თენგიზ შარმანაშვილი: დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოში კი არ წავიდოდით
By

თენგიზ შარმანაშვილი: დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოში კი არ წავიდოდით

არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

„მე არაფერი გამირევია, მაგრამ ვინც გაურია, ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. ახლა გამოძიება მიმდინარეობს, ეს გითხრათ პრემიერმაც. რატომ გაურიეს და ეს გარევა იყო თუ არა კანონიერი, ამას გამოძიება დაადგენს. არცერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს, არცერთი საკითხი გამოძიების მიღმა არ დარჩება. რაც მთავარია, ასეთი დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოში კი არ წავიდოდით. ჯერ BBC-თან გავარკვევთ იმ საკითხს, რაც ბრიტანეთის კანონმდებლობით არის მიღებული და რომელსაც პირველი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი ამის გასაკეთებლად. თუ ისინი სამართლიანად არ მოიქცევიან, რა თქმა უნდა, სასამართლოსაც მივმართავთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომს უჩიოდა, მათ შორის, თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

  • No Comments
  • დეკემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *