ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
„ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია! პენიტენციურმა სამსახურმა გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა და მან რუსთავის ციხე უკვე დატოვა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ჯაფარიძის თქმით, ის დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლას გეგმავს:
„ერთადერთი რისი, საშუალებაც მქონდა, იყო ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზორიდან ვიღებდი. სოცქსელებთან წვდომა არ მქონდა. ადვოკატები ხანდახან რაღაცას მიყვებოდნენ. მე კი მეყოფა თავხედობა, ეგრევე ჭკუის სწავლება დავიწყო და დავიწყო მოყოლა, რა არის გასაკეთებელი, მაგრამ თავს შევიკავებ. ჯერ შევხდები, დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ვიღაცებს დაველაპარაკო, მოვისმინო, ვინ რას ფიქრობს. საბოლოოდ, გეტყვით, სწორად როგორ უნდა გაკეთდეს ყველაფერი. ვეცდები, გავაკეთო მანამ, სანამ დამაცდიან გარეთ ყოფნას. რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმეს, მასკარადი იქნება. ჩემ შემდეგ უნდა გამოვიდეს ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია. ამ წუთას გზავნილი არის ცხადი – გამოგვიშვებენ ცოტა ხანი, დაგვაცდიან ღია სივრცის აღქმას, თავისუფლების შეგრძნებას და მერე მოგვცემენ საშუალებას ან გავჩუმდეთ, ან ქვეყნიდან წავიდეთ. ყოველ შემთხვევაში, მოგვთხოვენ, რომ ბრძოლა არ გავაგრძელოთ. ჩვენ ამ პირობას არ დავთანხმდებით, ამის მერე რას გადაწყვეტენ, არ ვიცი. მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გრძელდება, პროტესტი არსებობს, უამრავი ადამიანი აგრძელებს ამ ბრძოლას მიუხედავად ყველაფრისა, რაც გამოვიარეთ ყველამ ერთად. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი რაღაცისთვის. ვიღაცებს დაიჭერენ, ვიღაცებს სცემენ, დააჯარიმებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს და გავარკვიოთ გზა, როგორ მივიდეთ გამარჯვებამდე. ვაპირებ რუსთაველზე მისვლას დღეს“.