ირაკლი კობახიძე რომში საქართველოს კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.
შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ნაწარმოებები. პატრიარქის „ავე მარია“ გუნდთან ერთად იანო ალიბეგაშვილმა შეასრულა. კონცერტში ასევე, მონაწილეობდნენ კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე და ლოტბარი გიორგი დონაძე.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა.
ვატიკანის საიუბილეო თარიღი რომში 25 წელიწადში ერთხელ, 1300 წლიდან აღინიშნება.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს იმ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ქვეყანას ვატიკანთან აკავშირებს.
„ჩვენთვის ძვირფასია ის ურთიერთობები, რომლებიც საქართველოსა და ვატიკანს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რაც აქტუალურია საქართველოსთვის გლობალური და რეგიონული პროცესების გათვალისწინებით. ვატიკანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშვიდობისთვის, განსაკუთრებით, რეგიონის გარშემო მიმდინარე პროცესების ფონზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდება.