ირაკლი კობახიძე: ლარის მიმართ ნდობა იზრდება, ძლიერი ფინანსური სექტორი ეკონომიკურ სტაბილურობას ამყარებს
„საქართველოში გატარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ ეროვნული ვალუტის – ლარის პოზიციები გაამყარა, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე დადებითად აისახება“. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის – BACEE – 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს საქართველოში განთავსებული ანაბრების უმეტესობა ეროვნულ ვალუტაშია, მაშინ როდესაც, 2025 წელს მსგავსი ტენდენცია არ ფიქსირდებოდა.
„ამ მიღწევას მჭიდროდ უჭერს მხარს ძლიერი ფინანსური სექტორი, რომელიც ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს და უზრუნველყოფს სტაბილურობას და ფინანსებზე წვდომას. დღეს სექტორი 19 ბანკისგან შედგება, მათ შორისაა 3 ციფრული და 2 მიკრო ბანკი. ისინი კაპიტალისა და ლიკვიდურობის მყარ პოზიციებს ინარჩუნებენ; აქტივების ხარისხიც მაღალი რჩება, რაც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.
ეს წინსვლა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზეც აისახება, სადაც წამყვანი ქართული ბანკების აქციებია განთავსებული. ამჟამად ერთ-ერთი წამყვანი ქართული ბანკი შეუერთდა ფასიანი ქაღალდების FTSE ინდექსის პირველ ასეულს, რომელშიც London Stock Exchange-ზე რეგისტრირებული 100 უმსხვილესი კომპანია შედის. ამავდროულად, საშუალო ზომის ბანკებიც გამართულად მუშაობენ და ფინანსური მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობენ მომხმარებლებს.
ქართული ბანკები სტაბილურად ფართოვდებიან რეგიონში და თავიანთ გეოგრაფიულ არეალს აფართოებენ. ეს აძლიერებს რეგიონული დაკავშირებადობის უნარს და სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტად ღრმა ფინანსური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.