ილჰამ ალიევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში – შეხვედრები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმყოფება. ოფიციალური დახვედრის ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, სადაც მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან. ილჰამ ალიევს პრეზიდენტის სასახლეში უკვე უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი. ასევე, მან პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას.
ვიზიტს უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ქვეყანას რთულ პერიოდებშიც არაერთხელ გვერდში დასდგომია. მისი თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია რეგიონული ენერგეტიკული პროექტები და მილსადენები, რომლებიც აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, ევროპას უკავშირდება.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, სადაც ქვეყნები მშვიდობის განმტკიცებას ცდილობენ, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.