ინკლუზიურ განათლებაზე საჯარო დიალოგი იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო ახალი პროექტი – „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“, რომლის მიზანია ინკლუზიური სერვისების განვითარება და გაუმჯობესება. პროექტის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა და ის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
მინისტრის განცხადებით, ინკლუზიური განათლების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის შექმნა და უწყებათაშორისი საბჭოს ჩამოყალიბება.
მისივე თქმით, პროექტი საჯარო დიალოგის ფორმატში წარიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და სფეროს სპეციალისტები, რომელთა მოსაზრებები და რეკომენდაციები სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება გადაწყვეტილებების მისაღებად.
პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც მასწავლებლები, მშობლები და დარგის სპეციალისტები ინკლუზიური განათლების განვითარებაზე იმსჯელებენ.
გალერეა
