თანამშრომლები – ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მთავარი კაპიტალი
ბათუმის საზღვაო ნავსადგური დღეს არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკური საყრდენი, არამედ კულტურული და სოციალური ინოვაციების ეპიცენტრიცაა. ციფრული ტრანსფორმაცია, „მწვანე პორტის“ სტატუსი და სოციალური პასუხისმგებლობა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც ნავსადგურის გენერალურ დირექტორს, ბატონ ულან ტლეუგალს ვესაუბრეთ. ხელმძღვანელისთვის, რომელიც ყაზახეთიდან ჩამოვიდა, ბათუმი დიდი ხანია მხოლოდ სამუშაო ადგილი აღარ არის.
– ბატონო ულან, ჩვენი ბოლო შეხვედრა ნავსადგურის კორპორატიული მუზეუმის გახსნასა და ბათუმელ მხატვართა გამოფენას დაემთხვა, რასაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს პორტი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში?
– მუზეუმის გახსნა ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ემოციურად განსაკუთრებული მომენტი იყო. ნავსადგური, თავისი არსით, ბათუმის გული და მისი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. როდესაც აქ ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები გამოვფინეთ, ვიგრძენით ის საოცარი ენერგია, რომელიც ინდუსტრიულ გარემოსა და ხელოვნებას შორის შეიძლება არსებობდეს. მუზეუმი ხიდია წარსულსა და მომავალს შორის. ჩვენი მიზანია, ნავსადგური დარჩეს არა მხოლოდ ლოგისტიკურ კვანძად, არამედ სივრცედ, სადაც იბადება იდეები, ფასდება ნიჭიერება და პროფესიონალიზმი.

– თქვენი ხელმძღვანელობით ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დიგიტალიზაციისკენ – DBA Group -თან თანამშრომლობით TOS სისტემის დანერგვა დაიწყეთ. რას ნიშნავს ეს ტექნოლოგიური გარღვევა?
– ეს არის ჩვენი სტრატეგიული მომავალი. TOS სისტემის დანერგვა ნიშნავს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგური მსოფლიოსთან სრულად ციფრულ ენაზე იწყებს საუბარს. ჩვენ ვამარტივებთ პროცესებს, ვზრდით გამჭვირვალობას და რაც მთავარია, ვამცირებთ გარემოზე ზემოქმედებას. როგორც საქართველოში ერთადერთი „მწვანე“ სტატუსის მქონე პორტი, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ვიყოთ ინოვაციების ავანგარდში. ეს არის პასუხისმგებლობა როგორც ბიზნესის, ისე იმ გარემოს წინაშე, სადაც ვმუშაობთ.

– ბატონო ულან, როდესაც საუბარი ციფრულ ტრანსფორმაციას ეხება, ხშირად სვამენ კითხვას – როგორ ხედავთ თანამშრომლების როლს ახალ ეპოქაში?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვანია. TOS სისტემა არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს პროფესიონალებს რუტინულ, მექანიკურ სამუშაოს შეუმსუბუქებს და საშუალებას მისცემს, კონცენტრირდნენ უფრო მაღალი დონის მართვაზე. თანამშრომლები ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მთავარი კაპიტალია, სწორედ ამიტომ, სისტემის დანერგვასთან ერთად, ინტენსიურად ხდება პერსონალის გადამზადება. პორტი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ციფრული სიზუსტე და ადამიანური გამოცდილება ერთმანეთს ავსებს.

– ახალი წელი ახლოვდება და ნავსადგური, ტრადიციულად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა სახლებს. რატომ საუბრობთ ამ თემაზე მორძალებულად?
– ჩვენს გუნდს მტკიცედ სჯერა, რომ ნამდვილი სიკეთე ჩუმია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიღებულია კეთილ საქმეებზე საჯაროდ საუბარი სხვების შთაგონების მიზნით, ჩვენ მაინც მოქმედებას ვანიჭებთ უპირატესობას. ბავშვებისთვის საჩუქრების მომზადება ჩვენი გუნდისთვის ყველაზე თბილი ტრადიციაა. ეს არ არის კორპორაციული ვალდებულება, ეს გულწრფელი სურვილია. ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, თანამშრომლებთან მუდმივი და ღია კომუნიკაციაც პრიორიტეტია. ბათუმის საზღვაო ნავსადგური ერთი დიდი ოჯახია და მე ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენს ერთობლივ საქმიანობასა და გარემოს.
– ბატონო ულან, თქვენ ყაზახეთიდან ხართ, თუმცა ბათუმზე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობთ. როგორია თქვენი და თქვენი ოჯახის ბათუმური ცხოვრება?
– ბათუმი ჩემთვის გახდა როგორც პროფესიული საქმიანობის ადგილი, ასევე, კომფორტული საცხოვრებელი გარემო. აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. განსაკუთრებით გვიყვარს გასეირნება საზღვაო სადგურის მიმდებარე ტერიტორიასა და ბულვარში. ქალაქი გამოირჩევა თბილი ადამიანებით და განსაკუთრებული ატმოსფეროთი. ვცდილობ, საკუთარი წვლილი შევიტანო ბათუმის ნავსადგურის განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ქალაქისა და რეგიონის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. მმართველი კომპანია KazTransOil-ი ამ პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში.
ხატია იაშვილი