„თუ ჯო უილსონს მოსწონს „აზერბაიჯანული დემოკრატიის“ შუქჩრდილები, რას ერჩის ქართული პოლიტიკის რეალობას“
By

„თუ ჯო უილსონს მოსწონს „აზერბაიჯანული დემოკრატიის“ შუქჩრდილები, რას ერჩის ქართული პოლიტიკის რეალობას“

ანალიტიკოსთა აზრით, ოპოზიციის არათანმიმდევრული მოქმედებები მიუთითებს სტრატეგიული ერთობის ნაკლებობაზე, რაც ხელისუფლებას აძლიერებს. მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, მოსახლეობას საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია 4 ოქტომბერს დაგეგმილი მიტინგისთვის ემზადება და ხელისუფლებას მშვიდობიან რევოლუციას ჰპირდება. ამ მხრივ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, მეტწილად, პოლიტიკურ იარაღად აღიქმება. აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთის კრიტიკა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარა ხელისუფლებაზე ზემოქმედების ძლიერი ბერკეტია, რამაც შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენასაც შეუწყოს ხელი. საზოგადოების აქტიურობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს მოვლენების განვითარებაში. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.
როგორ აფასებთ ოპოზიციის მოქმედებების თანმიმდევრულობას მიმდინარე პროცესების ფონზე?

– აქ ხედვის კუთხეა განსასაზღვრი. გააჩნია, რა კუთხით შევაფასებთ მათ თანმიმდევრულობას, რა არის ზოგადად, ჭრელი ოპოზიციის პოლიტიკური პლატფორმა, მიზანი. თანმიმდევრულობა თუ გონივრულობას უნდა ეფუძნებოდეს, მათ ქმედებებში ამაგვარი არაფერია. ჩვენ საკითხი, ვფიქრობ, ასე უნდა დავსვათ – თანმიმდევრულად რაციონალური, თუ თანმიმდევრულად ირაციონალური. საბოლოო ჯამში, მივალთ დასკვნამდე, რომ მათი ტაქტიკა და ნაბიჯები აცდენილია მათივე მიზანს და რეალობას. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც კი იციან, რა უნდათ. პრინციპში, ყველა მათგანს ქვეყნისთვის სიკეთე უნდა, ევროპული კეთილდღეობა და ყველაფერი საუკეთესო, თუმცა მიღწევის გზას ვერ ხედავენ, ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლეს და შესაბამისად, ევრობიუროკრატიის მხარდაჭერის და სანქციების იმედად არიან. ამის პოლიტიკური ეთიკის კუთხით შეფასება ძნელია, თუმცა მათაც და ხელისუფლებასაც, მმართველ ძალას – „ოცნებას“, რომელსაც თავისი შეცდომები და ცოდვებიც ეყოფა, ახირების დონეზე აქვთ ქვეყნის მომავალი წარმოდგენილი. არადა, როდის თქვა იმ გამჭრიახმა კაცმა, ოტო ფონ ბისმარკს ვგულისხმობ, პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებააო, ეს ორი მთავარი კი შეუძლებელს მიელტვის და არცერთს მკაფიო წარმოდგენა არ აქვს მისკენ მიმავალ გზაზე. მათი დევიზია – რაც იქნება, იქნება. ასე რომ, ოპოზიციის ნაბიჯები გაუთვლელი და არათანმიმდევრულია. მათ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა მოიპოვონ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. იმდენად უმწეოები აღმოჩნდნენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების იმედად არიან, რამაც მათი აზრით, იმ დონემდე უნდა განარისხოს ქართული საზოგადოება, რომ ამ წლის შემოდგომაზე ხელისუფლება, მშვიდობიანად დაამხოს“. იმედია, ახალი ოქსიმორონი – „მშვიდობიანი დამხობა“ მოგწონთ. როგორც ოქსიმორონი, რასაკვირველია.

ის, რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა არჩევნებში მონაწილეობა არმონაწილეობის თაობაზე, რისი მანიშნებელია?

