,,თითოეულ ჩვენგანში იბადება ძალა, რომელიც სხვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა“
მრავალმხრივი ნიჭიერებით დაჯილდოებულ პიროვნებას – ნინი კაკაბაძეს ჩვენი თანაქალაქელები კარგად იცნობენ: მეწარმე ქალბატონი, ფოტოხელოვანი, ტურისტული სააგენტო ,,თეთრი პერლას“ დამფუძნებელი, მოკლედ, წარმატებული და კრეატიული ახალგაზრდაა, რასაც მოწმობს მისი აქტივობები სხვადასხვა სფეროში, კინოხელოვნებაშიც გამოიჩინა თავი, კერძოდ, ახლახან ჩატარებულ სმარტფილმების ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალში მისმა ნამუშევრმა ,,ქალები ყვავილებით“ კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაში გაიმარჯვა, ეს ფილმი ხაზს უსვამს ქალთა განსაკუთრებულ როლს საზოგადოებასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. . . უფრო ვრცლად კი თავად გვესაუბრება.
– როგორ დაიბადა იდეა, გადაგეღოთ ფილმი „ქალები ყვავილებით“ და რატომ აირჩიეთ სწორედ მემთეური ქალების ისტორია?
– იდეა ერთგვარი დაკვირვებიდან დაიბადა. მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას შევხვდი ქალებს, რომლებიც საოცარი სიმტკიცითა და სიფრთხილით ატარებდნენ ყოველდღიურობას. მათში იყო რაღაც გამორჩეული – სილამაზე, რომელიც მოდის შრომიდან, ბუნებიდან. მივხვდი, რომ ამ ქალების ცხოვრება იმსახურებდა ფირზე აღბეჭდვას. ისინი თითქოს ჩვენი კულტურის უხილავი საყრდენები არიან და მინდოდა, მაყურებელს ეს სილამაზე დაენახა.
– რა მთავარი გზავნილებია ფილმში – რამ უნდა დააფიქროს მაყურებელი თქვენი ნამუშევრის გაცნობისას?
– ფილმის მთავარი გზავნილია, რომ სილამაზე და სიძლიერე ყოველთვის გვერდიგვერდ არსებობს. მემთეური ქალების ცხოვრება გვასწავლის, რომ ბედნიერება გარემო პირობებზე კი არა, ადამიანზეა დამოკიდებული. მინდოდა, მაყურებელი დაფიქრებულიყო იმაზე, რამდენად ხშირად უნდა აღვნიშნოთ შეუმჩნეველი ადამიანების ღვაწლი და როგორ უნდა დავაფასოთ ისინი, ვინც ხმაურის გარეშე აგრძელებს ტრადიციებს და ინარჩუნებს ჩვენს კულტურას.
– რამდენად რთული იყო მემთეური ქალების ყოველდღიურობის ასახვა ეკრანზე?
– ძალიან რთული იყო, პირველ რიგში, იმ მიზეზით, რომ მათთვის უცხოა ის გარემო, რომელშიც გადაღებები მიმდინარეობდა, თუმცა გულწრფელმა ურთიერთობამ და ნდობამ, რომელიც პროცესის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ყველაფერი შეცვალა. ყველაზე რთული იყო არა ტექნიკური მხარე, არამედ მათი შინაგანი სამყაროს იმგვარად გადმოცემა, რომ ეს ემოციითა და სიმართლით ყოფილიყო სავსე.

– მუშაობის პროცესში ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ – ემოციური მხარე თუ ფაქტები?
– გულწრფელად რომ გითხრათ, ემოციური მხარე ბევრად ძლიერი იყო. მახსოვს ერთი ქალბატონის სიტყვები: „ჩვენ მთაში დავიბადეთ და მთას ვერ მივატოვებთ, თუნდაც ერთი დღით“. მე მგონი, მთელი ფილმის სული სწორედ ამ სიტყვებით დაიბადა. ფაქტები მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ადამიანების ემოცია – სუფთა და გულწრფელი.
