ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელ მოჰამედ ალაბარს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელს მოჰამედ ალაბარს შეხვდა. კომპანია საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის – 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის საინვესტიციო პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განიხილეს პროექტის კონკრეტული ასპექტები და მისი ეკონომიკური მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს. მათივე ინფორმაციით, „იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში კრწანისსა და გონიოში შეიქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ქვეყნის სტუმრებს თანამედროვე და კომფორტულ გარემოს შესთავაზებს. პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო დასრულების შემდეგ 8 ათასზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის მიხედვით, პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ადგილობრივი ბიზნესსექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი 11 მილიარდ ლარს შეადგენს.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა. მისი თქმით, სამშენებლო ეტაპზე 30 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 3.5-დან 4 მილიარდ დოლარამდე საგადასახადო შემოსავლების მობილიზება.
ალაბარის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის ურბანული განვითარების პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დაახლოებით 5 პროცენტით ზრდის. მისი თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელებულ მსგავს პროექტებს მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე საშუალოდ ოთხმაგი ეფექტი ჰქონდა, რაც ამ ინიციატივის შემთხვევაში, დაახლოებით 24 მილიარდ დოლარს ნიშნავს.
„ყველაფერი, რასაც ამ პროექტის ფარგლებში გავაკეთებთ – მასალების შეძენა, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორებისა და კონტრაქტორების ჩართვა – ადგილობრივად განხორციელდება. ეს არის პროექტი, რომელსაც ცალკე აღებულს შეუძლია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტით გაზარდოს“, – აღნიშნა ალაბარმა.
მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ტურიზმის სექტორზეც და მინიმუმ ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვას შეძლებს. ალაბარმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ინიციატივები ახალ ბიზნესებს ქმნის, ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასპინძელ ქვეყანაში სიცოცხლით სავსე ურბანულ სივრცეებს აყალიბებს.
„ძალიან მიხარია საქართველოსგან ასეთი გულთბილი მიღება და ვეცდებით, ეს ინიციატივა ჩვენს საუკეთესო პროექტად ვაქციოთ“, – განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.