
ირაკლი კობახიძე: ეს იქნება აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად ჯანსაღი.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება თუ უნდა ვინმეს რაღაც დელეგიტიმაციის ფონის შესაქმნელად, ეს აბსოლუტურად უსუსური მცდელობაა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია რა არის – იზრუნო ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე, წყალმომარაგებაზე და ა.შ. არის კონკრეტული ფუნქციები, რომელთა განხორციელებითაც არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობა. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება თუ უნდა ვინმეს რაღაც დელეგიტიმაციის ფონის შესაქმნელად, ეს აბსოლუტურად უსუსური მცდელობაა, რადგან ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასეც და ისეც, ეს იქნება აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მასში კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ორ პარტიას, ეს არის „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“, რომელთა წარმომადგენლებიც არიან დღეს საპატიმროში, ისინი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ამიტომ მხოლოდ ორი პოლიტიკოსია, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა და აქვს მიზანი, რომ მათმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის ხაზარაძე და ჯაფარიძე. როცა კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები განაზოგადებენ ამ ჩამონათვალსაც, ეს მარტივი მანიპულაციაა, მხოლოდ ორ პოლიტიკოსზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის ხაზარაძე-ჯაფარიძე. მათაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, არ აღიარეს არც პარლამენტი, არც საგამოძიებო კომისია, დღესაც არიან იგივე რეჟიმში, არც პრეზიდენტს აღიარებენ. ახლა ეგ როგორ გინდა, თან პირდაპირ, უხეშად კანონმდებლობა დაარღვიო, დანაშაული ჩაიდინო და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო, ეს აბსოლუტურად არასწორი მოლოდინია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.