თინა ბოკუჩავა – ოპოზიციის სიასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი დეზინფორმაციაა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ შედგენილი პოლიტპატიმართა სიის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი დეზინფორმაციაა.
„გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი არის დეზინფორმაცია. აღნიშნული სია კერძო პირების, აქტივისტების მიერ იყო შედგენილი და მუდმივად ექვემდებარება განახლებას. ამჟამინდელ ვერსიაში პრეზიდენტ სააკაშვილის სახელი და გვარიცაა ასახული“, – წერს ბოკუჩავა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი არაერთხელ იქნა ხაზგასმული საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციებში და ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება „ცდება რაციონალურობისა და კეთილსინდისიერების ფარგლებს“.
თინა ბოკუჩავა ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ოპოზიციური ერთობის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას, რაც, მისი შეფასებით, ხელს აძლევს ხელისუფლებას.