„თუ კი არ იქნება დასავლეთთან, საქართველო მარტო რჩება. . .“
By

„თუ კი არ იქნება დასავლეთთან, საქართველო მარტო რჩება. . .“

როგორი შედეგითაც დასრულდება ომი უკრაინაში, ისეთივე იქნება საერთაშორისო წესრიგი და პატარა ქვეყნების უსაფრთხოებაც, განსაკუთრებით ეს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს ეხება, ასეთია ექსპერტთა მოსაზრება. უდავოა, რომ თუკი რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინაში, ეს მას საშუალებას მისცემს, ილაპარაკოს ულტიმატუმებით. მაგალითად, საქართველოსთან მიმართებით, ეს შეიძლება იყოს ტერიტორიებისა და სუვერენიტეტის დათმობის საკითხი; ხოლო დამარცხებული რუსეთი ნიშნავს, რომ იგი დაკარგავს გავლენას სამეზობლოში… უბრუნდება თუ არა მსოფლიო ცივი ომის პერიოდს? რა სცენარია მოსალოდნელი ირანში? რა ცხადყო აშშ-ის ქმედებამ ვენესუელაში? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) პროფესორი გიორგი კობერიძე.
საერთაშორისო პოლიტიკაში რა კონკრეტული მოვლენები იკვეთება?
– საერთაშორისო პოლიტიკა ხდება უფრო ძალისმიერი, ეს არ არის ახალი მოვლენა. ბოლო 30 წელიწადია, ეტაპობრივად თვალს ვადევნებთ ამ ცვლილებებს. ვხედავთ რუსეთის მხრიდან ტერიტორიების დაპყრობას და ამის მიწოდებას საერთაშორისო საზოგადოებისთვის როგორც ბუნებრივი მოვლენის. ეს არის ერთ-ერთი საგანგაშო მომენტი. მეორე საგანგაშო მომენტი არის ირანში განვითარებული და მიმდინარე მოვლენები. ჩანს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და საერთაშორისო დაცვის პასუხისმგებლობა ისეთი მძლავრი იარაღი აღარ არის, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. ვხედავთ იმასაც, რომ მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის, უმეტეს შემთხვევაში, წარუმატებელია და, ძირითადად, საბრძოლო ხასიათს ატარებს. მაგალითად, ვენესუელის მოვლენები. ეს ქვეყანა იყო, პრაქტიკულად, საკონცენტრაციო ბანაკი, იყო სისხლიანი დიქტატურა. დავინახეთ, რომ მოლაპარაკებები აქაც ჩავარდა. საბოლოო ჯამში, მივედით ძალის გამოყენების მექანიზმამდე. რა თქმა უნდა, აშშ-ს ჰქონდა უფლება, ძალა გამოეყენებინა ვენესუელაში, რადგან ამ ქვეყანაში ფიქსირდებოდა ადამიანის უფლებების იმგვარი დარღვევა, როგორიც სამხრეთ ამერიკაში ცივი ომის შემდეგ იშვიათად ყოფილა. . . რასაც სჩადიოდა მადურო ვენესუელაში, უპრეცედენტოა, შესაბამისად, ეს აშშ-ისთვის არის პრობლემა. აშშ-ის ქმედება ჯდება საერთაშორისო სამართალში. არსებობს პრინციპი – პასუხისმგებლობა დაცვის შესახებ, ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპი 2000-იანი წლებიდან ოფიციალურადაა აღიარებული და გულისხმობს იმას, რომ თუკი შენ საკუთარ მოსახლეობას ანადგურებ და იმონებ, საერთაშორისო სუბიექტებს ეძლევათ უფლება, ჩაერთონ და განახორციელონ სამხედრო, პოლიტიკური მოქმედებები… ამერიკის ზემოაღნიშნული ქმედება ანუ მადუროს დაპატიმრება იყო ერთგვარი ძალის ჩვენება ჩინეთისა და რუსეთისთვისაც, რომლებიც ღიად ქმნიდნენ სამხედრო-ეკონომიკურ ქსელს ვენესუელაში, საიდანაც იღებდნენ უზარმაზარი რაოდენობით ნავთობსა და ფულს. ამ თანხებით ფინანსდებოდა სამხედრო კამპანიები სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის – უკრაინაში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვენესუელა იყო ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთს და აღიარა ცხინვალის და სოხუმის ფსევდოდამოუკიდებლობა. . . საერთაშორისო სამართლის წესები საერთაშორისო ურთიერთობებში ისე შეიცვალა, რომ, პრაქტიკულად, ძალას უფრო ღირებული ხასიათი მიეცა, ვიდრე სამართლის დაცვის პრინციპებს.
ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ირანის მოვლენებს, რა იკვეთება დიდ გეოპოლიტიკურ სურათში?
– ირანში ძალიან მძიმე მოვლენები ვითარდება, ადამიანების მასობრივი განადგურება ხდება 1979 წლიდან. ჩვენ პირველად ვიხილეთ მასობრივი ხოცვა 1982 წელს, შემდეგ – 2019 წელს, როცა 30 ათასი ადამიანი ჩამოახრჩვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მხარს არ უჭერდნენ აითოლას დიქტატურას, შესაბამისად, ეს ყველაფერი არახალია, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ინერგება გაუპატიურების პრაქტიკა, როდესაც პატიმარ ქალებს მასობრივ  აუპატიურებდნენ და შემდეგ ახრჩობდნენ. ეს არის ძალიან მახინჯი პრაქტიკა, რომელიც ირანში გავრცელებულია. ირანში, ასევე, გავრცელებული იყო ბავშვების გამოყენება სადამსჯელო ლეგიონებში, რომლებიც ებრძოდნენ მოწინააღმდეგეებს ქვეყნის გარეთ და, მეორე მხრივ, ეს ძალა აქტიურად გამოიყენებოდა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგაც. ე.ი. ირანში რაც ხდება – დღეს არ დაწყებულა. სხვათა შორის, ისიც სათქმელია, რომ შაჰის პერიოდშიც ძალიან დიდი სიმკაცრე იყო, მაგრამ შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც დღესაა ირანში. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია არამხოლოდ საერთაშორისო დიდ გეოპოლიტიკურ ძვრასთან ან ვენესუელაში მომხდარი ამბების ექოსთან. ირანში წამოიზარდა თაობა, რომელსაც არ სურს ცხოვრება ისლამური დიქტატურის და მორალის პოლიციის გარემოში. სხვათა შორის, კულტურული ცივილიზაციური თვალსაზრისით ირანს უფრო დიდი ტრადიცია აქვს, ვიდრე არაბულ სამყაროს. თუკი გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ირანული ცივილიზაცია სახელმწიფოებრიობის გამოცდილებით გაცილებით დიდი ხანია არსებობს, ვიდრე არაბული სამყარო. თუ არაბული სამყარო მთლიანად დაკავშირებულია ისლამთან, ასე არ იყო ირანში, ამ სახელმწიფოში ისლამამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა ირანული ცივილიზაცია. შესაბამისად, ეს წინააღმდეგობები მოსახლეობაში არსებობს და დონალდ ტრამპის გამოჩენამ და ძალისმიერმა მცდელობამ მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ ცვლილებების შანსი არსებობს, მით უფრო, რომ არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა ამ ქვეყანაში. . . ამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ხელისუფლება ფულს ხარჯავს საერთაშორისო ტერორისტების შეიარაღებაში, ამიტომაც მოსახლეობას გაუჩნდა პროტესტი ხელისუფლებისადმი.
რამდენად მოსალოდნელია ირანზე სამხედრო დარტყმები განხორციელება?
– დონალდ ტრამპმა გაავლო წითელი ხაზები, ასევე, თავის დროზე წითელი ხაზი გაავლო ობამამაც, როდესაც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე იყო საუბარი, მაშინ ასადის პროირანულმა ხელისუფლებამ გამოიყენა ქიმიური იარაღი და ხალხის მასობრივი განადგურება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ხაზი გაავლო ობამამ. ეს წითელი ხაზი მან არ დაიცვა, რაც სერიოზული პრობლემა იყო. დღესაც სერიოზული პრობლემა შეიქმნება, თუკი დონალდ ტრამპის მიერ გავლებული წითელი ხაზი – მოსახლეობის არდახოცვის შესახებ დაირღვევა ირანის ხელისუფლების მხრიდან. თუ ამ წითელი ხაზის გადაკვეთის შემდეგ აშშ-მა თუნდაც სიმბოლური დარტყმა არ მიაყენა ირანს, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი დესპოტებისთვის, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან ამ ყველაფერს. სამხედრო დარტყმებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შედეგი: პირველი შედეგი შეიძლება იყოს – რეჟიმის ჩამოშლა! მეორე ვარიანტი ლიმიტირებული დარტყმები, რაც რეჟიმს ვერ ჩამოშლის, მაგრამ ეს იქნება რეჟიმის იმგვარი დასუსტება, რასაც შეიძლება მოგვიანებით მოჰყვეს ხელახალი დემონსტრაციები, რომელიც შესაძლოა, მშვიდობიანი დემონსტრაციები აღარ იყოს… მესამე სავარაუდო ვარიანტია ირანის მხრიდან მოლაპარაკებების დაწყება აშშ-სთან, ეს არის სარისკო, რადგან ირანის რეჟიმი ხასიათდება როგორც თაღლითი და მატყუარა. მეოთხე ვარიანტი – შეიძლება ვიხილოთ მასშტაბური ომი, რა დროსაც აშშ-ის იერიშების საპასუხოდ აიათოლას რეჟიმმა შესაძლოა განახორციელოს მასშტაბური დარტყმები ისრაელსა და ამერიკულ ბაზებზე ახლო აღმოსავლეთში. ამ მიმართულებიდან ყველაზე სარისკო ლიმიტირებული დარტყმაა, რადგან ლიმიტირებულ დარტყმას არ ვიცით, რა მოჰყვება. ჩვენ შეიძლება მივიღოთ რეჟიმის კონსოლიდაცია მოკლე ვადაში და მისი გადარჩენა.
