ირაკლი კობახიძე: ევროპაში მართლმსაჯულების კრიზისის ფონზე, საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობა შეინარჩუნა
By

ირაკლი კობახიძე: ევროპაში მართლმსაჯულების კრიზისის ფონზე, საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობა შეინარჩუნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემაში სერიოზული პრობლემებია შექმნილი, მაშინ, როცა საქართველოში მიმდინარეობდა კოორდინირებული და ხელოვნური კამპანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული კამპანიის მიზანი უცხოური ჩარევისთვის ფონის შექმნა იყო, თუმცა ხელისუფლება პროცესს წარმატებით დაუპირისპირდა და არავის მისცა შესაძლებლობა, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დაერღვია.
„იყო კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანი იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევა. ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით ამ პროცესს და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვითარდება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი შეფასებით, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები სისტემურ ხასიათს ატარებს. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა რუმინეთის შემთხვევა, სადაც, მისი თქმით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაუქმდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებიც, რომლის მიხედვითაც, ევროპას სჭირდება რეფორმირება. კობახიძის თქმით, ის პროცესები და უარყოფითი ტენდენციები, რომლებზეც ქართული ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა, დღეს უკვე ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდანაც ხმამაღლა ფიქსირდება.
„მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც ვლაპარაკობდით, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს ევროპაშია შექმნილი“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის რეფორმირების ძალას, რომელიც, მისი შეფასებით, სასიცოცხლოდ აუცილებელია.
„რამდენად შეძლებს ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია ამ რეფორმების გატარებას, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • No Comments
  • იანვარი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *