„თექა ინტერიერში“ – ტრადიცია, რომელიც თანამედროვეობაში ცოცხლდება
აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „თექა ინტერიერში“, რომელიც ქართული გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი მეთოდის ახალ ინტერპრეტაციას სთავაზობს მნახველს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ორი მხატვრის – ქეთევან გაგნიძისა და ელენე ფილაურის 33 ნამუშევარი, შესრულებული ბუნებრივი მასალებით: მატყლითა და აბრეშუმით, ეკოლოგიურად სუფთა საღებავებითა და თანამედროვე დიზაინით. ექსპოზიცია აერთიანებს როგორც ინტერიერის დეკორატიულ ნივთებს, ისე, ქალისა და მამაკაცის აქსესუარებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თექის მრავალმხრივობასა და მისი გამოყენების ახალ ხედვებს.
პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი მიზანია ქართული თექის ტრადიციის პოპულარიზაცია, ხელნაკეთი პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, პროფესიული განვითარების წახალისება და ახალი საქმიანი კავშირების ჩამოყალიბება. გამოფენა კომპანიის „ქართული თექა“ ორგანიზებით მოეწყო და 13 ნოემბრამდე გაგრძელდება.
„ქართული თექის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ქეთევან გაგნიძემ აღნიშნა, რომ გამოფენა არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ ცხოვრებისეული ფილოსოფიის გამოხატულებაა.
– მინდა, მადლიერება გამოვხატო აჭარის კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების მუზეუმის მიმართ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი სივრცე დაგვახვედრეს. ჩვენი კომპანია უკვე 20 წელია არსებობს და ამ დროში მხოლოდ პროდუქციის შექმნით არ შემოვფარგლულვართ. ვატარებდით სასწავლო პროექტებსა და მასტერკლასებს რეგიონებში, რის შემდეგაც ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას ჩვენს კომპანიაში ვასაქმებდით. დღეს თექა ახალ ფორმას იღებს, მან ინტერიერში გადმოინაცვლა. ეს მხოლოდ დიზაინის ტენდენციას არ უკავშირდება, ეს არის სიღრმისეული კვლევა, რომელიც აერთიანებს ტრადიციასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. თექის ტექსტურა, ავთენტურობა და სითბო სივრცეში მშვიდ განწყობას ქმნის. ყოველი ნამუშევარი სიყვარულით და კეთილი ენერგიით არის შექმნილი, რაც ოჯახურ გარემოშიც იგრძნობა, – აღნიშნა ქეთევან გაგნიძემ. მისი თქმით, ორგანიზაციას უკვე აქვს მოლაპარაკებები დეველოპერულ კომპანიებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული თექის ინტეგრაციას თანამედროვე საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სივრცეებში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გამოყენებითი ხელოვნების სხვა დარგების – თექისა და კერამიკის ერთობლივი განვითარება, რაც ქართულ დიზაინს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

„გვსურს, ეს სფერო თანმიმდევრულად განვავითაროთ, კოლაბორაციული ფორმით, რათა ქართულ ხელოვნებაში გაჩნდეს მეტი სინთეზი და ინოვაციური მიდგომა“, – აღნიშნა ქეთევან გაგნიძემ.
თამუნა ბერიძე, ისტორიკოსი და მკვლევარი, რომელიც უკვე 14 წელია თურქეთში მოღვაწეობს, გამოფენას ემოციურად გამოეხმაურა:
– ქართული თექა ჩემთვის საქართველოს ისტორიის მატარებელია – მის ნაქსოვში ჩანს ჩვენი ქვეყნის კულტურის შტრიხები, აღმოსავლური მოტივებით გამდიდრებული ფორმით. დიდი ხანია ქართულ გამოფენას არ დავსწრებივარ და ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ექსპოზიციაზე ყოფნა. ორგანიზატორებს დიდ მადლობას ვუხდი ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული დღესასწაულისთვის.
აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორ თეონა ზოიძის თქმით, გამოფენა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მუზეუმმა ითანამშრომლოს ინდუსტრიულ და დიზაინის სექტორთან, რითაც კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვეობას ორგანულად უკავშირდება.

– საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროების ინიციატივითა და მხარდაჭერით, დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს კომპანია „თექა ინტერიერში“ გამოფენას. მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა თანამშრომლობა სხვადასხვა ინდუსტრიასთან. დღევანდელი გამოფენა სწორედ იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მუზეუმმა ითანამშრომლოს კომპანიასთან, მით უმეტეს, ისეთ კომპანიასთან, რომელიც ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაზე. ასეთი ტიპის გამოფენა პირველია და სასიხარულოა, რომ ეს დაემთხვა ამ კომპანიის 20 წლის იუბილეს, – აღნიშნა აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ.
„თექა ინტერიერში“ არა მხოლოდ გამოფენაა, არამედ დისკურსი ტრადიციისა და თანამედროვეობის გადაკვეთის შესახებ.
ეს არის ისტორიის, ემოციისა და დიზაინის ერთიანობა, სადაც მატყლი და აბრეშუმი თანამედროვე სტრუქტურებში ახალ სიცოცხლეს იძენს.
პროექტის ავტორები გეგმავენ, რომ ექსპოზიცია მომავალში საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანონ, რათა ქართული თექა მსოფლიო აუდიტორიასაც გააცნონ.
ნანა აბულაძე