
,,თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთის და ქვეყნის წინაშე”
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
ეკლესია და ხელისუფლება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეთანხმდა და ამის თაობაზე საგანგებო განცხადებებიც გაკეთდა. მთავრობის პოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა.
– მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მატულობს შიდა გადაცემის შემთხვევები, მნიშვნელოვნად ფართოვდება კლასტერები და უფრო მეტად იზრდება შესაძლო შემთხვევების რაოდენობა. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრობს, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი და სულ უფრო მკაცდება შეზღუდვები. დღეს, თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, არ დაირღვეს კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნას სოციალური დისტანცია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით. ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს, მინიმუმ, 2-მეტიანი სოციალური დისტანცია. ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას. დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა ფიზიკური პირებისათვის ითვალისწინებს 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მოქალაქეებმა განუხრელად უნდა დაიცვან კანონის ძალით დადგენილი შეზღუდვები და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეზღუდონ ყოველგვარი გადაადგილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან, 10 დღის ვადით, წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა საქართველოს ხელისუფლების მოწოდება – დარჩი სახლში და არ დაარღვიო კანონი!
მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, საპატრიარქოს პოზიციაზე ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა.საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოწრმუნეები ელოდებოდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მსახურებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რაც მიღწეულია.
– ბოლო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო სიტუაციის მიხედვით მოქმედებს. ყოველდღიურად იცვლება გარემოებები და შეთანხმების მთავარი საკითხი უკავშირდებოდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მსახურებას. ამიტომ, ბევრი კონსულტაცია გახდა საჭირო, ბევრი პოზიციის დახვეწა და შეჯერება. საბოლოო ჯამში, მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისათვის და მათ შეეძლოთ დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად, -განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა ის მითითება, რაც სახელმწიფოს და ჯანდაცვის შესაბამისი სასმსახურების მხრიდანაა საპატრიარქოსთვის მოწოდებული.
– რეკომენდაციები ეხება კომენდანტის საათს, გადავწყვიტეთ, მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდეს ტაძარში და ტაძარი დატოვონ დილის 6 საათზე. ეს არის შეღავათიანი პირობა, მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა ღვთისმსახურებაში, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა შეზღუდვებიც, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. მან ყურადღება სოციალურ დისტანცირებაზეც გაამახვილა და დასძინა, რომ დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეკლესიის ეზოში უნდა იყოს – სოციალური დისტანციის მაქსიმალური დაცვით. . .
– კანონის, უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა მოვახერხოთ მსახურებაზე დასწრება, ვიზეიმოთ დღესასწაული და ღმერთი შეგვეწიოს ერთმანეთზე ზრუნვაში, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, სასურველია სადღესასწაულო ტრაპეზი არ გაიმართოს, რადგან სუფრასთან ბევრი ხალხის თავმოყრა დამატებით სირთულეს ქმნის. რაც შეეხება სასაფლაოზე გასვლის საკითხს, თქვა, რომ აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოზე წასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზეა შემორჩენილი. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო დიდ ტაძრებს მიაწვდის ნიღბებს, თუმცა, ყველას არ ეყოფა და ბევრი ტაძარი თავად იზრუნებს ამ საკითხზე.