– იმის, რომ მიზნებსა და გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ასე რომ არ იყოს, უნდა გაგვიკვირდეს. არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ აქვს დღეს ერის და ქვეყნის წინაშე მდგომი ფუნდამენტური გამოწვევების გადაჭრის და განეიტრალების გეგმა, ხედვა, პროგრამა. ოპოზიციაში არ არიან ეროვნული მასშტაბის, აღიარებული და ხალხისთვის მისაღები ლიდერი ან ლიდერები. რამ უნდა გააერთიანოს ოპოზიცია? – სამშობლოსათვის თავგანწირვის იდეამ? – ასეთი იდეით შეპყრობილი პოლიტიკოსები ოპოზიციურ ლიდერებში არ ჩანან და მათ არარსებობას საპროტესტო მოძრაობის წევრი სპეტაკი და გულწრფელი ახალგაზრდები ვერ შეცვლიან. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილმა? – მოძულეები, რომელთათვისაც ივანიშვილი კატეგორიულად მიუღებელია, იმდენი არაა, რომ ხელისუფლება დაამხონ – გნებავთ – მშვიდობიანად და გნებავთ რევოლუციის გზით. შეიძლება არც მოპირდაპირე მხარეს ჰყავს თავგანწირული იდეალისტები და შესაძლოა, ბევრი კორუფციაშიც ისვრის ხელს, მაგრამ ივანიშვილმა კარგად, ძირისძირამდე იცის ქართული ეროვნული ხასიათის თავისებურებები და საკმაოდ გამჭრიახია, რომ ეს არაპოპულარული ოპოზიცია მოაშთოს. ამას ის მაშინაც შეძლებდა, აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპი რომ არ მოსულიყო. ახლა კიდევ უფრო გაუიოლდა ამოცანა. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა არც იმას ჰქონდა, შეთანხმდებოდა თუ არა ოპოზიცია. არ დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმებაზე როცა ვლაპარაკობთ, საუბარია მიხეილ სააკაშვილის, მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას შეთანხმებაზე. სხვა ოპოზიციური ლიდერების აზრს მნიშვნელობა არ აქვს და ეს სამი დასახელებული ადამიანი რამდენად ანტიპოდია ერთმანეთის, ეს თავად მკითხველმა განსაჯოს.
შეუძლია თუ არა დაყოფილ ოპოზიციას მძლავრი საპროტესტო ტალღის წარმართვა და რამდენად რეალისტურია რევოლუციური სცენარი?

 – გაუჭირდება ოპოზიციას ისეთი ტალღის აგორება, ხელისუფლებას რომ წარეცხავს. გაუჭირდება იმ ყველაფრის გამო, რაზეც ყურადღება გავამახვილეთ. რევოლუციური სცენარი მე არარეალურად მიმაჩნდა და მიმაჩნია. ჯერ კიდევ არჩევნების წინ იყო საუბარი ასეთ სცენარზე და ამას მოჰყვა ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება – სრულიად გაუგებარი, მიუღებელი და არაპროდუქტიული ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან. არ გამოვა საქართველოს ბანტუსტანიზაცია, ხელისუფლების იმ დონემდე ჩამორღვევა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარონ აქ არჩევნები და ვისაც ევროკავშირის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ის მოიყვანონ ხელისუფლების სათავეში. ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ დევიზს იმათთვის, ვისაც რევოლუციური სცენარის სჯერა – „ჰა, ბურთი! ჰა, მოედანი!“ აგერ უკვე წელიწადია, ლამის, ბურთიც არის და მოედანიც, მაგრამ რევოლუცია არ ჩანს

რას ნიშნავს იმ პარტიების გადაწყვეტილება, რომლებიც ბოიკოტიდან საარჩევნო პროცესში ჩაერთნენ ტაქტიკური ცვლილება თუ პოლიტიკური დაშლა?

– დაშლა-არმოშლას. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ბოიკოტს მაშინ აქვს მიზანი, თუ კონკრეტული შედეგისთვის მინიმალური წინაპირობები მაინც არსებობს. დღეს საქართველოში ამისი ნიშანწყალი არ ჩანს და მთლიანად საგარეო-პოლიტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული პოლიტიკური პროცესის შედეგი. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ქვეყნის და საქმის ღალატს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაში. ისე, თუ მიამიტები არ ვიქნებით, დავინახავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დასავლეთიდან ოპოზიციის ორივე ნაწილს კარნახობენ სამომავლო ნაბიჯებს და სწორედ მათ არ მიიჩნიეს, რომ ოპოზიციის მთლიანი ბოიკოტი გამართლებული იქნებოდა. დემოკრატიული პროცედურები იმდენად ორგანულია დასავლური პოლიტიკური სისტემებისათვის, რომ მათი ამომრჩევლისთვის გაუგებარი იქნებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში არჩევნების ბოიკოტირება მთელი ოპოზიციის მიერ.

