თექის გზაზე ნაპოვნი სიმშვიდე
By

თექის გზაზე ნაპოვნი სიმშვიდე

ჩვენი სტუმარია ბათუმელი ხელოვანი თამარ ხალვაში. ის 1991 წლიდან, აჭარის სახელმწიფო კაპელაში გუნდის მსახიობი იყო, 1993- 2004 წლებში – ბათუმის ოპერის სახელმწიფო თეატრის, ალექსანდრე ხომერიკის ხელმძღვანელობით. 2004 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტი პედაგოგ მურმან მახარაძესთან სოლო სიმღერის სპეციალობით. პარალელურად, მუშაობდა საოპერო სტუდიაში სოლისტად. შესრულებული აქვს მთავარი პარტიები ოპერებში: -„ალეკო“, რახმანინოვი, „დონ-ჟუანი“, „ფიგაროს ქორწინება“ (მოცარტი) და ა.შ. პარალელურად, გალობს მართლმადიდებლურ ტაძრებში და თავისუფალ დროს მუშაობს თექაზე. არის ერთი პერსონალური გამოფენის ავტორი, რომელიც საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ოპიზარში“ გაიმართა, არის ერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე.
თექასთან ურთიერთობა მის ცხოვრებაში თითქოს შემთხვევით დაიწო, თუმცა მალე გადაიქცა თვითგამოხატვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორმად. მიუხედავად პაუზებისა, თამარი ყოველთვის უბრუნდება ამ საქმიანობას. ყოველი დაბრუნება კი ახალ შთაგონებასა და შემოქმედებით ენერგიას აძლევს. მის ფერად ნამუშევრებში მუსიკალური გამოცდილებაც იგრძნობა. თამარ ხალვაში შემოქმედებით გზას დიდი სიყვარულითა და მუდმივი ძიებით აგრძელებს. თექაზე მუშაობა მისთვის არა მხოლოდ ხელსაქმეა, არამედ შინაგანი სიმშვიდის, თვითგამოხატვის და ინსპირაციის განსაკუთრებული რიტუალი.

ქალბატონო თამარ, როგორ და როდის აღმოაჩინეთ თექისადმი თქვენი ინტერესი?
– ერთხელ ახლობელმა მიმიყვანა სახელოსნოში, სადაც ქართველი ქალბატონი თექისგან სასწაულებს ქმნიდა – ძალიან ლამაზ შარფებს, ქუდებს, სათამაშოებს. რაკი ამ პროცესით დავინტერესდი, რამდენიმე ფერის პატარა თექა გამომატანა. თავდაპირველად, მობილური ტელეფონის ჩასადების დამზადება ვსინჯე, მერე, რაღაც პერიოდი გავჩერდი, ერთფეროვნება არ მიყვარს და სხვა რამის გაკეთება ვცადე. მოვიდა მუზა, და შავ ნაჭერზე, ჩემეული მეთოდით, ფერადი ყვავილები დავაწებე, რომელიც საკმაოდ ლამაზი გამოვიდა. ის ქალბატონი სხვა მეთოდით აკეთებდა და სხვანაირად მუშაობდა თექაზე. შემდეგ ისევ გავჩერდი, რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ მომინდა თექასთან მუშაობა და ისევ მივუბრუნდი.

– პირველი ნამუშევარი, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ თექა შეიძლებოდა თქვენი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედებითი ხელსაქმე გამხდარიყო?
– 2011-2012 წლები იყო ჩემი თექასთან შეხების პირველი ეტაპი. ჩემმა ახლობელმა შემომთავაზა რომელიმე სურათის გადაღება და თექით დამზადება. ძველი თბილისის სურათი შევარჩიეთ, თავიდან მეშინოდა, მეგონა, ვერ შევძლებდი, მაგრამ ბოლოს მე თვითონ განცვიფრებული დავრჩი, რომ გამომივიდა. სხვათა შორის, ძალიან დიდხანს არ მეგონა, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი საქმე გახდებოდა, ვფიქრობდი, რომ რიგითი გატაცება იყო და ოდესმე გავჩერდებოდი. თუმცა, მიუხედავად დიდი პაუზებისა, მაინც ვაგრძელებდი თექაზე მუშაობას და დღემდე ასეა. ვერ ვიტყვი, რომ მუხლჩაუხრელად ვშრომობ ამ მხრივ, ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რადგან ვმუშაობ და ძალიან დატვირთული ვარ. მაგრამ არის პერიოდები, როცა მინდება თექაზე მუშაობა და შედარებით თავისუფალ დროს ამ საქმეს ვუბრუნდები.