– როგორ ფიქრობთ, თანამედროვე საზოგადოება აფასებს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფესვებს, რომლებიც ამ ქალების წყალობით შემოგვენახა?
– სამწუხაროდ, სრულად – არა. დღეს სიჩქარითა და ტექნოლოგიებით მოცულ სამყაროში ხშირად გვავიწყდება ჩვენი ფესვები, მაგრამ ამ ქალების მსგავსად, ვინც თაობიდან თაობას გადასცემს ცოდნასა და ტრადიციას, სწორედ ისინი გვახსენებენ, ვინ ვართ სინამდვილეში. ვფიქრობ, ახლა აუცილებელია მათზე მეტი საუბარი, რადგან კულტურა ცოცხალია მხოლოდ მაშინ, როცა მას პატივს ვცემთ.
– ფილმი, ერთი მხრივ, კულტურულ მემკვიდრეობაზეა, მაგრამ, მეორე მხრივ, თითქოს ფემინისტურ ხედვასაც შეიცავს. როგორ უკავშირდება ეს ორი ხაზი ერთმანეთს?
– ფემინურობა ამ ფილმში არ არის პროტესტი – ის არის ბუნებრივი ძალა, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს. ეს ქალები ფემინიზმის დეკლარაციებს არ წერენ, მაგრამ ყოველდღიურად იბრძვიან თავისი ოჯახისა და საზოგადოების შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ მინდოდა კულტურული მემკვიდრეობა და ქალის სულიერი ძალა ერთ მთლიან ისტორიად გადამექცია. ისინი ამ ორ სამყაროს შორის ხიდია.
– რას ნიშნავს თქვენთვის ის ფაქტი, რომ ფილმმა გაიმარჯვა კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაში?
– ეს გამარჯვება ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული აღიარებაა, არამედ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ისტორიებში მონაწილეობდა. მე ამ ქალების მადლიერი ვარ, რადგან მათ საკუთარი ყოველდღიურობა გამიზიარეს. ეს ჯილდო მათი შრომისა და სითბოს დაფასებაა და მახარებს, რომ საზოგადოებამ დაინახა მათი სილამაზე.
– თუ არის კონკრეტული ისტორია ან გმირი ფილმში, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა თქვენზე?
– დიახ, არის ერთი ქალი, რომელიც ყოველ ზაფხულს მთაში ატარებს. მისი თვალები ალაბთ არასდროს დამავიწყდება. შრომისგან დაღლილი ხელებით აკეთებს ყველს და ამავდროულად, საოცარი სიამაყით საუბრობს შვილებზე. მასში ვხედავდი ქალთა მთელ თაობას -მათ, ვინც უხმოდ ქმნიან და ინარჩუნებენ სამყაროს.
– როგორც ახალგაზრდა და მრავალმხრივ ნიჭიერი ქალი, როგორ ხედავთ საკუთარ როლს კულტურასა და კინოში?
– ვფიქრობ, რეჟისორის როლი მხოლოდ ისტორიის მოყოლა კი არა, მისი შენარჩუნებაც არის. მინდა, ჩემი ნამუშევრებით გავაღვიძო ინტერესიც და პატივისცემაც იმ კულტურული ფესვებისადმი, რაც, ხშირად, ჩუმად, მაგრამ ძლიერ გვამაგრებს. კინო ჩემთვის სივრცეა, სადაც შეიძლება მცირე ისტორიაც კი დიდ აზრს ატარებდეს.
– დაბოლოს, რას ეტყოდით იმ ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ გზას მთაში, ქალაქსა თუ ხელოვნებაში?
– ვეტყოდი, რომ გზა შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მთავარი ერთია – არ დაკარგონ საკუთარი ბუნება. უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანში იმალება ძალა, რომელიც შთაგონების წყაროდ იქცევა სხვებისთვის. და როგორც ფილმში ვამბობ – ყველა ქალი ყვავილია. მთავარია, საკუთარ მიწას არ მოვწყდეთ და ვიყვავილოთ იქ, სადაც ჩვენი ადგილი გვერგო.
ლაშა ხომერიკი.