ხომ არ უხსნის ხელ-ფეხს აშშ-ი ზემოაღნიშნული ქმედება სხვა სახელმწიფოესაც, რომ მსგავს ნაბიჯზე წავიდნენ ანუ სხვა ქვეყნის ლიდერი დააკავონ?
 – ისმის კითხვა – ამერიკას ჰქონდა თუ არა მადუროს დაპატიმრების უფლება. ცალსახად ვუპასუხებთ, ჰქონდა, რადგან ამერიკას ვალდებულება აქვს, პირველი – საკუთარი მოქალაქეები დაიცვას ამერიკაში (მილიარდობით დოლარის ნარკოტიკს რომ იძენდნენ ნარკოგამავრცელებლებისგან და იხოცებოდნენ ამერიკელი მოქალაქეები, რასაც მასობრივი სახე ჰქონდა) და მეორე – უშუალოდ ვენესუელის ხალხი დაიცვას. . . ყოველი სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და თუ ის ამას არ აკეთებს, მაშინ ეს ვალდებულება ვრცელდება საერთაშორისო საზოგადოებაზე. ცნობილია ისიც, რომ ვენესუელა ჩაბმული იყო საერთაშორისო უკანონო ნავთობვაჭრობაში, რაც გამოჩნდა თუნდაც რუსეთის ტანკერების ამერიკული ხომალდების მიერ დაკავებისას.
კარგად ჩანს, რომ საერთაშორისო სამართლი მსოფლიოში მოიშალა, აგრესია ამ საუკუნის თანმდევი მოვლენა გახდა. . .
– სამართლებრივი მცნებები, სამართალი დიდი ხანია დარღვეულია რუსეთის მხრიდან, კერძოდ, როდესაც საქართველოში შემოიჭრა. ასევე, მაშინაც, რასაც სჩადიოდა სირიაში და რასაც აკეთებს უკრაინაში. გარდა ამისა, აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ევროპის წინააღმდეგ.
რამდენად რეალურია, ევროკავშირმა ნატოს მსგავსი ორგანიზაცია შექმნას?
– ევროკავშირმა უნდა შექმნას სამხედრო ბლოკი, ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შეიძლება ამ წლებში განხორციელდეს. თუკი მსოფლიო უსაფრთხოებაზე გვაქვს საუბარი, ნატო უნდა ყოფილიყო აგებული ორ მსხვილ ბასტიონზე: ერთი უნდა ყოფილიყო აშშ და მეორე – ევროპა. ევროპა იყო, გარკვეულწილად, ბასტიონი, როცა 1960-იანი წლებიდან მოყოლებული დაიწყო აქტიური მილიტარიზაცია, ნატო მართლა წარმოადგენდა ბასტიონს, მაგრამ დღეს ევროპა დასუსტებულია, მოწყვლადია, თუ არ ჩავთვლით ფინეთსა და პოლონეთს. ამიტომ თუკი ნატოს ევროპულ ბასტიონზე გვინდა საუბარი, უნდა არსებობდეს ევროპაში რაღაც ერთიანი სამხედრო ძალები, რომლებიც უფრო ახლო კოორდინაციაში იქნებიან ერთმანეთთან. შეიძლება ჩვენ ვიხილოთ ფრაქციების შექმნა ნატოს შიგნით, ეს ნატოს არ დაშლის, თუმცა მგონია, რომ ნატოს ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს, რადგანაც დასავლური ცივილიზაცია ყოველთვის იდგა და დგას კონტინენტურ ევროპასა და ანგლოამერიკულ ალიანსებზე. როდესაც ისინი ერთად მოქმედებდნენ, მაშინ უფრო მეტი უსაფრთხოება იყო, ვიდრე ერთი მხარის დასუსტებისას ვხედავდით. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ შეიძლება რუსეთმა მაინც შეამოწმოს ნატოს უსაფრთხოება, მაგალითად, ბალტიისპირეთში, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს მზად ევროპა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპულ უსაფრთხოებას აქვს ბევრი ჩავარდნა, შეიძლება ამ ჩავარდნით ისარგებლოს რუსეთმა. . .