– თექაზე მუშაობის პროცესში რომელი ეტაპია თქვენთვის ყველაზე საინტერესო ან მედიტაციური?

– თექაზე მუშაობა ძალიან მამშვიდებს. მთლიანი პროცესი მედიტაციურია ჩემთვის, რადგან სულიერად ვმშვიდდები. გაგიკვირდებათ და როცა ძალიან გადაღლილი მოვდიოდი სახლში სპექტაკლების შემდეგ, მაშინ მინდებოდა თექაზე მუშაობა, თითქოს ვთავისუფლდებოდი დაღლილობისგან და ყველაფერ დადებითს ვიღებდი ამ პროცესით.

თექა დიდ დროს და მოთმინებას ითხოვს. რა განწყობით იწყებთ მუშაობას?

– დიახ, საკმაოდ შრომატევადია თექაზე მუშაობა, დროის ფაქტორიც გასათვალისწინებელია და მოთმინებაც საჭიროა, რადგან გაწონასწორებული, მშვიდი თუ არ ხარ, პროცესს ვერ გაართმევ თავს. ყოფილა შემთხვევა, როცა ნანერვიულებს დამიწყია ნამუშევრის კეთება (ცხადია, ეს ხშირად არ ხდება) და პირიქით, კარგი განწყობა მოსულა თექაზე მუშაობის შემდეგ.

რამდენად ახდენს გავლენას თქვენი მუსიკალური გამოცდილება თექის ნამუშევრების სტილზე, ფორმაზე ან ფერებზე?

– ჩემი აზრით, მუსიკალური გამოცდილება დიდ გავლენას ახდენს ნამუშევრების სტილზე. კლასიკური მუსიკის ფონზე ვმუშაობ და სრული ჰარმონია სუფევს. რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება ეს, განწყობას მიქმნის. რაც შეეხება ფერების შერჩევას, ეს ალბათ, შინაგანი ბუნებიდან მოდის. ჩემი ნამუშევრების ხილვის შემდეგ ყველა მეუბნება, რომ შენი ხასიათი დევს სურათებშიო. გვერდიდან უფრო ჩანს რაღაცები, მე შესაძლოა, ვერც ვამჩნევდე, სხვა უფრო ობიექტურად აფასებს.

თექაზე მუშაობისას რომელი ტექნიკა გიზიდავთ ყველაზე მეტად და რატომ?

– თექის მშრალი მეთოდით დამზადება მიყვარს, ალბათ, იმიტომ, რომ ფერებს უკეთესად ვალაგებ, სურათებშიც უფრო სიმსუბუქეს ვხედავ. თუმცა არის სურათები, რომლის სველი მეთოდით მოთექვა უკეთესია.

– გაქვთ თუ არა ისეთი ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია და მის შექმნას თავისი ისტორია ახლავს?
– ყველა ჩემი ნამუშევარი თითქმის ერთნაირად მიყვარს, გამორჩევა მიჭირს, თუმცა არის სურათები ცოტათი განსხვავებული ისტორიებით, სიყვარულთან დაკავშირებული… როცა სურათს ვირჩევ, შეიძლება დაგეგმილი მქონდეს რაღაც სულ სხვა, მაგრამ შინაგანი განწყობის გამო ვერ გავაკეთო, რაც მიზნად მქონდა. შინაგანი განწყობა ძალიან დიდ როლს თამაშობს. ბოლო ხანებში ძალიან დიდი შრომა დამჭირდა ფერადკანიანი გოგონას სურათის დასამზადებლად, ამიტომ, ალბათ, უფრო ძვირფასი ეს არის. პატარა შეყვარებული წყვილებიც მიყვარს, ასევე, მელაკუდა, ძალიან სახასიათო და საყვარელი… ძირითადად, ყველა მიყვარს.