როგორ იმოქმედებს 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილი აქციები ქვეყნის შიდა სტაბილურობასა და საერთაშორისო აღქმაზე?

– აქციებს გააჩნია. არ უჩანს პირი ისეთ ვითარებას, რომ აქციები ძალიან მრავალრიცხოვანი, რევოლუციური განწყობით დამუხტული და შედეგიანი იქნება. უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ არჩევნებს მმართველი პარტია მოიგებს. ესაა მოსალოდნელი და ჩვენთან სოციოლოგია გაუქმებული რომ არ იყოს, როგორც საზოგადოებრივი აზრის მაჩვენებელი მეცნიერება, ამას ისიც დაამტკიცებდა. განწყობა გულისხმობს „ოცნების“ გამარჯვებას. რამდენად დემოკრატიულია ვითარება საქართველოში, ვაპირებთ თუ არა ავტორიტარულ მმართველობაზე გადასვლას და როგორ შეიძლება არათანაბარი რესურსის მქონე პოლიტიკური სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობამ სამართლიანი შედეგი დააყენოს? – ამ კითხვების პასუხები ნათელია, ამიტომ ისინი, ფაქტობრივად, რიტორიკულია. და რადგან საზოგადოება ამას მასშტაბურად არ აპროტესტებს, ეს არჩევნების ლეგიტიმურობასაც განაპირობებს. არჩევნების ლეგიტიმურობის საფუძველი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება. მით უმეტეს, რომ ამას რამდენიმე ბოლოდროინდელი არჩევნების პერიპეტიები, რუმინეთში არჩევნების შედეგების გაუქმების ფაქტი და მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებული მიეთ-მოეთიც ცხადყოფს. საერთოდ, არჩევნების სამართლიანობა ბევრი ფაქტორით განისაზღვრება და მათ შორის, პოლიტიკური სუბიექტების კონკურენტუნარიანობა ბოლო ადგილზე ნამდვილად არ დგას. ამ მხრივ, საქართველოში თავს ვერ მოვიწონებთ. მაგრამ ის დრო კარგა ხანია აღარ არის, ამა თუ იმ ევროპელი ლიდერის შეფასებას, უკრიტიკოდ რომ იღებდნენ მესამე სამყაროს ქვეყნები. ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან და მის მეუღლესთან ერთად რომ პოზირებს, ის ამ ქვეყანას, უდავოდ, უჭერს მხარს. ჩვენ ეს გვიხარია, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და მეგობარია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით „აზერბაიჯანული დემოკრატიის“ შუქ-ჩრდილები და თუ ისინი ბატონ ჯოს მოსწონს, მაშინ რას ერჩის ქართული პოლიტიკის რეალობას? ქართული დემოკრატია უკეთესი თუ არა, აზერბაიჯანულის სწორი ხომ არის?!. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთან არ შეიძლება, ჩვენ რომელიღაც ბანტუსტანი არ ვართ. როცა ტრამპი პრეზიდენტ ერდოღანს სირიაში წარმატებას ულოცავს, რაც დიდი თურანისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია ბევრს თურქეთში, არც ამას ვაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ, რადგან ამ ახალ დროში თურქეთი ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარია, მაგრამ გვახსოვს იქ ხელისუფლების ამბოხების გზით შეცვლის, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის, სტამბოლის მერის, სამართლებრივი დევნის ბოლოდროინდელი მცდელობები და ასე შემდეგ… და თუ თურქული დემოკრატია არ იმსახურებს ჯო უილსონის და ძმათა მისთა შეშფოთებას, რაღა ამ პატარა საქართველოში უნდა აირიოს ყველაფერი?!. თორემ ჩვენ თურქეთში მშვიდობა და თურქი ხალხის კეთილდღეობა, რა თქმა უნდა, გვიხარია.

ეს ყველაფერი განაპირობებს აქციებისადმი ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას და ამიტომ არ ველი ხელისუფლების დამხობას გნებავთ მშვიდობიანად და გნებავთ ძალადობრივი გზით, ანუ რევოლუციას. როდესაც ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, ცუდი გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არ შესულიყო პარლამენტში, მე მაშინ, როგორც ამ მიმართულების ერთმა ანალიტიკოსმა, მივმართე ოპოზიციას, ღიად დაეფიქსირებინათ თავიანთი კურსი რევოლუციის მოწყობაზე და გაესაჯაროებინათ, ვფიქრობ, მათთვის მისაღები დევიზია – ჰა, ბურთი! ჰა, მოედანი!

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნასამართლებრივი საფუძველი თუ პოლიტიკური იარაღი?

– კომისიის დასკვნა სამართლებრივი აქტიცაა და პოლიტიკურ იარაღადაც იყენებს მას ხელისუფლება. იქ რაც ითქვა, მხოლოდ ნაწილია იმ შეცდომების, გადაცდომების და დანაშაულების, რაც ყბადაღებულ 9 წელიწადში ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. მან მოდერნიზაციის სწორი კურსის პარალელურად, დაუშვა მიუტევებელი შეცდომები – კორუმპიბულებსა და ბიზნესმენებზე, მათ შორის, უდანაშაულო პერსონებზე ფულის „ახევა“ იქნებოდა ეს თუ გაუსაძლისი და დაუშვებელი ვითარება საპატიმროებში – 30 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი ამ პატარა ქვეყანაში. ძალიან დაგვიანებული რეაქცია იყო ამ კომისიის საქმიანობა. „უკან მიდევნებულ ლამპრადაც“ არ გამოდგება, მაგრამ კონკრეტული სამართალდამრღვევები უნდა აგებდნენ პასუხს დანაშაულის ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. ეს ამ ხელისუფლებასაც ეხება, წინასაც და იმის წინასაც.

ამ დასკვნას სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს და ხომ არ დააზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით?

– გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. არადა, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი წამოსწიეთ წინ – ყველაფერი ეს საერთაშორისო სამართლის კონტექსტში… თუმცა აქ ერთი მომენტის გაუთვალისწინებლობა არ ივარგებს: რამდენად სრულად მოქმედებს დღეს საერთაშორისო სამართალი. გაერო, ფაქტობრივად, უმოქმედოდაა, რუსეთი თავისი გაგებით ისტორიული სამართლიანობის მიღწევით, უკრაინასთან ომის მეშვეობით ცდილობს და უკვე ასეულ ათასობით ადამიანი შეიწირა ამ ომმა. ისრაელი ღაზის სექტორში ასევე ძალის გამოყენებით ცდილობს გადაწყვიტოს პრობლემა და ამ რეგიონიდან მოსახლეობის გაყვანაც უნდა. ეს იდეა, თუ გახსოვთ, ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ადრე ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპამც გააჟღერა.

იემენში რამდენიმე ათეული წელია, განუკითხაობა და ქაოსია. ხან დასავლეთი ბომბავს მის პორტებს და ქალაქებს და ხან ჰუსიტები ესხმიან თავს ხომალდებს. ამ ყველაფრის ფონზე საერთაშორისო სამართლის ეფექტიან ფუნქციონირებაზე საუბარი ძნელია. ამიტომ, არ მგონია, ამ კომისიის დასკვნას რამე მასშტაბური ზიანის მოტანა შეეძლოს. ყოველ შემთხვევაში, მანამდე, ვიდრე საერთაშორისო სამართალი ამოქმედდება რამდენადმე ეფექტიანად მაინც.

თუ მართლაც უკანონოდ გამოცხადდა ყოფილი მმართველი პარტია და მისი პარტნიორებირა პოლიტიკური და სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნება?

– არ ვარ პარტიების აკრძალვის მომხრე. მით უმეტეს, თუ მას შიდა ეროვნული მასშტაბის კონსენსუსი, ანუ თანხმობა არ ახლავს, რაც, პრინციპში, ამ ვითარებაში საქართველოში მიუღწეველია. შეიძლება, ესა თუ ის პარტია აიკრძალოს მსოფლიო მასშტაბის მთავარი პოლიტიკური აქტორების მონაწილეობით, როგორც ეს მოხდა თავის დროზე „გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებით. პარტიის აკრძალვა მათი მხარდამჭერების აკრძალვაცაა და ეს რატომ უნდა მოხდეს? პარტიის ლიდერების პასუხისმგებლობა სხვაა, პოლიტიკურიც და სამართლებრივიც, რიგითი წევრების და მხარდამჭერების – სხვაა და ისინი უდანაშაულოდ რატომ უნდა აიკრძალონ ან დაისაჯონ?

შეიძლება თუ არა არჩევნები გადაიქცეს მხოლოდ მმართველი პარტიის ფორმალურ გამარჯვებად, რაც დემოკრატიის კრიზისის მანიშნებელი იქნება?

– რატომ ფორმალურ გამარჯვებად? – ეს იქნება რეალური გამარჯვება. ამომრჩევლის განწყობაც ასეთია. სხვა საქმეა, ქართული დემოკრატიის კრიზისის მიზეზები, რა მიმართულებითაც სერიოზული „წვლილი“ მიუძღვის როგორც დღევანდელ ხელისუფლებას, ისე მის ოპოზიციას. რაც შეეხება დემოკრატიის კრიზისს, ის მარტო ჩვენთან არ დაფიქსირებულა, ტრამპი და ტრამპიზმი დასავლური დემოკრატიის კრიზისის და ჩიხის მანიშნებელია. ჩვენთან, თუ დაკვირვებიხართ, დემოკრატიაზე და მის განვითარებაზე მეინსტრიმი აღარც საუბრობს და რაღაც სხვას მიელტვის, ტერენტი გრანელივით, რაღაც სხვა მინდაო, ამბობს. . . ეს დასაფიქრებელი და განსასჯელი რეალობაა.

ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებას, ამ მხრივ რა პროცესები მიმდინარეობს მმართველ გუნდში?

– უფალმა უწყის. შეიძლება, ყველაფერი თვით ბიძინა ივანიშვილმაც არ იცოდეს. ზედმეტი მითქმა-მოთქმა, ვთქვათ, ცალკეულ პერსონებზე, მათ შესაძლო ან მოსალოდნელ ამბოხებაზე, როგორც, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობენ, ზედმეტი და გადაჭარბებული მგონია, რამდენადაც ბიძინას ხელისუფლების მთავარი ფიგურები პოლიტიკოსები არ არინ, ცალკეული გამონაკლისების გარდა. მას პოლიტიკოსები არ სჭირდება, არც მრჩევლები. ცოტა ხანს ჰყავდა მრჩევლები. . . სჭირდება ტექნიკური მუშაკები, შემსრულებლები. ზოგჯერ ესენი არიან განათლებული და გამჭრიახი ადამიანები, მაგრამ არა – პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა, ან გნებავთ თუნდაც კუთრი წონა, რომელსაც ისინი ამა თუ იმ მიმართულებით გავლენებისთვის გამოიყენებდნენ, რასაც დიდი ფულის შოვნა და კორუფცია მოჰყვებოდა. ის, რასაც ჩვენ კორუფციად ვნათლავთ, უბრალოდ, კრიმინალური მანიპულაციებია, ან ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა. ცხადია, ამ ყველაფრის მიუხედავად, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინების გარეშე. სხვანაირად სახელმწიფო ვერ იარსებებს. მმართველ გუნდში პროცესს განსაზღვრავს თავად ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ეს პროცესიც არ არის კლასიკური გაგებით. იქ არ ხდება თვალსაზრისების შეჯერება, არ ხდება ქვემოდან ზემოთ იერარქიულად ასვლის დროის შესაბამისი პროცედურების დაცვა. გადამწყვეტია მხოლოდ თავად ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაახლოებული და მისი ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირის მოსაზრება. ამ მხრივ, სადღეისოდ ყველაფერი გარკვეულია, ივანიშვილს ჰყავს განათლებული და გამჭრიახი, ერთგული პრემიერი, ჰყავს მთავარი იდეოლოგი – ზაზა შათირიშვილი, ასევე უაღრესად განათლებული და გონიერი ფილოსოფოსი. გარდა ამისა – უამრავი ერთგული შემსრულებელი და გამხმოვანებელი. ეს არის მთელი მმართველი პარტია. სხვათა შორის, პატივს ვცემ სერიოზულ ფილოსოფოსს, ბატონ ზაზა შათირიშვილს, მომწონს მისი მოსაზრებები და ამის გამოც გაოცებული ვარ მისი ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადებით, კერძოდ, რომლებიც ეხება ქვეყნიდან ზედმეტი ადამიანების, მათ შორის, ახალგაზრდების გასვლას, რომელთაც აქ ვერ იპოვეს საქმე და საკეთებელი, ან არ მოსწონთ დღევანდელი ვითარება ქვეყანაში. ვფიქრობ, მისი ეს და სხვა რამდენიმე მიუღებელი განცხადება სპონტანური და იმპროვიზაციული აზროვნების პროცესის უნებლიე, მაგრამ მძიმე შეცდომებია.

საგარეო საკითხსაც შევეხოთ, როგორ იმოქმედებს დასავლეთის მხრიდან კრიტიკა, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კლიმატზე?

