
ირაკლი კობახიძე: არ მინდა შევიდე პოლემიკაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რადგან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია
„საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ათი თავით მაღლა დგას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით:
„არ მინდა შევიდე პოლემიკაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რადგან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია, შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, არ ვთვლი საჭიროდ ამაზე რეაგირებას. რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ ათი თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით“.