თუ ელით ურთიერთობების დათბობას საქართველოსა და აშშ შორის და ამ მხრივ ჩვენმა ქვეყანამ ხომ არ დაკარგა გეოსტრატეგიული მნიშვნელობა?
– ზოგადად, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაცივება ძალიან დიდი პრობლემაა, რადგანაც უალტერნატივოა საქართველოსთვის დასავლეთის უსაფრთხოება. თუკი არ იქნება დასავლეთთან, საქართველო რჩება მარტო ირანთან, რუსეთთან და თურქეთთან პირისპირ. გასაგებია, რომ თურქეთი ნატოშია, მაგრამ მთლიანობაში თუკი ჩვენ შევხედავთ რეგიონს, მარტო დარჩენა ჩვენს უსაფრთხოებას არ გაზრდის, ჩვენთვის უსაფრთხოება გადის კოლექტიურ დასავლეთთან ურთიერთობაზე. ჩვენ ვიცით, ისტორიულად, მარტო დარჩენამ რა მოგვიტანა. ჩინეთი საქართველოს გამო არავის შეეწინააღმდეგება, მით უმეტეს, ისეთ მოთამაშეებს, როგორიც თურქეთი, ირანი და რუსეთია. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია დასავლეთთან ურთიერთობა. ვერ ვიტყვით, რომ აშშ მოსწყდა კავკასიას, პირიქით, ის კავკასიით დაინტერსესდა, რადგან რომ გაჩნდა საქართველოს ალტერნატივა ზანგეზურის დერეფნის სახით, რაც ცუდია ჩვენთვის, რადგან სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტია გადიოდა, გადის და მომავალში გავა სწორედ მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, გზაზე. ამ მხრივ, მსოფლიოში სულ რამდენიმე გზაგამტარია, ერთი არის მალაკას სრუტე, მეორე – სუეცის სრუტე, ასევე, პანამის სრუტე და კავკასია. ამიტომაც, ჩვენ უნდა შევეცადოთ, განვავითაროთ იმგვარი ინფრასტრუქტურა, რომ ტვირთები მაქსიმალურად შემცირდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ამისათვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელება, ასევე, აუცილებელია პორტების, უსაფრთხოების განვითარება და რაც მთავარია, როდესაც საქართველო აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პოზიციონირება დასავლეთთან, რომ ქვეყანამ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად პირდაპირ ოჩამჩირის, სოხუმის პორტების თავის კონტროლქვეშ დაბრუნება. ამიტომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს გამოკვეთილი, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი კოზირები, ამით ჩვენი ქვეყნის დაინტერესება უნდა გაიზარდოს.
– დაბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომი განსაზღვრავს თუ არა ახალ მსოფლიო წესრიგს?
– როგორც დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი, საითაც გადაიხრება პინა, სწორედ ისეთი იქნება მსოფლიო დიდი ხნის განმავლობაში. თუკი რუსეთი წარმატებით განახორციელებს დაპყრობით ომს (რაშიც ვგულისხმობ რუკის ცვლილებას), ეს არ იქნება მხოლოდ კონტროლი, გავლენა. თუ შეძლებს რუსეთი რუკის შეცვლას, მაშინ მსოფლიო რუკების შეცვლაზე დაიწყებს ორიენტირებას. თუ ეს კონფლიქტი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, მაშინ მსოფლიო წესრიგი იქნება ძლიერ ძალასა და ახალ საერთაშორისო სამართლზე ორიენტირებული და ჩვენ ცივ ომს ვერ ავცდებით, მაგრამ შეჯიბრება იქნება უფრო ნაკლებად სისხლიანი, ვიდრე რუკების ცვლილების შემთხვევაში ჩანდა. თუკი მოხდება ომის გაყინვა, მაშინ იქნება მასშტაბური ჰიბრიდული ომი. ამ ომის შედეგად ჩვენი უსაფრთხოებაც გადაწყდება, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი გამარჯვება საქართველოსთვის იქნება სავალალო. შეიძლება რუსეთმა ღია ულტიმატუმი წაუყენოს საქართველოს – ტერიტორიებთან ან მის ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის იქნება კატასტროფული. ამიტომაც ამ ომზე ბევრი რამ არის დამოკიდებული!

ლაშა ხომერიკი

 

 

  • No Comments
  • იანვარი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *