ირაკლი კობახიძე: მთავრობა მუშაობს სუფთად,   კორუფციის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება
By

ირაკლი კობახიძე: მთავრობა მუშაობს სუფთად,   კორუფციის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები რიგ სფეროებში კორუფციის შესაძლებლობას თეორიულადაც კი გამორიცხავს. დებატების დროს მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მთელი შემადგენლობა და ადმინისტრაცია მუშაობს „აბსოლუტურად სუფთად“ და აღნიშნულთან დაკავშირებით არცერთი ფაქტობრივი შენიშვნა არ არსებობს.

„ჩვენ ჩამოვთვალეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა საქართველოს მთავრობის მხრიდან და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად სუფთად. ყველა მინისტრი, მთავრობის მთელი შემადგენლობა, მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს აბსოლუტურად სუფთად. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, წინა დებატებმა, მათ შორის ე.წ. არაბიზაციის საკითხზე, ასევე ვერ დაადასტურა მსგავსი პრობლემების არსებობა ქვეყანაში. მისივე შეფასებით, ოპონენტებთან დისკუსიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დამკვიდრებული საქმიანობის პრინციპებისა და პრაქტიკის ფარგლებში, კორუფციის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

– ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, საბოლოოდ დადასტურდა, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, დღევანდელმა ჩვენმა დებატებმაც დაადასტურა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით მთავრობის მოქმედი შემადგენლობის მიმართ შენიშვნები არ არსებობს. არ არსებობს არცერთი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა და შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ოპონენტებს. ჩვენი მიზანი ეს იყო, იქნებ ჩვენ სადმე გაგვეპარა კორუფციული ფაქტი მთავრობის საქმიანობაში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რისიც გვჯეროდა, რომ არცერთი კორუფციული ფაქტი არ არსებობს. ამ ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ კონკრეტული საქმიანობის პრინციპები, კონკრეტული პრაქტიკა მთელი რიგი მიმართულებებით, არ არსებობს კორუფციის არცერთი ფაქტი. რა თქმა უნდა, ასე ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც. ერთი ფაქტი წარმოადგინონ ნებისმიერ დროს და იქვე გვექნება რეაგირება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევას იმისა, რომ რამე კორუფციული მოხდეს და ამაზე თვალი დახუჭოს ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დაპირება საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • მარტი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *