„თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას“
– ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის. თუ ის დონბასს მიიღებს, ციხესიმაგრე დაინგრევა და შემდეგ აუცილებლად გააგრძელებენ მთელი უკრაინის დაკავებას. თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ სხვა რეგიონებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. ჩვენ ეს ისტორიიდან ვიცით და ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ“, – აღნიშნა კალასმა.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ დოკუმენტები ან დაპირებები.
„ეს უნდა იყოს რეალური ჯარები, რეალური შესაძლებლობები, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. როგორც ადრე ვთქვი, ბოლო ასი წლის განმავლობაში, რუსეთი თავს დაესხა მინიმუმ 19 ქვეყანას, ზოგიერთ მათგანს სამჯერ თუ ოთხჯერ. არცერთი ეს ქვეყანა არასდროს დასხმია თავს რუსეთს, ამიტომ მათ არ სჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების გარანტიები დანარჩენებს სჭირდებათ“, – აღნიშნა კალასმა.