– უარყოფითად. განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოების უკმაყოფილებას გაზრდის, მაგრამ არ მგონია, გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს ხელისუფლების, „მშვიდობიანი დამხობის“ პროცესში. ახლა პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც მიდის გადაწყობა, ვექტორების გადატანა ამერიკიდან და ევროკავშირიდან ჩინეთსა და ზოგადად, სამხრეთზე, რასაკვირველია, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად. სხვათა შორის, აქვე უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ სანქციებისადმი შეერთება და იმავდროულად, მასთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება, ამავე დროს „ფულის გარეცხვის“ და სატრანზიტო კვანძების გამოყენების არდაშვება რუსეთის მიერ სანქციებისათვის გვერდის ავლის პარალელურად მთავრობამ გააკეთა ზომიერად, თანმიმდევრულად და სწორად. აქვე, მე მოვუწოდებდი ხელისუფლებას, რომ დასავლეთთან ურთიერთობის ამ უარღესად რთულ ეტაპზე, უფრო აქტიურად ეცადოს არსებული ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას და რამდენადაც შესაძლებელია, გაზრდას. უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი ჩიხი დასავლეთთან ურთიერთობებში სამუდამოდ არ გაგრძელდება, მერწმუნეთ.

არის თუ არა საგარეო ზეწოლა (ვიზალიბერალიზაციის საკითხი) ეფექტური ბერკეტი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებისთვის?

– ბერკეტი არის, ეფექტური – ნაკლებად. ქართველმა ხალხმა ახალ დროშიც კი იმდენი და იმხელა სირთულე დაძლია, ლამის ჯოჯოხეთი გამოიარა, რომ შემდგომში, ვფიქრობ, მსწრაფლ არ წამოეგება არანაირ პროვოკაციაზე და იფიქრებს მის შედეგებზე, თორემ, რასაკვირველია, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დაზარალდება თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ მე მჯერა ევროპელების, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერების და ვფიქრობ, მაინც იტყვიან უარს ამ გზით ქართველი ხალხის დასჯაზე.

შეიძლება თუ არა ეს სიტუაცია გახდეს გადამწყვეტი მომენტი ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენისთვის, რომლებიც არც მოქმედ ხელისუფლებას ეკუთვნიან და არც ტრადიციულ ოპოზიციას?

– ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია. კიდევ უფრო მეტადაა აუცილებელი პოლიტიკური კლასის განახლება. რა თქმა უნდა, გამოცდილ, პროფესიონალ პოლიტიკოსებს და ასეთები არიან) უნდა გავუფრთხილდეთ და მივესალმოთ მათ ყოფნას არენაზე, მაგრამ ვისაც დაშვებული აქვს პოლიტიკური ან სამართლებრივი სერიოზული გადაცდომები, უნდა დავემშვიდობოთ. ყველა წინა ხელისუფლების (შევარდნაძე, სააკაშვილი და დღევანდელი) ამგვარმა წარმომადგენლებმა პოლიტიკაში ყოფნა აღარ უნდა მოინდომონ. ბოლოს და ბოლოს, არსებობს უამრავი სხვა საინტერესო სფერო საქმიანობისთვის.

დაბოლოს, რა როლი ეკისრება საზოგადოებას ამ პროცესებში გულგრილობა, აქტიური ჩართულობა თუ პოლარიზაციის გაღრმავება?

– თითოეული მოქალაქის აქტიურობა და პროცესებში ჩართულობა აუცილებელია, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, თუ ხალხი არ დაბრუნდა პოლიტიკაში. ხალხი 90-იანი წლების დასაწყისიდან, როცა ჩაითვალა, რომ მან დაუშვა შეცდომა „მრგვალი მაგიდის“ და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოყვანით, გაძევებულ იქნა პოლიტიკიდან და დღემდე მხოლოდ მავანთა გადაწყვეტილებებზე კვერის დამკვრელის როლი აკისრია. ეს უნდა დამთავრდეს და იმედი მაქვს, დამთავრდება. . . მაგრამ ამასაც შეიძლება ახლდეს უკუშედეგი – არ გამოვრიცხავ არენაზე პოპულიზმის დაბრუნების პირობებში, ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას და ყველა მიმართულების ულტრარადიკალების ხელისუფლებაში მოსვლას, რაც საქართველოსნაირი ქვეყნისთვის უაღრესად სახიფათო იქნება.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *