ირაკლი კობახიძე: რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს საქართველოში
„ერთი წლის განმავლობაში პირველად, რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ფაქტია, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს საქართველოში, „რადგან არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე“.
„არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, პროტესტი არ არსებობს და რეალურად, აქციები „უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქციაა“.
„ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა გზას. ანუ ყველას დაკავებაც არ ხდება, მხოლოდ 20-25 ადამიანს აკავებს პოლიცია, ეს სქემა ეფექტურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს. როდესაც რუსთაველის გამზირზე ვერ გამოგყავს, სრული მობილიზაციის პირობებში, 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ პროტესტი კი არა, უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქციაა“, – განაცხადა კობახიძემ.