
,,თეთრი პერლა“ – ხიდი წარსულსა და მომავალს შორის
გაზეთ „აჭარის“ სტუმარია ახალი ტურისტული სააგენტოს ,,თეთრი პერლა“ დამფუძნებელი, დირექტორი და მეწარმე ქალი ნინი კაკაბაძე. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, მას საფუძვლად უდევს ძალიან პირადული ისტორია, ოჯახური მეხსიერება და მშობლიური რეგიონის სიყვარული. გარდა ამისა, „თეთრი პერლა“ განსაკუთრებულ მისწრაფებებს ატარებს: გახდეს არა მხოლოდ წარმატებული ტურისტული სააგენტო, არამედ სივრცე, სადაც ადგილობრივები და უცხოელები ერთად შეძლებენ ჩვენი კულტურის, ტრადიციების და ბუნების აღმოჩენას.
– რა იყო მთავარი მოტივაცია „თეთრი პერლას“ შექმნისას?
– მთავარი მოტივაცია ალბათ ის იყო, რომ სულ მაინტერესებდა, რისი აღმოჩენა შემეძლო ჩემს ქალაქში, რით შეიძლებოდა ჩემი გაოცება. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რაღაცნაირად შემეფუთა ჩემი სპეციალობა და მიმეყვანა იმ პუნქტამდე, რომელსაც მოვარგებდი დღევანდელობას და თან მისწვდებოდა მომავალს. „თეთრი პერლა“ ჩემთვის მხოლოდ სახელი არ არის, ეს არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, ეს არის მოგზაურობა იმ სამყაროში, სადაც წარსული და მომავალი ერთიანდება. „თეთრი პერლა“ ჩემი მეორე „მეა“ – ამბიციური, ნაზი, სულიერი და ძვირფასი. ეს არის ადგილი, სადაც მოგზაურობა აღარ არის მხოლოდ გადაადგილება, ეს სულიერი გამოცდილებაა.
– ტურისტული სააგენტოს უკან რა ემოციური ისტორიაა? გვიამბეთ ამის შესახებ…
– „თეთრი პერლა“ დაიბადა სიყვარულისგან. თავიდან დიდხანს ვფიქრობდი სახელზე, სხვა ვარიანტებიც მქონდა, თუმცა საბოლოოდ, სწორი არჩევანი გავაკეთე. არის სახელი, რომელსაც შენ ირჩევ, და არის სახელი, რომლებიც თავად გირჩევენ. „თეთრი პერლა“ არის სწორედ ასეთი – მემკვიდრეობა, მოგონება და სიყვარული, რომელიც დროს გასცდა. ეს სახელი შემარქვა ბებიამ, რომელსაც რეალურად არ ვიცნობ, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ მის არსებობას. ეს სახელი მხოლოდ ოჯახში არსებობდა, საიდუმლოსავით. ახლა კი გადავწყვიტე მისი გახმოვანება და ახალ სიცოცხლედ ქცევა. ასე იქცა ჩემი პირადი ისტორია ბიზნესის საფუძვლად. ეს სახელი გახდა ახალი გზის, ახალი ოცნების დასაწყისი. ეს არის სიყვარულის წერილი ბებიას, რომელსაც თითქოს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი და მინდა რომ თან დამყვებოდეს.
– პირადი ისტორიის გათვალისწინება – რამდენად განსაზღვრავს ეს ემოციური მხარე კომპანიის სულს და მისი მუშაობის სტილს?
– ეს არ არის მხოლოდ სახელი – ეს არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. ეს ემოციური ფესვები ქმნის კომპანიის სულს. ჩვენთვის მოგზაურობა არის არა მარტო ლამაზი ხედების ნახვა, არამედ კავშირი ადამიანებსა და ადგილებს შორის. სწორედ ამიტომ, მუშაობის სტილი მთლიანად გულწრფელობაზე, სითბოს გაზიარებასა და ნამდვილ გამოცდილებაზეა დამყარებული. „თეთრი პერლა“ იქმნება იმ ემოციური ფესვებიდან, სადაც მოგზაურობა სიყვარულთან, მეხსიერებასთან და ადამიანურ კავშირთან ერთიანდება.
– ტურისტული კომპანია ბევრია. რა იქნება „თეთრი პერლას“ მთავარი უპირატესობა სხვებთან შედარებით?
– თეთრი პერლა | White Perla არ არის უბრალოდ ტურისტული სააგენტო. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ არა მხოლოდ ქალაქების ნახვას, არამედ მათთან დაკავშირებას. ჩვენი მიზანია, დაგანახოთ ბათუმი და საქართველო ახალი თვალით, ქალაქი, რომლის ყველა ქუჩას ისტორია აქვს, ყველა ქარს – სიმღერა, ყველა კუთხეს – საიდუმლო. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ მოგზაურობას ვაქცევთ ისტორიად. არ გთავაზობთ მხოლოდ ადგილებს სანახავად, არამედ – გაჩვენებთ ქალაქის გულს, ტრადიციებს, ადამიანებს.
– პირველ ეტაპზე რომელ მიმართულებებს შესთავაზებთ ტურისტებს – მხოლოდ ბათუმსა და აჭარას, თუ საქართველოს სხვა კუთხეებსაც?
– პირველ რიგში, ბათუმსა და აჭარას, რადგან ეს არის ჩემი ქალაქი, ჩემი ფესვები. მინდა, რომ აქ ჩამოსულ სტუმარს ბათუმი სულ სხვა თვალით დავანახო. შემდგომ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გავფართოვდებით. ჩვენი ქვეყანა იმდენად მდიდარია ისტორიითა და სილამაზით, რომ მისი ყველა კუთხე იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
– რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევთ ადგილობრივების ჩართვას კომპანიის საქმიანობაში?
– ადგილობრივების გარეშე მოგზაურობა არასოდეს იქნება ნამდვილი. სტუმარი უნდა შეხვდეს ადამიანებს, მოისმინოს მათი ამბები, ნახოს მათი ყოველდღიურობა. ეს არის გზა, რომ მოგზაურობამ ღირებულება შეიძინოს – არა მხოლოდ ტურისტისთვის, არამედ თვითონ ადგილობრივი საზოგადოებისათვისაც.
– თქვენი კომპანია უცხოელებზე იქნება ორიენტირებული თუ იმ ქართველებზეც, რომლებსაც სურთ საკუთარი ქვეყნის ხელახლა აღმოჩენა?
– ორივეზე. უცხოელებს ვაჩვენებთ ნამდვილ საქართველოს, მაგრამ პარალელურად, ქართველებსაც მივცემთ საშუალებას, ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა. ხშირად ადგილობრივებიც ვერ ხედავენ თავიანთ ქალაქს სათანადოდ. ჩვენ გვინდა, სწორედ მისი დანახვა ვისწავლოთ.
– რა როლს ანიჭებთ თქვენს ტურებში კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ხალხური გამოცდილების წარმოჩენას?
– ძალიან დიდს. ჩვენ გვინდა, ადამიანებმა არა მხოლოდ ლამაზი ხედები ნახონ, არამედ გახდნენ ადგილობრივი კულტურის ნაწილი. გაეცნონ პროცესს: კერძის მომზადებას, მრავალხმიან სიმღერას, ცეკვის რიტმს, ხელსაქმის ტექნიკას, ენის ბგერებს და ნახონ ნამდვილი ყოფა. ეს გამოცდილება აძლევს მოგზაურობას ნამდვილ ხიბლსა და ღირებულებას.
– აჭარაში ჩამოსულ სტუმარს უპირველეს ყოვლისა, რის ნახვას ურჩევდით?
– უპირველეს ყოვლისა, ბათუმის ნამდვილი სახის. არა მხოლოდ სანაპიროსი და ბულვარის, არამედ პატარა ქუჩების, სადაც ისტორია ცოცხლობს. ასევე, მთიან სოფლების, სადაც ზღვა და მთა ერთიანდება და ბუნება თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს, ბოტანიკური ბაღის, სადაც ზღვა და მცენარეები ერთ ენაზე სუბრობენ; ძველ უბნებისა და ბაზრის, სადაც ბათუმის გემო იბადება; გონიოს ციხეს, ისტორიით დატვირთულის; მახუნცეთის წყალუხვი ჩანჩქერისა და თაღოვანი ხიდის, მტირალას ნაკრძალისა და პეტრას ციხის და, რა თქმა უნდა, აჭარული სუფრის სითბოს.
– რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის ეკოლოგიური მიმართულება და მდგრადი ტურიზმი?
– ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და მიზანია. გვსურს, ტურები ისე შევქმნათ, რომ ბუნებას ზიანი არ მიადგეს. პირიქით – ვეცდებით, ხელი შევუწყოთ გარემოს დაცვას და გავზარდოთ ცნობიერება მდგრადი მოგზაურობის მნიშვნელობაზე.
– შეიძლება ითქვას, რომ „თეთრი პერლა“ მხოლოდ ტურისტული კომპანია არ არის. ხედავთ თუ არა მას, როგორც კულტურულ და საგანმანათლებლო პლატფორმასაც?
– დიახ. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს კულტურული ხიდი, პლატფორმა, სადაც ადამიანები შეისწავლიან ისტორიას, ტრადიციებს, ერთობლივად შექმნიან გამოცდილებას. ტურისტული კომპანიის მიღმა აქ არის იდეა – შევქმნათ სივრცე კულტურული გაცვლისა და განათლებისთვის. მოგზაურობა ხომ სწავლის, აღმოჩენის და გაზიარების პროცესია.
– ახალი კომპანიის შექმნისას ყოველთვის არის გამოწვევები. თქვენ რა სირთულეებს ელით და როგორ აპირებთ მათ დაძლევას?
– სირთულეები იქნება, რა თქმა უნდა. გამოწვევებია – კონკურენცია, ფინანსები, სეზონურობა, რესურსების მართვა, ნდობის მოპოვება. ვპასუხობთ სამი რამით: გამჭვირვალობა ყველა პროცესში; პარტნიორობა – ადგილობრივებთან, გიდებთან, მცირე ბიზნესებთან და მუდმივი უკუკავშირი, რომლის საფუძველზეც ყოველ ტურს ვხვეწთ. ყველაზე ძლიერი რგოლი მაინც გულწრფელობაა – ის, რასაც ვერავინ აკოპირებს.
– დაბოლოს, როგორი წარმოგიდგენიათ „თეთრი პერლა“ ხუთი წლის შემდეგ?
– ხუთი წლის შემდეგ, „თეთრი პერლა“, როგორც ბრენდი, ცნობილი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თბილი სივრცე ბათუმში, სადაც მოგზაურობა იწყება ჩაის ორთქლით და მთავრდება მეგობრობით. ვფიქრობ, პერლას იმაზე მეტი შესაძლებლობა და ამბიცია აქვს, ვიდრე იყოს უბრალოდ ბრენდი, ან იცნობდეს მსოფლიო. კონკრეტული 5 წლის გეგმა პერლას უკვე მიზნობრივად აქვს გაცნობიერებული.
ლაშა ხომერიკი
გალერეა
