თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანება-რეორგანიზაციის მინიმალური ვადა 6 თვეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, სავარაუდოდ, 6 თვე იქნება, თუმცა პროცესი შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც გახდეს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, რეორგანიზაციის პროცესის მკაცრ ვადებში მოქცევა პრაქტიკულად არ ხდება, რადგან პროცესის მიმდინარეობისას შესაძლოა სხვადასხვა ტიპის სირთულეები გამოვლინდეს. „რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა, ზოგადად, არსად ხდება. შესაძლებელია, პრობლემები წარმოიშვას პროგრამების შეჯერების მიმართულებით, ასევე, საოპერაციო ნაწილში“, – აღნიშნა გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, კონსულტაციები უნივერსიტეტებთან ამ ეტაპზეც გრძელდება. მან აღნიშნა, რომ უკვე გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, სადაც გამოიკვეთა ისეთი ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც სამინისტროს დონეზე დეტალურად არ ჩანდა.
ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, განათლების მინისტრი ამ დროისთვის ვიზიტით იერუსალიმშია და მისი დაბრუნებისთანავე შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება. „შესაძლებელია, შეხვედრები გაიმართოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთანაც“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, დღეს დაგეგმილია შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, რათა სამინისტროსთვის თსუ-ის პოზიციაც სრულად იყოს ცნობილი. გაბისონიამ აღნიშნა, რომ ყველა საკითხი დეტალურად დაფიქსირდება და მინისტრის დაბრუნების შემდეგ, შესაბამისი პასუხები გაიცემა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. რეორგანიზაციის პროცესის სამართავად შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო – საბჭო, ხოლო რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები წარმართავენ უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესს.