იოსებ ბარდანაშვილის თვალით დანახული უსასრულო სამყარო
გაზეთ „აჭარის“ სტუმარი ისრაელში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი იოსებ ბარდანაშვილია, ადამიანი, რომლის შემოქმედება დროსა და სივრცეს სცდება და ხელოვნების ამოუცნობ ლაბირინთებში გვამოგზაურებს.
– ბატონო იოსებ, როდის დაიწყო მუსიკა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გახდა ის თქვენი ემოციების გამოხატვის მთავარი ენა და ფორმა?
– მუსიკა ყოველთვის ჟღერდა ჩვენ გარშემო – სახლში, რადიოდან, ახალ ამბებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში გადმოიცემოდა ხალხური სიმღერები და კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. ეს ფონად გასდევდა ჩვენს ყოველდღიურობას და არც კი ვაქცევდით ყურადღებას. ძირითადად, ჩემი ბავშვობა ბათუმის მაშინდელი რევოლუციური მუზეუმის შენობაში (დღეს იქ სახვითი ხელოვნების მუზეუმია) გავატარე. დედა მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობდა და იძულებული იყო, სკოლის ასაკამდე შვილები გვერდით ჰყოლოდა. მამა მხატვარი გახლდათ. შესაბამისად, მეც, ჩემი უფროსი ძმის მიბაძვით (დღეს ის ცნობილი არქიტექტორია), ხატვისკენ უფრო მივისწრაფოდი. უნდა ვაღიარო – დღესაც თუ მაქვს დრო, სიამოვნებით ვხატავ. მუსიკამ კი ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მოგვიანებით დაიკავა თავისი ადგილი, დაახლოებით 13 წლიდან, როდესაც ადრინდელი მეორე საშუალო სკოლაში (დღეს ის ბათუმის პირველი სკოლაა) სასკოლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, გამოცხადდა მოსწავლეების ჩაწერა სკოლის გუნდსა და ორკესტრში. ჩემდა გასაკვირად, ჩაწერილთა სიაში ერთ-ერთი პირველი გახლდით. შემომთავაზეს საყვირზე დაკვრა, მეც დავთანხმდი. ხელმძღვანელად ორი საოცრად კარგი პედაგოგი გვყავდა, გუნდის დირიჟორი სოსო მიქელთაძე (მისი გაზრდილია ქართული საგუნდო მუსიკის გამორჩეულად დიდი კომპოზიტორი იოსებ კეჭაყმაძე), და ორკესტრის ხელმძღვანელი ვალერიან თოფურიძე. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მუსიკამ, ძალიან მალე ჩაანაცვლა მხატვრობა და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. საკმაოდ მცირე დროში, საყვირზე უკვე თავისუფლად ვუკრავდი ნაწყვეტებს კინომუსიკიდან, ცოტა ჯაზს, რაც ჩემს თავმოყვარეობასა და სხვებისაგან „გამორჩეულის“ ამბიციებს საკმაოდ აკმაყოფილებდა. იმავე პერიოდში, ჩემდა უნებურად, დავიწყე მუსიკის წერა. შესაბამისად, ვისწავლე სამუსიკო სკოლაში და შემდეგ შევედი ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში, საიდანაც, უკვე მე-3 კურსიდან, სწავლა გავაგრძელე თბილისის მე-3 სასწავლებელში. სწავლა დავასრულე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, იქვე გავიარე ასისტენტურა-სტაჟირების სრული კურსი და უკვე 1973 წლიდან დავუბრუნდი ბათუმს, სადაც 32 წელი ვასწავლიდი.
– როგორ იბადება კომპოზიცია, რა ემოცია დევს მის საწყის წერტილში?
– როგორც წესი, მოულოდნელად იბადება გარკვეული მუსიკალური მოტივი ან ფრაზა. ჩქარობ, დაიმახსოვრო, ან ქაღალდზე გადაიტანო. ზოგჯერ, შესაძლოა, წიგნში წაკითხულმა ფრაზამ დაგაფიქროს და შედეგად რაღაც მუსიკალურ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოს. ჩემთვის შთაგონების უდიდესი წყარო ყოველთვის იყო ზღვა, თავისი უსასრულო ჰორიზონტითა და სიღრმით. ხშირად მივლია ზღვის სანაპიროზე დარსა თუ ავდარში. ასევე, მნიშვნელოვანი იმპულსია შემსრულებელი, მუსიკალური კოლექტივისაგან მიღებული დაკვეთა… ობიექტურად კი, ჩვენ არ ვგავართ მხატვრულ კინოში გამოყვანილ კლასიკოს კომპოზიტორებს, რომლებიც, თამაშის პარალელურად, დიდ სიმფონიურ ტილოებს ქმნიან. ჩვენ მძიმედ ვმუშაობთ, თუმცა, თავისთავად, მუშაობის პროცესი ძალიან ინტიმურია და არამარტივი.
– კინოში მუსიკა ხშირად უხილავი გმირია. თქვენ როგორ უახლოვდებით ფილმს?
– ბევრი რამ დამოკიდებულია რეჟისორზე, მის ხედვაზე. ჩვენ ხომ მას ვემსახურებით ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მოგვაქვს ჩვენი იდეა და საინტერესო გადაწყვეტილება. ზოგჯერ პირიქითაც კი ხდება, რეჟისორი გიბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომ ვერც კი წარმოიდგენდი. სწორედ ეს არის ის საიდუმლო, რომელიც ასე ახასიათებს კინოსა თუ თეატრალურ სამყაროში მუშაობას. საერთოდ, ეს არის საოცარი შანსი, გაიცნო ხელოვანები, გახდე მათი მესაიდუმლე და მათთან ერთად გაინაწილო წარმატების სიხარული. კინოს ხომ საბოლოოდ დიდი და ერთგული კოლექტივი ქმნის.

– რომელი კინოპროექტი იყო ემოციურად თქვენთვის ყველაზე რთული ან პირიქით, ყველაზე თავისუფალი, მსუბუქი?
– დაახლოებით 70-დე კინო და თეატრალური მუსიკის ავტორი ვარ. იყო ფილმები, რომელთაც დიდი დრო დავუთმე და მათი გამარჯვება ობიექტურ დასასრულად მესახებოდა, თუმცა, საბოლოოდ, საერთო შედეგი ცუდი გამოსულა. ყოფილა პირიქითაც. რამდენიმე მუსიკალური ფილმის ავტორი („უკვდავების თეთრი ვარდი“, „მეტიჩარა“ და სხვ.) ვარ, თუმცა ხალხმა შეიყვარა „სიყვარული ყველას უნდა“. რატომ? რამ განაპირობა ხალხის არჩევანი, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ბევრი ვიმუშავე და გარკვეულ შედეგსაც მივაღწიე. როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენ მხოლოდ შემოქმედებითი ჯგუფის პატარა ნაწილი ვართ, შესაძლოა, ზოგჯერ მეტად მიშვნელოვანიც კი. ძალიან მახარებს, რომ დავბრუნდი ქართულ კინოში. უსაზღვროდ ვემადლიერები რეჟისორ გიორგი ოვაშვილის, ყველა მისი ფილმის („გაღმა ნაპირი“, „სიმინდის კუნძული“, „ხიბულა“ და ა.შ.) მუსიკის ავტორი გახლავართ.
– მელოდია, რომელიც სულ გაგონებთ ბათუმს?
– ტრადიციულად ზაფხულობით, ზღვის სანაპიროზე, დინამიკებიდან ისმოდა იმ დროისათვის პოპულარული საესტრადო სიმღერები. დღემდე მახსოვს მექსიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის კონსუელო ველასკესის ცნობილი სიმღერა „ბესამე მუჩო“ (მაკოცე ბევრი). ამ სიმღერაში არის ყველაფერი, რაც ჩემს ახალგაზრდულ წლებს საოცარ ფერში წარმოაჩენს. ზღვა, ბათუმური ყავა, გემები, უცხოელი მეზღვაურები, თანაკლასელები, თანაკურსელები, უცხოელი მეგობრები, ჩუმი ფლირტი, უსასრულო გაცილებები, საღამოს გაუთავებელი ცეკვები…
– არის რომელიმე ადგილი ბათუმში, რომელიც თქვენს ბავშვობასთან მჭიდრო კავშირშია?
– ისევ და ისევ პროვინციული ზღვისპირა კოხტა ქალაქის ძველი უბანი, ებრაელთა სალოცავი კამოს ქუჩაზე, ბათუმის ბულვარი, საზაფხულო თეატრი, ყოფილ სტალინის ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზია (მგონი დღეს იქ ბანკის შენობაა) და ბათუმის თეატრის შენობა (მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს).
– ხშირად, სამშობლოსგან შორს ყოფნით იღლებიან ადამიანები. თქვენ რა გეხმარებათ შინაგანად – მუსიკა, მოგონებები, თუ . . .
– ამ მხრივ, ჩემდა გასაკვირად, კარგი თვისება აღმომაჩნდა – ის, რაც წარსულთან არის დაკავშირებული, სადღაც შორს გადავდო და ვიცხოვრო დღევანდელი დღით, რომელიც, ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან დატვირთული და შემოქმედებითად საინტერესოა.
– რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი გზავნილი?
– პატარა ქართველი ებრაელი ბიჭის თვალით დანახული უსასრულო სამყარო.
– თუ თქვენს ცხოვრებაზე გადაიღებდნენ ფილმს, როგორი იქნებოდა მისი მუსიკალური თემა?
– მაქვს ერთი სიმღერა, რომელიც ბათუმს მივუძღვენი. მისი მუსიკალური ჩანამღერი ზურაბ ინაშვილის შესანიშნავ სატელევიზიო ფილმში „მაისის თოვლი“ ჟღერდა, რომელიც ბათუმშია გადაღებული.
– უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით 20 წლის იოსებ ბარდანაშვილს?
– არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება…
– ისრაელიდან რას ეტყვით საქართველოს, ბათუმს, ქართველ ხალხს?
– ვეტყვი, რომ უსაზღვროდ მადლიერი ვარ მათი! თუკი ჩემში რაიმე კარგია, ეს ისევ იმ საოცარი ადამიანების დამსახურებაა, რომლებთანაც მქონდა ახლო მეგობრული თუ შემოქმედებითი ურთიერთობა. დღეს ბევრი (გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა) უკვე ჩვენი „პატარა“ კოხტა ქალაქის, დიდი ქართული კულტურის და ქართული ისტორიის უმნიშვნელოვანესი სახეა. ღმერთმა ისეთ დროს მარგუნა შემოქმედებით ასპარეზზე გამოსვლა, როდესაც ქართული კულტურის ახალი რენესანსი იყო. ის, რაც უანგაროდ გამიკეთებია ჩემი ქალაქისთვის და რის კეთებასაც კიდევ ვაგრძელებ, შესაძლოა ხვალ, თქვენი მდიდარი ხელოვნების ისტორიის მოზაიკის პატარა, განუყოფელ ნაწილად იქცეს და თუ ეს ასე იქნება, ეს უსაზღვროდ გამაბედნიერებს.
ნანა აბულაძე