თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება – 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ახალი ეტაპი საქართველოს ავიაციაში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მიმართულებით, საქართველო ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც აეროპორტის განვითარებისთვის 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. შეთანხმების ხელმოწერას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას და მგზავრთა მომსახურების ხარისხს. მისივე თქმით, განხორციელებული ინვესტიცია უზრუნველყოფს „მგზავრთნაკადის ზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამგზავრო გამოცდილებას“.
ხელშეკრულების ფარგლებში, Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია „TAV“-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას დამატებით ხუთი წლით – 2031 წლის ბოლომდე, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დასრულებამდე გააგრძელებს. ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ პარტნიორებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტია, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს“.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და ავიაციის რეკორდულ მაჩვენებლებზეც. მისი თქმით, 2025 წელი ისტორიული იყო – საქართველოში დაფიქსირდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი, ხოლო ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტმა 8,5 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. როგორც მან აღნიშნა, ავიაციისა და ტურიზმის სწრაფმა განვითარებამ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, მოეზიდა ახალი ავიაკომპანიები, გაეზარდა პირდაპირი რეისების რაოდენობა და გაემყარებინა საქართველოს როლი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ საავიაციო სივრცეში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო მოქმედებს, როგორც „სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი“, ქმნის გარემოს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია. ამ კონტექსტში პრემიერმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და მის გუნდს, რომლებმაც „მოლაპარაკებები წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, რამდენჯერმე გაუმჯობესებული პირობებით დაასრულეს“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ შეთანხმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. მისი თქმით, განახლებული პირობებით „ტავ ჯორჯია“ აეროპორტის ოპერირებას 2031 წლის ბოლომდე გააგრძელებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სერვისების განვითარებას.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციის სექტორის როლზე და აღნიშნა, რომ „ავიაციას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაში“. მისივე ინფორმაციით, 2025 წელს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ხუთი მიმართულებით – ავიაკომპანიების რაოდენობის, პირდაპირი მიმართულებების, ფრენის სიხშირეების, მგზავრთნაკადისა და ტურისტული ვიზიტების კუთხით. დღეს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან 77 ავიაკომპანია 125 პირდაპირი მიმართულებით ასრულებს ფრენებს.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პირდაპირი ფრენების ზრდამ განაპირობა ის, რომ სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 8,5 მილიონ მგზავრსა და 37 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 14%-იან, ხოლო რეისების 16%-იან ზრდას ნიშნავს. მისი თქმით, ეს შეთანხმება „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანს – სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოსა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე“.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ. ღონისძიებას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ფილიპე პასკალი, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შეთანხმება მნიშვნელოვნად გააძლიერებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესაძლებლობებს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო საავიაციო სივრცეში სწრაფად მზარდი და სანდო პარტნიორის პოზიციას.
გალერეა