თექაზე მუშაობაში უფრო იმპროვიზაციას ეყრდნობით თუ წინასწარ გააზრებულ იდეას?

– აქამდე დაგეგმილი იდეით ვიწყებდი, ზუსტად სურათის მიხედვით ვაკეთებდი ნამუშევრებს. ახლა ვცდილობ, იმპროვიზაციით ვიმუშაო და ვნახოთ, როგორ გამომივა. იმედი მაქვს, ამასაც შევძლებ.

როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს თქვენს თექის ნამუშევრებს სხვებისგან?
– ბევრი ამბობს, რომ ჩემს ყველა ნამუშევარში კარგი ფერთა გამაა, თითოეული მათგანი თითქოს სუნთქავს, მოძრაობაშია, ცოცხალია და ყველა თავის სიტყვას ამბობს. მეც ასეთი შეგრძნება მაქვს ჩემი ნამუშევრებისადმი.

– რა არის ყველაზე რთული გამოწვევა თექაზე მუშაობისას?

– ზოგჯერ, გმირის ხასიათის დაჭერა მირთულდება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ნამუშევარში კონკრეტული ხასიათის, განწყობის ჩადება. როცა ძალიან მინდა და მთელი სულით და გულით ვმუშაობ, სხვა არაფერი წარმოადგენს პრობლემას. ყველაფრის დაძლევა და გადალახვა შესაძლებელია.

თქვენი პირველი პერსონალური გამოფენა როგორ ემოციებსა და გამოცდილებებს უკავშირდება?

– პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც სექტემბერში მქონდა, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. უსაშველოდ ვნერვიულობდი, არ ვიცი რატომ. სასიხარულო იყო ის, რომ ყველასგან გულწრფელ შეფასებებს, სითბოს, კომპლიმენტებს ვიღებდი. ამაღელვებელი, ენით აღუწერელი სიხარული იყო ეს.

რა შეცვალა თქვენში იმ გამოფენებში მონაწილეობამ, სადაც სხვა ხელოვანებიც იყვნენ წარმოდგენილნი?

– სხვა მხატვრებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობით, კარგი გამოცდილება მივიღე. რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობაც მომემატა, გამიჩნდა სურვილი, არ გავჩერებულიყავი და იმედი, რომ თუკი მოვინდომებდი, ყველაფერი გამომივიდოდა.

როგორც ოპერის მომღერლისთვის, რომელი ოპერა ან პარტიაა ყველაზე ახლოს თქვენს ხასიათთან?

– რთულია, როგორც ნახატებიდან, ისე ოპერებიდან, გამოვარჩიო რომელიმე კონკრეტული, მაგრამ ოდნავ მაინც განვასხვავებ ალბათ – ეს არის მოცარტის „დონ ჟუანიდან“ დონა ანას პარტია, რომელსაც კონსერვატორიაში სწავლის დროს ვასრულებდი. ასევე, ვერდის „აიდა“ მიყვარს ძალიან, რახმანინოვის „ალეკოდან“ ზემფირას პარტიას ვმღეროდი სტუდიაში, ისიც მიყვარს. ზოგადად, საოპერო ხელოვნება მიყვარს ძალიან.

რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს, რომლებიც ხელოვნებაში თავიანთ გზას ეძებენ?

– მთავარია მოინდომოს და ყველაფერი გამოვა. უპირველესად, უნდა უყვარდეს ის საქმეა, რომელსაც ხელს მოჰკიდებს. და კიდევ – შრომა, შრომა და ახლის ძიება.

– გეგმავთ თუ არა ახალ პერსონალურ გამოფენას?

– რა თქმა უნდა, ვგეგმავ, მაგრამ ახლო მომავალში ალბათ, არა.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *