ირაკლი კირცხალია: დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ებრძვის „დიფ სთეითს“ და მის სტრუქტურებს
By

ირაკლი კირცხალია: დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ებრძვის „დიფ სთეითს“ და მის სტრუქტურებს

– წინა ადმინისტრაციის და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო აშშ-თან მიმართებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველო ელის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული შეფერხება მალე დასრულდება.

„აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავს არადიპლომატიურ ქმედებებთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან გვქონდა საქმე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის და მათ მიერ დანიშნული ელჩის პირობებშიც. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ მათ საქართველოში აკრედიტებული ელჩის პენსიაში გაშვება მოუწიათ.

წინა ადმინისტრაციის და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო. დღეს დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ებრძვის „დიფ სთეითს“ და მის სტრუქტურებს. შესაბამისად, ველით, რომ ის გარკვეული პაუზა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში შეიმჩნევა და რომელიც უკვე დიდხანს გაგრძელდა, მალე დასრულდება და ამერიკა საქართველოსთან მიმართებით სწორ პოზიციას დააფიქსირებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს.

რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა კონკრეტულ გეგმას ეფუძნება. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ „დიფ სთეითის“ გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები, კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში“, – განაცხადა კირცხალიამ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *