ზვიად მახარაძე-აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავანი
By

ზვიად მახარაძე-აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავანი

აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში ქედაში ჩატარდა. შემოდგომის თბილმა ამინდმა ბევრი გულშემატკივარი მოიზიდა ქედის კომპლექსურ სასპორტო სკოლის დარბაზში. ფალავნის საპატიო ტიტულისთვის ბრძოლაში 25  სპორტსმენი ჩაერთო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

ასპარეზობის მონაწილეებს მიესალმა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა ტურნირის ობიექტურად ჩატარების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს აქტიური ჩართულობისათვის. როგორც მან აღნიშნა: „ქართული ჭიდაობა აჭარაში ტრადიციად იქცა, რომელიც ღირსებით ინახავს ჩვენს ეროვნულ სპორტულ იდენტობასა და ფალავნურ სულს. ყველას  მიზანია, ფალავნობამ შეინარჩუნოს ღირსება, სამართლიანობა და იმ თაობების სულისკვეთება, ვინც ქართული ჭიდაობა დღემდე მოიტანა. მნიშვნელოვანი,  რომ სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება“.

მონაწილენი ფალავნობის ტიტულის მოსაპოვებლად 4 წონით კატეგორიაში  გაეჯიბრნენ ერთმანეთს.

წონითი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულები გახდნენ: 70 კგ-ში:  ბაჩანა ცინცაძე (ქედა); რომან ხიმშიაშვილი (შუახევი); ვაჟა მჟავანაძე (შუახევი). 80 კგ-ში:  რიჩარდ ფუტკარაძე (შუახევი);  როინ ხიმშიაშვილი (შუახევი);  ბექა აბაშიძე (ხულო). 90 კგ-ში :  გიორგი ქოქოლაძე (ბათუმი); ნიკა გაბაიძე (ბათუმი);  ზვიად მახარაძე (ბათუმი). +90 კგ-ში: თამაზ ბედინაძე (ბათუმი); თამაზ დიასამიძე (ბათუმი); რუსლან შავაძე (ქობულეთი).

4  წონით კატეგორიაში გამარჯვებულებს შორის 2025 წლის აჭარის აბსოლუტური ფალავნის ტიტულის მოსაპოვებელი ორთაბრძოლები გაიმართა.  განსაკუთრებულად დაძაბული და ემოციური იყო  ფინალური შეხვედრა. ფინალში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გასული ზვიად მახარაძე და   ორგზის აჭარის აბსოლუტური ფალავანი თამაზ ბედინაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.  ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. დამატებით დროში ქულა ზვიადმა აიღო და დამსახურებულად მოიპოვა 2025 წლის აჭარის აბსოლუტური ფალავნის საპატიო ტიტული. მესამე ადგილზე არჩილ ჯაიანი გავიდა, რომელიც ახალი სახეა ქართულ ჭიდაობაში.

ფალავანს ცხვარი, 1000-ლარიანი ვაუჩერი, თასი და სხვა საჩუქრები, ხოლო წარმატებულ მოჭიდავეებს თასები, მედლები და  საპატიო სიგელები გადასცეს.

– ზვიად მახარაძემ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა აჭარის ორგზის აბსოლუტური ფალავანი თამაზ ბედინაძე და აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავნის საპატიო ტიტული მოიპოვა. ფალავანი იბრძვის არა მხოლოდ გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქართულმა სულმა არ მიიძინოს. თითოეული ორთაბრძოლა  ჩვენი ისტორიის გაგრძელებაა, თითოეული ფალავანი  ერის სახეა. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია, ქართული ჭიდაობის დიდ ოჯახთან და სპორტულ საზოგადოებასთან ერთად, აჭარის აბსოლუტური ფალავნის საპატიო ტიტულის მოპოვებას ულოცავს ზვიად მახარაძეს და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს. ამასთანავე, ფედერაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, მწვრთნელსა და გულშემატკივარს ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციისა და ღირსეულად წარმოჩენისთვის, – გვითხრა ჯემალ წულუკიძემ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *