18 C ბათუმი
Friday 13th June 2025
თემურ ქათამაძე ორდუში იმყოფება და ის თავისუფალია
By

თემურ ქათამაძე ორდუში იმყოფება და ის თავისუფალია

ბათუმელ მედროშედ წოდებული თემურ ქათამაძე, რომელიც საქართველოდან გააძევეს, ორდუში იმყოფება. ის საგამოძიებო უწყებაში დაკითხეს, შემდეგ გაათავისუფლეს. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა მარიამ ყველაშვილმა მედიას დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მეტი დეტალი მისი დაცვის ქვეშ მყოფ თემურ ქათამაძეზე ამ დროისთვის არ მოეპოვება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თემურ ქათამაძე კანონის შესაბამისად გააძევეს ქვეყნიდან, რადგან მას საქართველოში ყოფნის ვადა ამოეწურა და თავისი ნებით ტერიტორიას არ ტოვებდა.
– ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს რვა სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფილობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე 10 წელზე მეტია ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა მან სახელმწიფოსგან ყოველ ჯერზე უარი მიიღო.
ცნობისთვის, ბათუმში პოლიციამ პირველად თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა გათავისუფლებიდან იმავე წუთში, იგი ხელმეორედ, საქართველოში ცხოვრების უფლების არქონის გამო დააკავეს.
გუშინ მთავრობის სახლთან მედროშის სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა.
– ქართულმა მხარემ სამარცხვინოდ გადასცა თურქულ მხარეს თემურ ქათამაძე, თუმცა აღმოჩნდა, რომ თურქული სასამართლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს სასამართლო. ამ მოცემულობამ თავიდან ბოლომდე გააშიშვლა „ქართული ოცნების“ პირადი სასამართლო და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა გენო თებიძემ.

 

  • No Comments
  • ივნისი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *