ირაკლი კობახიძე ერმეკ კოშერბაევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს, რაც სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორია. საუბარი შეეხო ასევე, ყაზახური ინვესტიციების ზრდას საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, მათ შორის, ლოგისტიკაში, ენერგეტიკაში, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში.
მხარეებმა იმსჯელეს შუა დერეფნის პოტენციალზეც და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის განვითარების და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც პარტნიორობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„შევხვდი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტ ერმეკ კოშერბაევს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.