18 C ბათუმი
Tuesday 24th June 2025
თანამედროვე რეჟისურა და კლასიკური ტკივილი – ღალატის ანატომია სცენაზე
By

თანამედროვე რეჟისურა და კლასიკური ტკივილი – ღალატის ანატომია სცენაზე

 

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „ღალატის“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის პიესის მიხედვით გიორგი სიხარულიძემ დადგა.

„ღალატი“ დრამატურგ ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის მიერ 1903 წელს შექმნილი ისტორიული დრამაა, რომელშიც ავტორი აღწერს ქართული ისტორიის ერთგვარ ტრაგიკული ფენას. ადამიანების მიერ ჩადენილ მორალურ, სამშობლოს, საზოგადოების, ასევე, ოჯახის წევრების მიმართ ღალატს, რაც წარმოჩენილია როგორც ისტორიის ნაწილი, რომელშიც ღალატის მოტივი პიროვნულ და ეროვნულ ტკივილად იქცევა.

გიორგი სიხარულიძის მიერ დადგმული „ღალატი“ კლასიკური დრამის მოდერნისტული ინტერპრეტაციაა, რომელიც ეყრდნობა ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესის მოტივს, თუმცა სრულად არ მიჰყვება მის ტრადიციულ ნარატივს. სპექტაკლი არ ქმნის დინამიკის განცდას, მასში მოვლენები ფრაგმენტულად იშლება, რაც ერთგვარ მოჩვენებით ქაოსს ქმნის. გაძლიერებულია სიმბოლიზმი და მეტაფორა, მაგრამ შემცირებულია კონკრეტული, ტექსტზე მკაფიოდ დამყარებული მოქმედებები. მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, მოქმედება ერთდროულად სხვადასხვა ეპოქაში ან სივრცეში მიმდინარეობდეს, თუმცა იკვეთება რეჟისორის მთავარი ჩანაფიქრი, რომელიც საზოგადოებას ეუბნება, რომ ღალატი არ ხდება მხოლოდ წარსულში, არამედ ის ხდება მუდმივად, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონტექსტში. რეჟისორი სპექტაკლში აქცენტს მსახიობთა ემოციურ მდგომარეობაზე, განათებასა და მოძრაობებზე, თანამედროვე მეტყველ დეტალებზე უფრო აკეთებს, ვიდრე დიალოგზე ან სიუჟეტურ ლოგიკაზე და წარმოაჩენს, რომ ღალატი არა კონკრეტული აქტი, არამედ წყვეტაა ადამიანურ კავშირში, გრძნობებში, რწმენაში. სიჩუმე და მოძრაობა მეტყველების ნაცვლად გამოყენებულია როგორც ფიქრის გამოხატვის ფორმა. შეიძლება ითქვას, სპექტაკლი არ გვიყვება ამბავს ისე, როგორც კლასიკური დრამა, ის მოგვიწოდებს, შიგნიდან გავიაზროთ ღალატის მექანიზმები – არა, პირობითად, ვინ ვის უღალატა, არამედ როგორ გვიღალატა ჩვენ ისტორიულმა მეხსიერებამ, საკუთარ თავთან კავშირმა. სპექტაკლი აგებულია ემოციური ინტუიციის და არა ინტელექტუალური ახსნის პრინციპზე.

