ გიყვარს აჭარის ისტორია, ჯიგარი არ გაქვს, იმ მუსიკას, რაც დღეს ამ ლამაზ დარბაზში გუგუნებდა, ვერ დაწერ, – აღნიშნა ბათუმის მუსიკალური ცენტრის ოფისის მენეჯერმა ჩიტო ომერაძემ.
– დიდი მადლობა ზაზა სიხარულიძეს და გიორგი ფარსენაძეს. მათი დამსახურებაა, რომ საღამოს ვიზუალური მხარე ასეთი შესანიშნავი იყო, რისი მოყოლაც მინდოდა სიტყვებით და ჰანგებით, მათ ეს მოძრაობით შეძლეს, გააცოცხლეს აჭარის ისტორია. ჩვენი კუთხე არაჩვეულებრივია და მინდოდა, მის მიმართ სიყვარული გამომეხატა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველამ ერთად მოვახერხეთ, დიდი მადლობა ინიციატორებს, ჩემს მეგობრებს, საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროებს ხელშეწყობისთვის და იმ ადამიანებს, ვინც სულ სხვა ფორმატით წარმოგვიდგინა ეს საღამო, – გვითხრა ზვიად ბოლქვაძემ.
როგორც ბატონმა ზვიადმა გვითხრა, ეს მისი პირველი კონცერტი იყო ბათუმში ქალაქის მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსით. ბატონო ზვიად, მადლობა ამ წუთებისთვის.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა



