თავისუფლების გაკვეთილი – „ლიტ-კინოში“
By

თავისუფლების გაკვეთილი – „ლიტ-კინოში“

20 თებერვალს აჭარის მწერალთა სახლში ახალ პროექტ „ლიტ-კინოს“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას ფილმი „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ აჩვენეს. ინიციატივის მიზანია ლიტერატურული ნაწარმოებებისა და მათი მიხედვით შექმნილი ფილმების სინთეზის ჩვენება, კინოს გააზრებული აღქმის ხელშეწყობა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც ლიტერატურა და კინო უყვარს. „ლიტ-კინოს“ ფარგლებში, ყოველ პარასკევს, მწერალთა სახლის მცირე დარბაზში კინოჩვენებები გაიმართება, ხოლო ჩვენების შემდეგ, დისკუსია კინოსა და ტექსტის ურთიერთკავშირზე, სტრუქტურაზე, მწერლურ და რეჟისორულ ხედვაზე, მთავარ იდეებსა და აქცენტებზე.

პირველ შეხვედრაზე ნაჩვენები ფილმი „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და შთამბეჭდავი ნამუშევარია, რომელიც განათლების, ინდივიდუალიზმისა და შინაგანი თავისუფლების თემებს ეძღვნება. სიუჟეტი ელიტარულ, მკაცრი წესებით მოქმედ სკოლაში ვითარდება, სადაც მოსწავლეთა ცხოვრება ტრადიციების, დისციპლინისა და მორჩილების პრინციპებზეა აგებული.

ამ ჩაკეტილ სივრცეში ჩნდება თავისუფალი, არაორდინარული მასწავლებელი ჯონ კიტინგი, რომელსაც ეკრანზე რობინ უილიამსი ასახიერებს. მისი პედაგოგიკა სრულიად განსხვავებულია. ის მოსწავლეებს მოუწოდებს, იფიქრონ დამოუკიდებლად, დაინახონ სამყარო საკუთარი თვალით და გაბედონ საკუთარი ხმის პოვნა.

ფილმში მკაფიოდ იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი:

თავისუფლება და არჩევანი – რამდენად შეუძლია ახალგაზრდას საკუთარი გზის არჩევა მაშინ, როცა საზოგადოება და ოჯახი მის ნაცვლად წყვეტენ მომავალს?

პიროვნული იდენტობა – როცა მოსწავლეები თანდათან აცნობიერებენ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებს, რაც ზოგჯერ კონფლიქტს იწვევს გარემოსთან.

განათლების სისტემა – მკაცრი, ფორმალისტური სწავლების მოდელი უპირისპირდება შემოქმედებით და შთამაგონებელ მიდგომას.

პასუხისმგებლობა და შედეგი – თავისუფლებას თან ახლავს რისკიც და ფილმი სწორედ ამ მტკივნეულ ზღვარზე გვაფიქრებს…

მოსწავლეთა ტრანსფორმაცია ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხაზია. თავდაპირველი მორიდებული, წესრიგს მორჩილი ახალგაზრდები თანდათან იწყებენ ფიქრს, კითხვების დასმას, საკუთარი თავის აღმოჩენას. კიტინგი მათთვის მხოლოდ მასწავლებელი არ არის, ის ხდება ადამიანი, ვინც აჩვენებს, რომ პოეზია და ცხოვრება ერთმანეთისგან განუყოფელია.

ფილმი ემოციური და ამავდროულად, ინტელექტუალური გამოცდილებაა. იგი გვახსენებს, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის, ეს არის აზროვნების გაღვივება და შინაგანი თავისუფლებისკენ გზა.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მსჯელობა, სადაც დამსწრეებმა ერთხმად დადებითად შეაფასეს „ლიტ-კინოს“ წამოწყება. აუდიტორიამ იმსჯელა მასწავლებლის როლზე თანამედროვე განათლებაში, ახალგაზრდების არჩევანის თავისუფლებაზე და იმაზე, რამდენად აქტუალურია ფილმის გზავნილები დღესაც. გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს არა მხოლოდ კინოს უკეთ გააზრებას, არამედ საზოგადოებრივ დიალოგსაც.

პროექტის კოორდინატორმა როინ აბუსელიძემ შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ „ლიტ-კინოს“ მთავარი მიზანი სწორედ ასეთი ცოცხალი დიალოგის შექმნაა, სივრცის, სადაც კინო და ლიტერატურა ერთმანეთს ხვდება, ხოლო მაყურებელი – საკუთარ აზრსა და კითხვებს. მისი თქმით, პირველი შეხვედრის ატმოსფერომ და აუდიტორიის ჩართულობამ აჩვენა, რომ პროექტს დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ვისაც სიღრმისეული გააზრება და თავისუფალი მსჯელობა სჭირდება.

– პროექტ „ლიტ-კინოს“ პრეზენტაცია წარმატებით ჩატარდა, ფილმის ჩვენებას ესწრებოდა სხვადასხვა ასაკის მაყურებელი და უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. ნაჩვენები იყო 1989 წელს პიტერ უირის მიერ გადაღებული ოსკაროსანი ფილმი „მკვდარი პოეტების საზოგადოება“, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყო ფილმის განხილვა. მაყურებელმა ისაუბრა ფილმის ძირითად პრობლემაზე, იდეაზე, რეჟისორის ჩანაფიქრზე და ა.შ. „ლიტ-კინოს“ ფარგლებში გათამაშდა 5 ავტორის საერთო პოეტური კრებული „მე მქვია ბათუმი“. სამომავლოდ, პროექტი საშუალებას მისცემს მაყურებელს, რამდენიმე შეთავაზებული ვარიანტიდან თავად შეარჩიოს სასურველი ფილმი, – აღნიშნა პროექტის ავტორმა, მწერალთა სახლის პროექტის კოორდინატორმა როინ აბუსელიძემ.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ლიტ-კინო“ ის კულტურული პლატფორმაა, რომელიც ბათუმს უნდა ჰქონოდა. პროექტმა დასაწყისიდანვე აჩვენა თავისი პოტენციალი და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.

 

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *