იაპონური ხელოვნება – აჭარის ხელოვნების მუზეუმში
By

იაპონური ხელოვნება – აჭარის ხელოვნების მუზეუმში

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდ „ლირას“, იაპონიის საელჩოს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და აჭარის მუზეუმის მხარდაჭერით, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, ცნობილი იაპონელი მხატვრის იჩირო კიკუტას იაპონური მელნის ფერწერის ნამუშევრების გამოფენა „სუმი-ე-ს სული“ საზეიმოდ გაიხსნა. ოკინაველი მხატვრის შემოქმედება, ძირითადად, იაპონური მელნისა და წყლის საღებავით შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავს, რომლის მთავარი თემა იანბარუს (იაპონია) ფლორა და ფაუნაა.

იაპონელი მხატვრის ხელოვნებას განსაკუთრებულს ხდის ის, რომ ნახატები მზადდება მხოლოდ მელნით და მუქ-ნაზი ტონალობით. ის იყენებს მხოლოდ შავ-თეთრ, ჩრდილოვან, მინიმალისტურ მიდგომას, რითაც თავის შთაბეჭდილებას და განწყობას გადმოსცემს. მიაჩნია, რომ მელანი არ არის მხოლოდ გამოსახულება, ის უსაზღვრო სივრცის, ბუნების, „ცხოვრების ციკლის“ სიმბოლოა.

მხატვრის თითოეულ ტილოზე საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ. მისი თქმით, იჩირო კიკუტა თანამედროვე არტისტია, რომლის ნახატები შთაგონებულია ბუნებით.

– მოხარული ვარ, რომ დღეს კიკუტა იჩიროს გამოფენის გახსნაში ვმონაწილეობ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აჭარის კულტურის მინისტრს, ასევე, აჭარის ხელოვნების მუზეუმს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკინაველი მხატვრის გამოფენა ტარდება აქ, რის გამოც ეს დღე ნამდვილად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ატარებს. მსურს აღვნიშნო, თუ რატომ ჩამოვიტანეთ ეს გამოფენა ბათუმში. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ იაპონიას, კერძოდ, ოკინავას და ბათუმს, საერთო, სუბტროპიკული კლიმატი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ ოკინავას ქარი ძალიან ჰგავს ბათუმისა და შავი ზღვის ნიავს. ვიმედოვნებ, რომ ბევრი ბათუმელი ეწვევა ამ გამოფენას და ისიამოვნებს. ეს იაპონიისა და საქართველოს მეგობრობის ნიავია. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის მეგობრულად ექცევა იაპონელებს და იაპონიაც ანალოგიური განწყობით არის საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, კულტურას, ხელოვნებას აქვს უდიდესი ძალა ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებისთვის, – განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ.

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, მის მნიშვნელობასა და მრავალფეროვნებაზე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე გვესაუბრა.

– ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს დიდი დიაპაზონი აქვს, შესაბამისად, შეგვიძლია მოვაწყოთ გამოფენებიც. წელს მსმენელს და მაყურებელს, ფესტივალის ერთგულ საზოგადოებას, შევთავაზეთ იჩირო კიკუტას არაჩვეულებრივი გამოფენა, ძალიან საინტერესო, აბსოლუტურად განსხვავებული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. იგი გადმოსცემს მხატვრის ემოციებსა და სამყაროს მისეულ აღქმას. ბატონმა ელჩმა ძალიან კარგად ახსნა, თუ როგორი ეგზისტენციალური შინაარსის ნახატებია, რა ემოციაა ჩადებული მათში. მივესალმები იმას, რომ შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არა მარტო მუსიკალური იყოს, არამედ სხვადასხვა მიმართულებას, ჟანრს მოიცავდეს, რაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ქართული ხელოვნებისა და კულტურის უნიკალურობას, – განაცხადა აჭარის კულტურის მინისტრმა.

გამოფენის საზეიმო გახსნას კულტურის მინისტრთან და საქართველოში იაპონიის ელჩთან ერთად, მსოფლიოში ცნობილი იაპონელი პიანისტი, მაესტრო ტოშიკი უსუი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა თეონა ზოიძემ მადლობა გადაუხადა აჭარის კულტურის მინისტრს, რომლის ინიციატივითაც ტარდება როგორც აღნიშნული გამოფენა, ასევე, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართული ხელოვნების და კულტურის, ქართველი შემოქმედების ნამუშევრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

– ქალბატონი ელისოს მხარდაჭერით არაერთი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა 2025 წელს – აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აჭარის კულტურის მინისტრის ინიციატივით, წელს პირველად, 7 ქართველი მხატვარის ნამუშევარი გამოიფინა პარიზში, ლუვრში და დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ქმნის და მათ – ვინც აფასებს. ჩვენ, ყველა ერთად, ვემსახურებით ქართულ ხელოვნებას და კულტურას, რომელიც თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს საერთაშორისო ასპარეზზე, – აღნიშნა თეონა ზოიძემ.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • დეკემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *