იაპონიიდან საქართველოში ვიზიტიორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
დაცული ტერიტორიების სააგენტომ იაპონიაში, საერთაშორისო გამოფენა Tourism Expo Japan 2025-ში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.
„საერთაშორისო გამოფენა Tourism Expo Japan-ი ტურიზმის სფეროში იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენაა და მსოფლიოს ათეულობით ქვეყანასა და ასობით ტურისტულ კომპანიას აერთიანებს. გამოფენის მიზანია, ხელი შეუწყოს გლობალური ტურიზმის განვითარებას, ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და კულტურათაშორის ურთიერთობების გაღრმავებას. ყოველწლიურად გამოფენას 120 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. იაპონიიდან საქართველოში ვიზიტიორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს უნიკალური ბუნება და კულტურა იაპონელ ტურისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაწილეობა იაპონიის ტურისტულ გამოფენაში ხელს შეუწყობს ეროვნული პარკების ცნობადობის მეტად გაზრდას და საქართველოს ბუნების პოტენციალით დაინტერესებული ვიზიტიორების მოზიდვას“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.