– ვფიქრობ, ღალატის თემა ყველა დროში აქტუალურია. ეს არის სპექტაკლი ადამიანურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ვერასრულებულ სურვილებზე, დაკარგულ ოცნებებზე და აი, ამ ოცნებების შეკოწიწებაზე. ჩემი პერსონაჟის სახეზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ მე და რეჟისორი ზუსტად ვთანხმდებოდით სხვადასხვა ნიუანსზე. მაგალითად, არ მინდოდა ჩემი პერსონაჟი დედოფალი ყოფილიყო, უფრო ქალი მინდოდა ყოფილიყო, რომელიც გულში აცოცხლებს დაკარგულ სიყვარულს შვილისა, ძველი სიყვარულისა. . . ფიქრებში აკოწიწებს იმედს, რომ სამომავლოდ დაიბრუნებს იმას, რაც აცოცხლებს, რაც აძლევს ძალას, გააგრძელოს ცხოვრება და არ შეუშინდეს ამქვეყნიურ ქარტეხილებს. . . მაგრამ ამ ფიქრებში დრო გადის, ძვირფასი დრო. ის, რაც უნდა გავაკეთოთ აქ და ახლა, არ უნდა გადავდოთ შემდეგისთვის. დღეს უნდა ვიყოთ ბედნიერები, რადგან ხვალ შესაძლოა დაგვიანებული იყოს. ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, ადამიანებამდე სწორი გზავნილების მიტანა და თუ ეს მისია შესრულდა, ბედნიერი ვარ, – გვითხრა მსახიობმა თათია თათარაშვილმა.

სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ მადლობა გადაუხადა ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორ ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას და დასძინა, რომ სწორედ მისი რჩევით დადგა ქართული წარმოშობის რუსი დრამატურგისა და მსახიობის – ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის ისტორიული დრამა, რომელშიც ახსნილია ღალატისა და გმირობის მაგალითები.

– უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ამ სპექტაკლის დადგმის იდეა ბატონ ნუკრის ეკუთვნის. როდესაც მან შემომთავაზა, რაიმე დამედგა ბათუმში, ვკითხე, რას ისურვებდა, მან კი მითხრა, რომ სუმბათაშვილის „ღალატი“ გაგვეცოცხლებინა. გადავხედე პიესას, მიუხედავად იმისა, რომ ის საუკუნისა და ორი ათეული წლის წინაა დაწერილი, იმდენად აქტუალურია, რომ არაერთი მარცვალი ვიპოვე, რაც შეიძლებოდა დღეს, თანამედროვე მაყურებლისთვის, თანამედროვე ხერხებით შემეთავაზებინა. დღეს, ციფრულ ეპოქაში, ძნელია თანამედროვე ახალგაზრდას ესაუბრო ისე, რომ ზუსტად მიიტანო სათქმელი, დააფიქრო. მიმაჩნია, რომ სპექტაკლის იმ ფორმით, რომელიც შესანიშნავად შექმნა მხატვარმა თეო კუხიანიძემ, მოვახერხეთ და მაყურებელს ველაპარაკეთ პრობლემაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ყველა დროში აქტუალურია. ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ისტორიისთვის და ხვალინდელი დღისთვის ახალგაზრდები არიან, ეს ყველაფერი კი ხდება იმისთვის, რომ ჩვენი შვილების თაობამ სწორად მართოს და განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი. არ მიყვარს, როდესაც ფიცარნაგიდან ვინმეს ჭკუას ვასწავლი, მე მინდა ახალგაზრდებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მრავლად მოვლენ სპექტაკლზე, ვაჩვენოთ პრობლემა და მჯერა, ისინი საკმაოდ განათლებულები, გათვითცნობიერებულები არიან, თავად გააკეთებენ სწორ არჩევანს, – გვითხრა სპექტაკლ „ღალატის“ დამდგმელმა რეჟისორმა და მუსიკალური გაფორმების ავტორმა გიორგი სიხარულიძემ.

დადგმაში მსახიობები ავთანდილ ქარჩავა, გია აბესალაშვილი, ნინო აბესალაშვილი, თათია თათარაშვილი, ქეთა ბარამიძე, დავით ჯაყელი, ხატია ფოფხაძე, კახა კობალაძე, ლევან თედორაძე (უმცროსი), მიხეილ ღომიძე, ლევან თედორაძე, გიორგი ყურავა და ლაშა კონცელიძე მონაწილეობენ.
მხატვრობა თეო კუხიანიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია – გიორგი აბესალაშვილს, ხოლო რეჟისორის თანაშემწე ნატო ღლონტი და თეონა ლორთქიფანიძე არიან.

სპექტაკლის მე-4 საპრემიერო ჩვენება 24 ივლისს გაიმართება.

 

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივნისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *